აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად ყალბ საბაბს გამოიყენებს.
"ეს შესაძლოა, მოიცავდეს ბრალდებებს დონბასში უკრაინელი სამხედროების ქმედებებთან დაკავშირებით, ცრუ ბრალდებებს აშშ-სა და ნატოს ქმედებებთან დაკავშირებით. ჩვენ შეშფოთებული ვართ, ვლადიმერ პუტინისა და სხვა მაღალჩინოსნების მიერ: "დონბასში გენოციდის" მოხსენიებით”,- განაცხადა პრაისმა.
მისი თქმით, აღნიშნულ ბრალდებებს საფუძველი არ გააჩნია, თუმცა ამ ფაქტს არ შეუჩერებია რუსეთი, გაეგრძელებინათ ცრუ ბრალდებები "უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მოკლული სამოქალაქო პირების მასობრივ სამარხებთან დაკავშირებით“, გაეკეთებინათ განცხადებები, რომ აშშ და უკრაინა მუშაობენ ბიოლოგიური იარაღის განვითარებაზე, რომელსაც მოგვიანებით რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გამოიყენებენ.
"ეს არის ყალბი ამბები, რასაც რუსეთი ავითარებს იმისთვის, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების განხორციელების საბაბად გამოიყენოს. დეკემბერში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ნატო და შეერთებული შტატები დაადანაშაულა, რომ იგეგმება პროვოკაციები “დაუდგენელი ქიმიური კომპონენტების“ შემცველი რეზერვუარების დონბასში შეტანის გზით, რომელსაც შემდგომ უკრაინა გამოიყენებდა. ეს რუსეთის კარგად ცნობილი სცენარია, მათ შორის უკრაინასა და საქართველოში განხორციელებული შეჭრებიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში განხორციელებულ დეზინფორმაციის კამპანიებიდან”, - განაცხადა პრაისმა.