მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი პრემიერის მიერ ვაქცინაზე გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს.
მისი ინფორმაციით, განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა.
"ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე დაიწყო სრულიად უსაგნო და უსაფუძვლო სპეკულაცია;
• განცხადება ამოგლეჯილია კონტექსტიდან, კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ როგორც ცნობილია, ვაქცინა არის არა ვირუსის შეხვედრისგან თავდაცვის, არამედ მისი გართულების თავიდან აცილების საშუალება და მან პირადი მაგალითიც დაასახელა, რამდენად მარტივად გადაიტანა „ომიკრონი“, ვინაიდან იყო სრულად ვაქცინირებული „ფაიზერის“ ვაქცინით.
• ეს განცხადება გაკეთებული იყო მწვანე პასპორტების გაუქმების კონტექსტში, ვინაიდან ახალი რეალობის გათვალისწინებით, რამდენადაც ვაქცინა არ არის იმის გარანტი, რომ „ომიკრონი“ არ შეგვხვდება, მწვანე პასპორტების მუშაობა აზრს კარგავს.
• პარალელურად, მოგეხსენებათ, რომ გრძელდება ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიები და სახელმწიფო მაქსიმალურად ახალისებს ვაქცინაციას რისკჯგუფებში, კერძოდ, 50 წელს გადაცილებული ადამიანები აცრისას იღებენ 200 ლარს, ხოლო ე.წ ბუსტერ დოზის შემთხვევაში, დამატებით 100 ლარს.
• ამას გარდა პრემიერი ორჯერადად არის აცრილი და შეგახსნებთ, რომ მილიონობით დოზა სხვადასხვა ვაქცინა სწორედ მისი პრემიერობის დროს შემოვიდა ქვეყანაში." - ნათქვამია გიორგობიანის განცხადებაში.
]
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დაიწყო უსაფუძვლო არაარგუმენტირებული სპეკულირება იმის თაობაზე, თუ რატომ მოხდა კოვიდპასპორტის გაუქმება.
"ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკაც. ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება. აზრი დაკარგა აღნიშნული "მწვანე ბარათების“ გამოყენებამ. თავდაპირველად ჩვენი მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება და "დელტას“ და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ "ომიკრონის დროს“, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება "ომიკრონი“. მაგალითად, მე ვარ ერთი მაგალითი - მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი "ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა "ომიკრონი“. მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურ შემთხვევებში ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აღნიშნული ვირუსი. მიდგომა შეიცვალა, რადგან აზრი დაკარგა "მწვანე ბარათის“ გამოყენებამ, ამიტომ ჩავთვალეთ საჭირო მისი გაუქმება.
მეორეს მხრივ, ჩვენ გავაგრძელეთ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიები და ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს 50 წლის ზემოთ ადამიანების აცრა, რათა, ვინც ასაკში არის და ქრონიკული დაავადებები აქვს, არ გაურთულდეს ეს ვირუსი. სხვა მხრივ ყველაფერი კონტროლქვეშ არის. ევროპულმა ქვეყნებმა და ამერიკამ, ყველამ გახსნეს და აღარავინ ფიქრობს შეზღუდვებზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.