ავტორი:

"ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადება შეეხებოდა იმას, რომ "მწვანე საშვის” მოქმედება "ომიკრონის” პირობებში აზრს კარგავს" - თამარ გაბუნია

"ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადება შეეხებოდა იმას, რომ "მწვანე საშვის” მოქმედება "ომიკრონის” პირობებში აზრს კარგავს" - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადება შეეხებოდა იმას, რომ "მწვანე საშვის” მოქმედება "ომიკრონის” პირობებში პრაქტიკულად აზრს კარგავს.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსის გადატანილი სტატუსი და ვაქცინაცია "ომიკრონის” პირობებში გარანტია აღარ არის, რომ პირი აღარ დაინფიცირდება.

"განცხადება შეეხებოდა "მწვანე საშვების” გაუქმების შესახებ განმარტებას და იმას, რომ “მწვანე საშვის” მოქმედება “ომიკრონის” პირობებში პრაქტიკულად აზრს კარგავს და ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთხელ გააკეთა ამაზე კომენტარი. საქმე შეეხება იმას, რომ გადატანილი სტატუსი და ვაქცინაცია ცხადია, აღარაა “ომიკრონის” პირობებში გარანტია, რომ პირი აღარ დაინფიცირდეს. ამდენად “მწვანე საშვის” მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ რამდენიმე კვირის წინ მიიღო.

რაც შეეხება ვაქცინის ეფექტიანობას, ვაქცინა ინფექციის გადაცემისგან “ომიკრონის” პირობებში შედარებით ნაკლებად იცავს. ამის შესახებ მტკიცებულებები არსებობს, თუმცა იცავს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალებისგან. ამდენად ქვეყანა, მთავრობა და ყველა დაინტერესებული მხარე აქტიურად აგრძელებს ვაქცინაციის კამპანიას. ჩვენთვის მთავარი მიზანია, რომ ვაქცინაციის სათანადო მოცვით შემცირდეს ჰოსპიტალიზაცია და გარდაცვალების შემთხვევები”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, მედიის მხრიდან საჭიროა ვაქცინაციის თემაზე პოზიტიური კამპანია.

“ჩემი აზრით, თქვენი (მედიის) მხრიდან მეტად პოზიტიური კამპანია იქნება მხარდამჭერი იმისა, რომ ვაქცინაციის კამპანია გაგრძელდეს მეტად აქტიურად, რათა ანტივაქსერმა თუ იმ პირმა, რომელიც ჯერჯერობით ვერ ყალიბდება, რომ ვაქცინა ჩაიტაროს, ეს გააკეთოს. ამ შემთხვევაში საქმე ეხება პოზიტიურ საკომუნიკაციო კამპანიას და არა მუდმივად ნეგატიურ თემებზე აქცენტირებას”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, "სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ "ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს”. როგორც მან აღნიშნა, დაიწყო უსაფუძვლო არაარგუმენტირებული სპეკულირება იმის თაობაზე, თუ რატომ მოხდა კოვიდპასპორტის გაუქმება.

"ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება "ომიკრონი“. მაგალითად, მე ვარ ერთი მაგალითი - მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი "ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა "ომიკრონი”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.