ავტორი:

"ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ იგივე სიმძლავრის მიწისძვრა კიდევ განმეორდეს" - როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს: სეისმოლოგის რჩევები

"ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ იგივე სიმძლავრის მიწისძვრა კიდევ განმეორდეს" - როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს: სეისმოლოგის რჩევები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილის განცხადებით, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როდის და რა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდება, თუმცა, როგორც მან "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გუშინდელი მიწისძვრის შემდეგ მორიგი მძლავრი ბიძგების განმეორების ალბათობა ნაკლებია.

ამასთან, მისი განმარტებით, გუშინდელი მიწისძვრის შემდეგ დაახლოებით 6-7 განმეორებითი ბიძგი, ე.წ. აფთერშოკი დაფიქსირდა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი 4,5 მაგნიტუდის იყო.

"თბილისის დროით, 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საბედნიეროდ, დაუსახლებელ ადგილას მოხდა. საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა იყო. დასახლებულ პუნქტებში რომ მომხდარიყო, გარკვეულ დაზიანებას, თუნდაც მაღალ შენობებში, აუცილებლად გამოიწვევდა. გარდა ამისა, ძველი შენობები ასეთ მძლავრ მიწისძვრას ვერ უძლებს. როგორც ყოველთვის, ასეთ ძლიერ მიწისძვრას თან ახლავს განმეორებითი ბიძგები, ე.წ. აფთერშოკები. გუშინაც მოხდა რამდენიმე, მათ შორის 6-7 ისეთი იყო, რომელსაც მოქალაქეები იგრძნობდნენ. ე.წ. აფთერშოკებს შორის ყველაზე მძლავრი 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, რასაც მოქალაქეები ეპიცენტრიდან საკმაოდ დაშორებითაც იგრძნობდნენ“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

მისი განმარტებით, ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ იგივე სიმძლავრის ან უფრო ძლიერი მიწისძვრა განმეორდეს.

"შესაძლოა, პატარა ბიძგები განმეორდეს, თუმცა, საგრძნობი რომ იყოს და რყევები მაგალითად, თბილისში ან ბათუმში იგრძნონ, ნაკლებად მოსალოდნელია“,-განაცხადა ჯავახიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ჯავახეთის ზეგანი სიესმურად ძალიან აქტიურია და მიმდებარე სოფლებიც.

"ეს ერთ-ერთი ყველაზე სეისმურად აქტიური ზონაა და მიწისძვრა მოულოდნელი არ იყო“, - განმარტა ზურაბ ჯავახიშვილმა.

მან მოსახლეობას გარკვეული რჩევები მისცა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მიწისძვრის დროს:

"პირველ რიგში, მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს. სეისმურად აქტიური რეგიონში მიწისძვრები ხშირად ხდება და ასეთი დროს მოქალაქეები მშვიდად უნდა იყვნენ. ყველა საერთაშორისო ექსპერტი გვირჩევს, რომ მიწისძვრის დროს შენობა არ უნდა დავტოვოთ და არ უნდა ვცადოთ გაქცევა. უნდა დავრჩეთ იქ, სადაც ვართ. რა თქმა უნდა, ასეთ დროს უნდა მოვშორდეთ ფანჯრებს, თაროებს და სხვა ნივთებს, სადაც რაიმე შეიძლება დაგვეცეს. ძლიერი მიწისძვრის დროს ყველაზე უსაფრთხო ადგილზე უნდა გავჩერდეთ და დაველოდოთ მიწისძვრის დასრულებას. თუ შენობას დავტოვებთ, განსაკუთრებით მაღალ შენობებს უნდა მოვშორდეთ. არ უნდა ვისარგებლოთ ლიფტითა და კიბეებით, რომელიც მიწისძვრის დროს ყველაზე სუსტი წერტილებია. სჯობს, ღია ადგილზე გავიდეთ და იქ დავრჩეთ“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

ცნობისთვის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, გუშინ, თბილისის დროით 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან 6.2 (ML) მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.