ავტორი:

"შავი მთა მოპირდაპირე კუდევის მთას შეასკდა..." - მიწისძვრა, რომელმაც მთელი სოფელი შთანთქა

"შავი მთა მოპირდაპირე კუდევის მთას შეასკდა..." - მიწისძვრა, რომელმაც მთელი სოფელი შთანთქა

"ხახიეთი - ყოფილი სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომელიც 1991 წლის 29 აპრილს 13 საათსა და 13 წუთამდე მდებარეობდა მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადის ხახიეთისწყლის ხეობაში, აგრეთვე თედელეთისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1090 მ-ზე. საჩხერიდან 21 კილომეტრზე", - ასეთ ტრაგიკულ ჩანაწერს ვკთხულობთ "ვიკიპედიაში". ასე, რამდენიმე წინადადებაშია ჩატეული პატარა ქართული სოფლის დიდი ტრაგედია, რომელიც მიწისძვრამ შთანთქა.

1991 წლის მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა თოფარასაბვის ქედის აღმოსავლეთით. აღნიშნულ ქედს ძლიერ ეცვალა სახე, მიწისძვრის შედეგად ჩამოიშალა კლდე, რომელმაც გადაკეტა მდინარე ხახიათისწყალის ვიწრო ხეობა და წარმოიქმნა 100 მეტრი სიგანის და 300 მ სიგრძის ტბა. მიწისძვრის შედეგად ჩამოშლილი მასალის ქვეშ მოჰყვა 20-კომლიანი სოფელი 45 მცხოვრებით. მდინარის დონემ ჩამოშლილი მასალის ხარჯზე აიწია 20 მეტრით მაღლა. იმ გეოლოგების თქმით, ვინც მომხდარს იკვლევდნენ, მთის ჩამოშლა მოხდა ორი მხრიდან.

პატარა ქართული სოფლის ტრაგედიამ იმხანად მსოფლიოს მრავალი ქვეყანა შეძრა...

დაახლოებით 15 წამის შემდეგ აღარც სოფელი არსებობდა, აღარც ის ადამიანები, რამდენიმე წუთის წინ სიცოცხლეს რომ შეხაროდნენ. სოფლის ადგილზე უშველებელი ღრმული გაჩნდა, რომელიც თვალის დახამხამებაში წყლით ივსებოდა. ასე გაჩნდა ტბა, რომლის ფსკერზე 45 ხახიეთელი განისვენებს. სოფლიდან მხოლოდ ორი ადამიანი გადარჩა - ერთი მოზრდილი და ერთიც პატარა ბიჭი, რომლებიც იმ დილით სოფელში არ იყვნენ.

მიწისძვრებზე საუბრისას მეცნიერები ხშირად ახსენებენ ამ ავბედით სახელს - "ხახიეთს". ეს დაღებულ ხახას ნიშნავს, რომელიც ყველაფერს შთანთქავს.

საქმე ის არის, რომ მიწისძვრებს სეისმურად აქტიური ადგილები თითქმის ყოველთვის "მონიშნული" აქვს და ხახიეთის ტერიტორიაც ასეთი იყო - როგორც ჩანს, რაჭა-იმერეთის სეისმურად აქტიურ მთებში მიწისძვრას ეს ადგილი ასწლეულების წინაც ჰქონდა შთანთქმული. ალბათ, ამიტომაც შეარქვეს აქაურობას ეს სახელი.

მოსახლეობამ ეს სეისმური ზონები უნდა იცოდეს და იქ არ დასახლდეს, ულამაზეს ხახიეთში კი ქართველები და ოსები ერთად ცხოვრობდნენ და ამ ტრაგედიამ ყველანი ერთ წუთში შთანთქა.

ამ სოფლიდან გადარჩენილი ჯუმარ გაგიევის მოგონებამ იმხანად საქართველო შეძრა. იმ საშინელებას მისი 18 წლის ვაჟი და ცოლიც შეეწირნენ:

"მეზობელ სოფელში ვიყავი და იქიდან ვბრუნდებოდი. სოფელს რომ მივუახლოვდი, უცაბედად უეცარმა ტალღამ დამარტყა და საშინელი გუგუნიც გაისმა. მერე დავინახე, რომ შავი მთა მოპირდაპირე კუდევის მთას შეასკდა და ხეობაში, სადაც სოფელი იყო, ორივე ზათქით ჩაიშალა, მე კი მიწისძვრამ ჰაერში ამაგდო."

ამ მიწისძვრამ ზემო იმერეთისა და რაჭის სოფლების კატასტროფული ნგრევა გამოიწვია. ხახიეთის ირგვლივ ტერიტორია დღეს მეწყერებისა და ზვავების გროვებად არის ქცეული.