ავტორი:

"ქვეყანამ დაკარგა კარგი მამულიშვილი" - ირაკლი ღარიბაშვილი და შალვა პაპუაშვილი თამაზ მეჭიაურის ოჯახს უსამძიმრებენ

"ქვეყანამ დაკარგა კარგი მამულიშვილი" - ირაკლი ღარიბაშვილი და შალვა პაპუაშვილი თამაზ მეჭიაურის ოჯახს უსამძიმრებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პრემიერი ფეისბუქზე წერს, მისი სახით ახლობლებმა და კოლეგებმა დაკარგეს გულისხმიერი მეგობარი, ქვეყანამ კი - კარგი მამულიშვილი.

"მწუხარებას გამოვხატავ გამორჩეული პოლიტიკოსისა და მოღვაწის, ბატონი თამაზ მეჭიაურის, გარდაცვალების გამო.

მისი სახით ახლობლებმა და კოლეგებმა დაკარგეს გულისხმიერი მეგობარი, ქვეყანამ კი - კარგი მამულიშვილი. ამ მძიმე წუთებში, სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი თამაზის ოჯახსა და ახლობლებს”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეჭიაურის ოჯახს მიუსამძიმრა შალვა პაპუაშვილმაც:

"მინდა, მივუსამძიმრო საქართველოს პარლამენტის მე-4, მე-5 და მე-8 მოწვევის წევრის, თამაზ მეჭიაურის ოჯახს, მის ახლობლებს და ნათესავებს. თამაზ მეჭიაურის დიდი წვლილი აქვს შეტანილი საპარლამენტო ცხოვრების განვითარებაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.

ცნობისთვის, პოლიტიკოსი, არაერთგზის დეპუტატი და თიანეთის ყოფილი მერი თამაზ მეჭიაური covid 19 -ის გართულების შედეგად გარდაიცვალა. მეჭიაური კორონავირუსს რამდენიმე კვირის განმავლობაში ებრძოდა. როგორც მისმა ვაჟმა ზაზა მეჭიაურმა ambebi.ge-სთან განაცხადა, ის დაგვიანებით გადავიდა კლინიკაში და აცრილიც არ იყო. "მამა არ იყო აცრის წინააღმდეგი, აპირებდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო", - განაცხადა ჩვენთან საუბარში მისმა ვაჟმა რამდენიმე დღის წინ.