ავტორი:

"ბოლო ორი ათწლეულია, რაც ქალაქში ქაოსური მშენებლობები დაიწყო" - როგორია არქიტექტურის თანამედროვე ტენდენციები და რას ითხოვს დამკვეთი - ახალგაზრდა არქიტექტორის რჩევები

"ბოლო ორი ათწლეულია, რაც ქალაქში ქაოსური მშენებლობები დაიწყო" - როგორია არქიტექტურის თანამედროვე ტენდენციები და რას ითხოვს დამკვეთი - ახალგაზრდა არქიტექტორის რჩევები

როგორც ვხედავთ, ბოლო წლებში თბილისში ძალიან გააქტიურდა სამშენებლო ბიზნესი. საოცარი სისწრაფით შენდება სხვადასხვა ტიპის შენობა-ნაგებობები. შენება თავისთავად, კარგი პროცესია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად, გემოვნებით და ხარისხიანად კეთდება. რამდენად უხდება ეს ყველაფერი ქალაქს და რამდენად მისაღებია მისი საერთო იერისთვის. მშენებელი არქიტექტორული პროექტის გარეშე ვერაფერს შექმნის, ამიტომ საქმე არქიტექტორებსაც აქვთ. ლუკა ჭკადუა ახალგაზრდა არქიტექტორია, აქტიურად მუშაობს თანამედროვე ქართველებთან, ჰყავს დამკვეთები და უკვე საკმარისი გამოცდილებაც დაუგროვდა. ლუკა ქმნის როგორც კერძო სახლების, ასევე საცხოვრებელი კორპუსების, მრავალფუნქციური შენობების, საოფისე, სავაჭრო, საგანმანათლებლო ობიექტების პროექტებს... რას ფიქრობს ის თანამედროვე თბილისის არქიტექტურაზე, ინარჩუნებს თუ დღევანდელი არქიტექტურა ძველი კულტურის შტრიხებს, რას ითხოვენ მისგან დამკვეთები, ამაზე AMBEBI.GE- თავად ესაუბრება.

- ქალაქის საერთო განაშენიანება, საერთო იერ-სახე, ერთიანობა ის მიზანია, რისთვისაც არქიტექტორები უნდა შრომობდნენ და იღვწოდნენ. ეს არის ჩვენი მთავარი დანიშნულება. შენობა-ნაგებობა იქნება თუ მთლიანად ქალაქი, ვიზუალურად თუ ფუნქციურად გამართული უნდა იყოს. ჩვენს ქვეყანაში დღევანდელი მდგომარეობა ამ მხრივ არც ისე სახარბიელოა...

- სამწუხაროდ ასეა. ბოლო ორი ათწლეულია, რაც ქალაქში ქაოსური მშენებლობები დაიწყო. არის შენობა-ნაგებობები, რომელსაც არქიტექტორის ნამუშევარი მგონი, სულ არ ეტყობა... - დიახ, შეიძლება ამას ქაოსური მშენებლობა დავარქვათ, რაც ძალიან ცუდია დედაქალაქისთვის და საერთო მოქმედებისთვის, ზოგადად, ურბანული ორგანიზმისთვის.

- ეს იმას ნიშნავს, რომ არქიტექტორს თუ დამკვეთი დიდ თანხას გადაუხდის, ბევრ რამეზე თვალს ხუჭავს და საქმეში ჩაუხედავ კლიენტს ახირებულ სურვილს უსრულებს?

- ამაზე ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს - რამდენი არქიტექტორიც არის, იმდენი ინდივიდუალური ხედვაა. მათი ფასეულობებიც განსხვავდება. ასე რომ, ვერ ვიტყვით, რომ ყველა ერთნაირად კეთილსინდისიერად აპროექტებს. ამიტომაც არის ასეთი ხშირი ეს ქაოსური განაშენიანება და ალოგიკური ნაგებობები, რომელსაც ჩვენს ქალაქში შეხვდებით და არა მარტო ჩვენთან, ასეთ მაგალითებს მსოფლიოშიც უხვად ნახავთ.

- რანაირად შეიძლება, რომ ჩემი აკვიატებით, ქალაქის პრესტიჟულ ადგილას წამოვჭიმო რაღაც უგემოვნო ნაგებობა, რომელიც იქაურობას დაამახინჯებს.

- ყველაფერი მაინც არქიტექტორის კეთილსინდისიერებაზე დამოკიდებული. შეიძლება ყოველი შენობა იყოს ძალიან გამართული, მაგრამ ერთიანობაში არ ქმნიდეს იმ ეფექტს, რაც საჭირო, აუცილებელია და ქალაქის მოთხოვნილებებიდან გამომდინარეობს.

- როგორ არქიტექტურას იხდენს ჩვენი ქალაქი, რომლისთვისაც აქამდე აივნებიანი, რიკულებიანი სახლები, აქა-იქ ევროპელი არქიტექტორების ნამუშევრით და საბჭოთა არქიტექტურით იყო უმეტესად ცნობილი... რეალურად როგორი უნდა იყოს ის?

- თუ ისტორიას გადავხედავთ, ქალაქს ერთფეროვნება არასდროს ახასიათებდა. აქ ყოველთვის სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანი იყრიდა თავს. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული არქიტექტორებიც იღვწოდნენ. მათ ნამუშევრებს აქვს თავიანთი ხასიათი, დასრულებული, შეკრული სტრუქტურა. თუმცა დღევანდელი განაშენიანებით ძველ უბნებშიც ხდება ჩარევა და ძალიან ამოვარდნილი ნაგებობები ჩნდება, რაც ძალიან ცუდია. თბილისს თავიდანვე მრავალფეროვანი არქიტექტურა ჰქონდა. ეს დღესდღეობითაც გრძელდება, თუმცა რამდენად დაცულია ის ნორმები, რაც საერთო იერ-სახეზეა მორგებული, ეს რთულად სათქმელია.

- ზოგიერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ერთმანეთის გვერდით ისეა აშენებული, რომ ერთი კორპუსის აივნიდან მეორე კორპუსის აივანზე ადამიანი ფინჯან ყავასაც გაუწვდის. უკვე აშენებულ სახლს გვერდით, ასე ახლოს, მეორეს რომ უშენებ, ეს რას ნიშნავს?

- ამას თავისუფლად შეგვიძლია ვანდალიზმი ვუწოდოთ და საკმაოდ მძიმე ვანდალიზმი, რადგანაც სტანდარტული ვანდალიზმი, ქუჩებში სირბილი და კედლებზე რაღაცების დაჯღაბნა, გაფუჭებაა, რაც დროებითია, მისი გამოსწორება შეიძლება. მაგრამ საქმე როცა უკვე შენობას ეხება და ის არის თვითონ ვანდალიზმის ნიმუში, ამასთან ყველა უძლურია. მისი გამოსწორება პრაქტიკულად შეუძლებელია და ასე დაპროექტებული შენობა ხანგრძლივად, წლების განმავლობაში შეიძლება ამახინჯებდეს ქალაქს. ჩემი აზრით, ამიტომაც არის, ამ ვანდალიზმის ფორმა მძიმე, - ათობით წელი გაგრძელდება შენობის არსებობა და ეს ვანდალიზმიც ასე გაჰყვება.

- ძველი, ევროპული სტილის არქიტექტურის შენობებს (ძველ უბნებში) აქვთ საოცარი ფასადები, ჩუქურთმები... ეს ელემენტები თანამედროვე არქიტექტურაში იშვიათად შემინიშნავს. არ იზიარებს ამას დღევანდელი ტენდენციები?

- იცით, როგორ არის? ეგ არის ეპოქიდან გამომდინარე დამახასიათებელი დეკორატიული ელემენტები. დღეს სხვა დროა, სხვა მასალები არსებობს არქიტექტურაში და აქვე ვიტყვი, რომ არქიტექტურაში მოდაც არსებობს... დღევანდელი ტენდენციები განსხვავებულია, შეიძლება ითქვას, უფრო თანამედროვე და მინიმალისტური. თუმცა არსებობს ასევე ისეთი სტილი და შენობები, რომელიც ამ სტილით არის გაკეთებული და სადაც მსგავსი ჩუქურთმები გვხვდება, რაც თანამედროვე შენობის ვიზუალურ ფასეულობას ქმნის. თავისუფლად შეიძლება თანამედროვე შენობაში ძველი ელემენტების გამოყენება. ყველაფერი ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველია - იმავე ფენომენთან გვაქვს საქმე. ეს ძალიან საინტერესო მომენტია და დიდი ცოდნა სჭირდება. თუმცა საკმაოდ სახიფათოც არის, რომ სტილების აღრევა არ მოხდეს, აქედან შედეგი უნდა მიიღო. ვფიქრობ, ძველი და ძვირფასი უნდა შევინარჩუნოთ, რაც ათწლეულებმა შემოგვინახა, რაც დიდი ხნის წინ შექმნეს, დღესაც ძალიან ლამაზია და მაღალი ესთეტიკური ღირებულებისაა. ძველ ფორმებზე მორგებული არქიტექტურა საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში და ჩვენთანაც ნელ-ნელა შემოდის. იმედი მაქვს, ამას აქაც კარგად ავუწყობთ ფეხს. თუმცა გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - ეს არის დამკვეთი. ძალიან დიდი გავლენა აქვს ამ ყველაფერზე მის სურვილებს.

- კი, მაგრამ ხომ არსებობს სტანდარტები და წესები, რაც ყველასთვის საერთო უნდა იყოს...

- წესები არსებობს და მას არეგულირებს არქიტექტურის სამსახური, ძეგლთა დაცვის სამსახური, ზედამხედველობის სამსახური და კიდევ მრავალი სხვა ადამიანი, რომლებიც მხოლოდ იმისთვის შრომობენ, რომ ქალაქს იერ-სახე შენარჩუნდეს, - ეს ყველაფერი რეგულირდება.

- ლუკა, როგორ ფიქრობთ, თბილისი 35-სართულიან შენობებს იხდენს? რამდენად მყარია გრუნტი ასეთი მასშტაბისთვის, მით უმეტეს, ვხედავთ, რომ გარშემო ამდენი მცოცავი ქანებია...

- ეს საკმაოდ მასშტაბური პრობლემაა და აქ მხოლოდ ჩემს აზრს დავაფიქსირებ. ასეთ მაღალსართულიან შენობებს ქალაქში უხეში ჩარევა შეიძლება დავარქვათ. არსებობს უბნები, სადაც ეს ყველაფერი დასაშვებია. ქალაქი უნდა განვითარდეს და გაიზარდოს, მაგრამ ამ ახალმა არ უნდა დაჩრდილოს ძველი ისტორიული ნაგებობები, ღირებული, რითაც ასე ვამაყობთ.

- სად არის ეს დასაშვები?

- ახალ უბნებსა და დასახლებებში, სადაც არ გვხდება ისტორიული ნაგებობები და შენობები. რა თქმა უნდა, ამას ხელს უნდა უწყობდეს ლოკაციის გეოლოგიური მონაცემები.

- ვთქვათ, სახლის ასაშენებლად მიწის ფართობის შეძენა მინდა, რა თქმა უნდა, სპეციალისტთან ერთად ჯობს ამ საკითხის გადაწყვეტა, მაგრამ გარეგნულად რა მიგვანიშნებს იმაზე, რომ იმ ადგილას მცოცავი გრუნტია?

- ეს გეოლოგიური საკითხებია. ამიტომ გეოლოგთან ერთად უნდა მოხდეს მისი გადაწყვეტა. ჩემს დამკვეთებს ვურჩევ, მიწის შეძენამდე კონსულტაცია კვალიფიციურ და სანდო გეოლოგთან გაიარონ.

- რას ითხოვს ქართველი დამკვეთი არქიტექტორისგან?

- ინფორმაციული ეპოქაში ვცხოვრობთ, ამან ყველას მისცა წვდომა თანამედროვე არქიტექტურულ ხედვებზე, თანამედროვე სახლების დიზაინზე, გეგმარებაზე, რამაც ქართველი დამკვეთიც გააქტიურა. მოთხოვნები და გემოვნება გაეზარდათ...

- და ხშირად მეზობლის სახლებიც არის ხოლმე ამის მოტივატორი, ხომ?...

- ასეც არის ხოლმე... მოთხოვნები უმეტესად ვიზუალურ მხარეს ეხება და გეგმარების მხარესაც. ეს არ არის ცუდი, რადგანაც დამკვეთმა ასე თუ ისე იცის, რა უნდა. არქიტექტორის მოვალეობა და საქმეა, ამასთან, მისი ნიჭიც ამაში უნდა გამოიხატებოდეს, რომ მოარგოს თუნდაც კანონმდებლობას. ლოგიკურად მოახვედროს ის ლოგიკურ დაგეგმარებაში. ლოგიკური დაგეგმარება მნიშვნელოვანია, რადგანაც ადამიანმა იქ უნდა იცხოვრო, წლები გაატარო სახლში, ზოგჯერ ცხოვრება, ამიტომ, თითოეულ პატარა დეტალსაც მნიშვნელობა აქვს. ხშირად დამკვეთები ამბობენ, - აქ მინდა, შესავლელი, აქ - მისაღები, აქ - სამზარეულო, თუმცა გვიწევს ამის შეცვლა, რადგანაც დამკვეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. არგუმენტირებულად უნდა მოვაწოდოთ ინფორმაცია, რატომ უნდა იყოს ასე და არა ისე, როგორც მას სურს. მოსაპირკეთებელ მასალებს რაც შეეხება, არის დამკვიდრებული კონკრეტული მასალები, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია, თუნდაც აგურის ფაქტურა, ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ ტრავერტინის ქვით მოპირკეთება, რაც ცოტა "გაპაპსავებისკენ“ მიდის, რადგანაც უმეტესობას ასეთი უნდა. ესეც იქიდან გამომდინარეობს, რომ "მეზობლის სახლი“ ბევრს მოსწონს.

- დამკვეთის ჭკუაზე გავლა მაინც გიწევთ?

- გვიწევს, როდესაც კატეგორიულად აქვს გადაწყვეტილი. შეიძლება ჩემთვის მიუღებელი იყოს, თუმცა აქ არ იგულისხმება რომ ფატალური შეცდომა დაუშვას. რამე დააზიანოს, უბრალოს მისთვის იყოს უაზრო და ძალიან უნდოდეს. ასეთ დროს გვიწევს, რომ მისი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ.

- რას ითხოვენ - იზოლირებული ოთხები უნდათ, თუ დიდი სივრცეები?

- ჩემთვის კარგია, როდესაც ეს სივრცეები ერთმანეთისგან გამოყოფილია, ეს მათი ფუნქციონირებისთვისაც უკეთესია, საქმისთვისაც ბევრად გამართული გეგმარება გამოდის... - კოვიდმაც აჩვენა, რომ იზოლაცია ჯობს, ხომ? - დღევანდელ გლობალური პრობლემებიდან გამომდინარე, ეს მართლაც გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანი მომენტია. თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ამის საშუალება პირს უბრალოდ არ აქვს, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ არ აქვს შესაბამისი მიწის ფართობი, ან მატერიალურად არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შენობა გაზარდოს. ამიტომ, ეს არის ყველაზე ეკონომიური გამოსავალი, რაც არც ისე კარგია, მაგრამ მოთხოვნადი. ყველა ადამიანს განსხვავებული მოთხოვნები აქვს და ამას უნდა მოვერგოთ და მათ გაუმჯობესებას უნდა შევეცადოთ.

- ყველაზე უცნაური დამკვეთის მოთხოვნები თუ გახსოვთ?

- იყო ასეთი, რომელმაც კარგა ხანს ვერ გადაწყვიტა, რა დანიშნულების შენობა უნდოდა. ეს ჩემი აზრით, უფრო კურიოზული მომენტია... უნდა აშენება და არ იცის სახლი უნდა, მაღაზია, თუ საოფისე სივრცე. საცხოვრებლით დავიწყეთ, შემდეგ საოფისეზე გადავერთეთ, მერე კომერციულ ფართობზე და ბოლოს ისევ საცხოვრებელი სახლზე შევთანხმდით.

- სამზარეულო პატარა უნდა იყოს, დიდი საძინებელი, და პატარა მისაღები ოთახი?

- სამზარეულოს ზომა პირდაპირ დამოკიდებულია იქ მოღვაწე დიასახლისის სურვილებზე. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ სამზარეულოში ფუსფუსი და ვერ მოაწონებ მათ სამზარეულოს. ამიტომ ეს მისთვის დაკარგული ფართია. მაგრამ არიან ისეთები, ვისაც მოსწონთ იქ ტრიალი და დიდი სამზარეულო. მე მომწონს დიდი სამზარეულო. საძიებელიც დამკვეთის შეხედულებებიდან გამომდინარეობს. სხვადასხვანაირი ხედვაა ვიღაცას უნდა საძინებელი 9 კვადრატული, ვიღაცას - 40. მიმაჩნია, რომ საძინებელი უნდა იყოს პატარა და კომპაქტური, სადაც უნდა ეტეოდეს ყველა საჭირო ნივთი, რაც საძინებელში უნდა იყოს. საძინებლისთვის აუცილებელია მყუდრო, დასასვენებელი სივრცე, ამის ხარჯზე კი მისაღები ოთახის გაზრდა შეიძლება, ან სხვა სივრცის დამატება.

- რა რჩევები გაქვთ ჩვენი მკითხველისთვის?

- ჩემი რჩევა იქნება - ვისაც უნდა სახლის აშენება-დაპროექტება, ნუ დააკოპირებენ არსებული შენობას და მისი ასლის შექმნას ნუ მოსთხოვენ არქიტექტორს. შექმნან ინდივიდუალური, უნივერსალური, რომელიც ექსკლუზიური იქნება. ის მოირგონ თავიანთი კომფორტის მოთხოვნებიდან გამომდინარე და არა მხოლოდ ვიზუალური ფასეულობებიდან გამომდინარე. პირველ ადგილზე დააყენონ კომფორტი - ამას ვურჩდი.