ავტორი:

"არ არის გამორიცხული, უკრაინის "ნეიტრალიტეტზეც" მიდიოდეს ლაპარაკი, რაც ძალიან არ გვაწყობს" - რას ჰყვება უკრაინელი სამოქალაქო აქტივისტი

"არ არის გამორიცხული, უკრაინის "ნეიტრალიტეტზეც" მიდიოდეს ლაპარაკი, რაც ძალიან არ გვაწყობს" - რას ჰყვება უკრაინელი სამოქალაქო აქტივისტი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბრის დროს კვლავ განაცხადეს, რომ უკრაინაში არსებული ვითარება "ძალიან სერიოზულია”, რადგან იქ რუსეთის სამხედრო აგრესიის რისკი ჯერ კიდევ არსებობს, - "დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერის პრესსპიკერმა, შტეფან ჰებესტრეიტმა განაცხადა. ლიდერების შეფასებით, რუსეთს უკრაინის საზღვრიდან შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი არ გაუყვანია. "რუსეთმა რეალური ნაბიჯი უნდა გადადგას დეესკალაციისკენ,“- განაცხადეს აშშ-სა დას გერმანიის ლიდერებმა.

უკრაინელი სამოქალაქო აქტივისტი ეველინ ბრაგინეციც მიიჩნევს, რომ არსებული ვითარება, ჯერჯერობით იმის ვარაუდის საფუძველს არ იძლევა, რომ პუტინმა უკან დაიხია.

- არცერთი ნაბიჯით უკან არ დაუხევია რუსეთს. რაც შეეხება იმას, რომ გარკვეული ნაწილები ჩვენი ქვეყნის საზღვრიდან მხოლოდ 30კმ. - ით გადასწია, არავინ იცის, სინამდვილეში საომარი ტაქტიკაა თუ მის მიერ წამოწყებული სახიფათო თამაში და ნერვების ომის გაგრძელება.

საფრთხე არ შემცირებულა, პირიქით, ალბათ გაგრძელდება აგრესიული მოლაპარაკებები. ალბათ იქამდე, ვიდრე ბელარუსში სამხედრო წვრთნები არ დასრულდება. ასე რომ, შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო გამწვავდა დაძაბულობა. სამხედრო მოქმედებების დაწყება ისედაც არ იყო მოსალოდნელი 21 თებერვალზე ადრე. ძალიან ბევრ სამხედრო პირთან მაქვს ურთიერთობა, მათთანაც, რომლებიც სანგრებში ზის და გადაწყვეტილებას ელოდებიან...

20 თებერვალს პეკინის ზამთრის ოლიმპიადა სრულდება. რუსეთის მხრიდან უკრაინაზე იერიშის მიტანა, ოლიმპიადის მიმდინარეობისას, ჩინეთს ძალიან გააბრაზებდა, რაც ახლა სულაც არ აწყობთ. ოლიმპიადის დასრულებამდე, რუსული შეიარაღებული ძალები წვრთნებსაც ასრულებენ...

ასე რომ, ვითარება კი არ დამშვიდდა, პირიქით, რუსეთმა ომისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა. არ არის გამორიცხული მორიგი პროვოკაცია დადგას, მერე უკრაინელებს დააბრალოს და ამ საბაბით შემოიჭრას.

ახლა შემდგომი ნაბიჯები ჩვენს პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული - შეძლებენ თუ არა ისინი პუტინის მიერ მომზადებულ დანის წვერზე სიარულს. თუ ისინი რუსულ პროვოკაციაზე წამოეგებიან, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ფედერალიზაციას მოითხოვს, ეს კი, პირდაპირ ნიშნავს უკრაინის ნელ სიკვდილს. უახლოეს ათ წელიწადში, უკრაინა, როგორც სახელმწიფო აღარ იარსებებს.

- რა გამოსავალს ხედავთ?

- თუკი ომი გარდაუვალი იქნება, სახელმწიფოს გადასარჩენად, ისევ ომი სჯობს. ორი უარესიდან, ვგულისხმობ, ჩვენთან თუ რუსეთი თავისას გაიტანს, ეს საფრთხე იქნება ყველასთვის. რუსეთის დამარცხება - გამარჯვების შედეგები, მხოლოდ უკრაინაზე კი არა, სხვებზეც - საქართველოზე, ევროპაზე, ცივილიზებული მსოფლიოს მომავალზეც აისახება.

არსებობს ვერსია, რომ პუტინი-ზელენსკის მოლაპარაკებები თურქეთის პრეზიდენტის შუამავლობით გაიმართება და მეორე - ბოლო დღეებში მოსკოვში ძალიან ბევრი ევროპელი ლიდერი ჩადის, არ არის გამორიცხული, უკრაინის "ნეიტრალიტეტზეც" მიდიოდეს ლაპარაკი. რაც ძალიან არ გვაწყობს... ერთი სიტყვით, ახლა რომც ჩაწყნარდეს ვითარება, ეს არ ნიშნავს, მშვიდად ყოფნის საფუძველი გვექნება, შესაძლოა, პროცესებმა მომავალ ზამთარს ხელახლა იფეთქოს. ამ ყველაფრის კავლდაკვალ რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ამას შემდეგაც გაგრძელებს, რაც ძალიან აზიანებს უკრაინის ეკონომიკას. ამიტომ ვამბობ, რომ ახლა რუსეთის სიმშვიდე, აუცილებლად მოკლევადიანი იქნება.