თიანეთი და ფშავი ბავშვობიდან გამორჩეულად მიყვარდა მირზა გელოვანისა და ხვარამზეს ლექსებით, მერე კი, ახლოს რომ გავიცანი, იქაური ხალხიც ძალიან შემიყვარდა, დავუახლოვდი და წლების განმავლობაში ჩემი მეგობრის - ქეთევან შარმიაშვილის წყალობით ხშირადაც ვსტუმრობდი იმ მხარეს. ზაფხულობით ცივ იორსაც გავუგრილებივარ და ლაშარის სალოცავის მადლიც მიმიღია, ხვარამზეს ნაკვალევზეც მივლია და თიანეთობაზე ფშაური სიმღერითა თუ ცეკვითაც დავმტკბარვარ. ეს მოგონებები და ადამიანები კი მუდამ დაუვიწყარია ჩემთვის. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ მთის ხალხისთვის დამახასიათებელი სიტყვაძუნწობით გამორჩეული, კუშტი შესახედაობის მამაკაცი, შესანიშნავი ქორეოგრაფი სპარტაკ გუშარაშვილი, რომელსაც ხშირად შევხვედრივარ თიანეთის კულტურის სახლში. მისი მოსწავლეების გამოსვლასაც ბევრჯერ დავსწრებივარ იქაურ ღონისძიებებზე და ტაშიც ბევრჯერ დამიკრავს. ბატონი სპარტაკის გარდაცვალების ამბავი მოგვიანებით შევიტყვე და ისიც ახლახან გავიგე, რომ მის ქორეოგრაფიულ სახალხო ანსამბლ "ნაკადულებს“ მარტო თავად კი არა, საოჯახო წყვილი - სპარტაკ გუშარაშვილი და მისი მეუღლე ნანა მენთეშაშვილი ხელმძღვანელობდა.
ქალბატონ ნანას მეგობრების დახმარებით დავუკავშირდი და სოციალურ ქსელში, მისი პირადი გვერდის დათვალიერებისას აღმოვაჩინე, რომ ერთ დღეს ვყოფილვართ დაბადებული, რამაც ძალიან გამახარა. იმანაც გამახარა, რომ შევიტყვე, 75 წლის ქალბატონი ნანა მეუღლესთან ერთად დაწყებულ საქმეს, თურმე, დღესაც ენერგიულად განაგრძობს - კვლავ ხელმძღვანელობს "ნაკადულებს“, კვლავ შესანიშნავად გამოიყურება და ვფიქრობ, მოსაყოლიც ბევრი აქვს - ქორეოგრაფების ოჯახის სიყვარულისა და საინტერესოდ გავლილი ვრცელი ცხოვრების ამბავი.
ნანა მენთეშაშვილი:
- მე და ჩემმა მეუღლემ მთელი ცხოვრება ქორეოგრაფიას შევალიეთ. ერთად ვსწავლობდით კულტურის საგანმანათლებლო სასწავლებელში, მერე სერგო ზაქარიაძის სახელი მიანიჭეს. ერთად კი ვსწავლობდით, მაგრამ თანატოლები არ ვიყავით, ის ჩემზე 6 წლით უფროსი იყო, მაგრამ მაინც ერთ ჯგუფში ვიყავით. მაშინ ჯგუფების შედგენისას ასაკობრივ სხვაობას არ ენიჭებოდა მნიშვნელობა.
- მთელი ცხოვრება განუყრელები იყავით და სამწუხაროა, რომ დღეს ბატონ სპარტაკზე წარსულში გვიხდება საუბარი... თქვენი ახალგაზრდობის ფოტოები რომ დავათვალიერე, მართლაც გამორჩეული გოგონა ყოფილხართ და ახლაც ძალიან ლამაზი ხართ. ვინ იცის, მაშინ რამდენი ვაჟი გეტრფოდათ! ალბათ, თქვენი სიყვარულის მოსაპოვებლად ბატონ სპარტაკს დიდი ძალისხმევა დასჭირდა. მოდი, ძველი ამბებიც გავიხსენოთ...
- სპარტაკი ძალიან დამაკლდა. მთელი ცხოვრება მართლაც ერთ საქმეს ვემსახურებოდით. მე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ვაშლოვნიდან ვარ, გმირი თამარ ვაშლოვნელის სოფლიდან. სასწავლებელს რომ ვამთავრებდით და პრაქტიკაზე მივდიოდით, მე 18 წლის ვიყავი, სპარტაკი - 24 წლის. დავქორწინდით და სპარტაკმა სოფელ საყდრიონში, თვითონ წარმოშობით იქიდან იყო.
- ძალიან მიყვარს საყდრიონი და საყდრიონელები...
- მეც ძალიან მიყვარს. რამდენიმე თვეს მე და სპარტაკი იქ ვცხოვრობდით, მერე მარტვილის რაიონში წავედით - სასწავლებლიდან სამუშაოდ იქ გაგვანაწილეს. მარტვილში ერთი სასწავლო წელი ვიმუშავე და წამოვედი ჩემს მშობლებთან, რადგან ფეხმძიმედ ვიყავი და ბავშვს ველოდებოდი, სპარტაკი კი იქ დარჩა. თუმცა მალე ისიც წამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს გვეხვეწნენ, ოღონდ აქეთ იყავით და ყველა პირობას შეგიქმნითო. სპარტაკმა მაინც უარი თქვა, - ჩემს თიანელ ბავშვებს უნდა მივხედოო. ასე ჩამოვედით თიანეთში, აქვე დავსახლდით და კულტურის სახლში დავიწყეთ მუშაობა. მანამდე, ცოტა ხნით, თიანეთის 8-წლიან სკოლაშიც ვმუშაობდი, მერე კი შევუერთდი სპარტაკს და ჩამოვაყალიბეთ ანსამბლი "ნაკადულები“. იქიდან მოყოლებული, დღესაც იმ კულტურის სახლში ვმუშაობ. მიუხედავად იმისა, რომ იყო წლები, როდესაც არ გვქონდა სათანადო სამუშაო პირობები, მუსიკალური აკომპანიმენტიც კი და დოლს თვითონ სპარტაკი უკრავდა, მაინც არაფერი გამოგვიტოვებია - არც ერთი ღონისძიება, ფესტივალი თუ ოლიმპიადა, მუსიკოსებს ერთი-ორი დღით თბილისიდანაც კი ვქირაობდით, რომ ბავშვებს გაევარჯიშათ. ისეც ხდებოდა, რომ რეპეტიციის გარეშე, უშუალოდ კონცერტზე უხდებოდათ ხოლმე ბავშვებს პირველად მუსიკოსების აკომპანიმენტით ცეკვა. მიუხედავად დაბრკოლებებისა, ყოველთვის წარმატებით გამოვდიოდით. ჩვენი სავიზიტო ბარათი ფშაველ ქალთა ცეკვა იყო, ის აუცილებლად უნდა გვეცეკვა. სპარტაკმა იცოდა ხოლმე თქმა, ნახევარი საუკუნე გავიდა და "ფშაური“ სცენიდან არ ჩამოსულაო. მერე კომპოზიტორი იაკობ ბობოხიძე შემოგვიერთდა, თავის ქალიშვილ მაიასთან ერთად და ჩვენმა ანსამბლმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სტატუსი მიიღო. საზღვარგარეთაც გვქონდა გასტროლი, "სანიმუშო სახალხო ანსამბლის“ წოდებაც მოგვანიჭეს და ღირსების მედალიც მივიღეთ.
- თქვენს ლაპარაკში, სიამაყესთან ერთად, სევდა და ტკივილი იგრძნობა...
- ძალიან მიძნელდება სპარტაკის გარეშე ცხოვრება. ჩვენი სიყვარული სტუდენტობიდან დაიწყო. 4 წელიწადის განმავლობაში ვსწავლობდით ერთად და მოვლენებიც თანდათან განვითარდა.
- საერთოდ, მთის ხალხი გრძნობებს იოლად არ გამოხატავს. მაინც რით აჯობა დანარჩენ თაყვანისმცემლებს ბატონმა სპარტაკმა ან როგორ მოინადირა თქვენი გული, როგორ აგიხსნათ სიყვარული?
- ჯგუფში თვრამეტნი ვიყავით, კარგი ბიჭებიც გვყავდნენ, მაგრამ... ასე მითხრა, დიდი ხანი გაკვირდებოდიო. ისედაც, ვმეგობრობდით, ძალიან კარგი ადამიანი იყო... თავისი თავდაჭერილობით, სერიოზულობით, პატიოსნებით შემაყვარა თავი, გრძნობების გამოხატვა კი მართლაც ნაკლებად შეეძლო.
- მახსოვს, კუშტი შეხედულება ჰქონდა ბატონ სპარტაკს, ხშირად შემინიშნავს კოპებშეკრული...
- კი, ასეთი იყო. ჩვენი კურსის დამრიგებელი "მყინვარწვერს“ ეძახდა (იცინის). და მაინც, ყველას ძალიან უყვარდა.
- მაინც მიკვირს, ასეთი მოღიმარი და ხალისიანი ქალბატონი როგორ მოგხიბლათ "მყინვარწვერმა“?
- თითქოს, ცოტათი ძალდატანებით, თითქოს... მოფიქრებაც არ მაცალა... მეც არ ვიცი, ისე შემიყვარდა. მარტის თვე იყო, ცოლად რომ გავყევი. სხვათა შორის, პირველი შვილიც მარტში მეყოლა. ასე რომ, ეს თვე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ოჯახისთვის.
- ერთი მხრივ, კარგია, მეუღლეები ერთ საქმეს რომ ემსახურებიან, მაგრამ მეორე მხრივ, ამგვარი ტანდემი (მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მაგალითები გვაქვს კიდეც) რთული მგონია - შინაც, გარეთაც, მუდმივად ერთად ყოფნა გადამღლელი არ არის?
- სხვათა შორის, არა. სამსახურშიც ვმუშაობდით და - შინაც. სახლის საქმეებიც კი მიგვიტოვებია და ცეკვის ნახაზები და საკონცერტო პროგრამები შეგვიდგენია. მეც ვძლევდი ყველაფერს, ვასწრებდი. მაგრამ სპარტაკი კარგზე არაფრით გაამახვილებდა ყურადღებას, არაფრით შემაქებდა არც მე, არც ბავშვებს, მაგრამ საყვედურს მაშინვე იტყოდა. ცეკვებთან დაკავშირებით კი სულ კამათი გვქონდა, რა დაგვედგა, ნახაზი როგორ გაგვეკეთებინა და ა.შ. თუმცა კამათისას ყოველთვის ის იმარჯვებდა, რადგან...
- რადგან ის იყო მართალი თუ იმიტომ, რომ თქვენ უთმობდით?
- მე ვიყავი დამთმობი და ის - ჯიუტი, მაგრამ... სინამდვილეში მაინც ის იყო ხოლმე მართალი. ზოგადად, საკუთარ შვილს არასდროს დააყენებდა სხვის შვილზე წინ. ძალიან ობიექტური და სამართლიანი იყო და... ჩემი ძალიან დიდი მასწავლებელიც ის იყო, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით! ვერ წარმოიდგენთ, საჭიროება რომ მოითხოვდა, ახალგაზრდობაში რამდენჯერ დავმდგარვარ ბავშვებთან ერთად სცენაზე და მიცეკვია. ოჯახისთვისაც და სამსახურისთვისაც ეს ჩვეულებრივი ამბავია, ამიტომ ამ ძიებასა და კამათშიც ძალიან საინტერესო იყო ცხოვრება. მთავარია, სერიოზული წყენა არასდროს გვქონია.
სპარტაკი ქორეოგრაფიაში, იცით, როგორი იყო? - არასდროს დაამახინჯებდა ილეთს, პატარა რამ რომ შემესწორებინა რომელიმე ილეთში, იმასაც ვერ იტანდა; ერთ ბავშვსაც რომ რაღაც შეცდომით გაეკეთებინა, თავიდან დააწყებინებდა, ვიდრე სრულყოფილებას არ მიაღწევდა; 100 ბავშვი რომ მდგარიყო, ასივეს ერთად უნდა გადაედგა ნაბიჯი და ყოველი ნაბიჯი ძალიან სუფთა და სრულყოფილი უნდა ყოფილიყო. ამიტომ მისი მკაცრი ბუნებაც ძალიან საჭირო იყო ამ საქმისთვის და, შესაბამისად, შედეგისთვის ყოველთვის შექებას იმსახურებდა ხოლმე.
- თქვენ არ ხართ მკაცრი?
- მკაცრი ვიყავი და ვარ, მაგრამ ისეთი არა, როგორიც სპარტაკი იყო. ბავშვებთან ყოველთვის დამთმობი ვიყავი და ახლა, ასაკში, ვცდილობ, მეც მის გზას დავადგე. სულ მისი შეხედულებითა და მისი თვალით უნდა ვაკეთო ყველაფერი.
ძალიან საინტერესოდ ვიცხოვრეთ და დღესაც ისეთივე შემართება მაქვს - მიზანი მაქვს, ვიცი, მეორე დღეს ბავშვებთან უნდა წავიდე და ეს დიდ სიხარულს მანიჭებს... ეს რომ არ იყოს, ალბათ, გული გამისკდებოდა სპარტაკის გარეშე... ივნისში გარდაიცვალა. თითქმის ნახევარი წელი გავიდა და ახლაც ძალიან მიჭირს. რამე ღონისძიება რომ მთავრდება და სახლში მოვდივარ, ასე მგონია, როგორც ბოლო პერიოდში მხვდებოდა - ცუდად რომ იყო და ჩაწოლილი, ახლაც დამხვდება და იმ ღონისძიების შთაბეჭდილებები უნდა გავუზიარო, როგორ იცეკვეს ბავშვებმა და როგორ მიიღო ეს მაყურებელმა. ასე მგონია, ახლაც გრძნობს და უხარია.
სამი შვილი გვყავს, ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი, შვილიშვილებიც გვყავს. შვილები ჩვენს კვალს არ გაჰყოლიან, არ ისურვეს, სამაგიეროდ - რძალმა გამიმართლა, უმცროსი ვაჟის მეუღლე ნანა ხარანაულმა. სხვათა შორის, თქვენი მეგობრის, ქეთინო შარმიაშვილის მოსწავლე იყო. ძალიან ენერგიული ადამიანია და ძალიან ერთგულად და პროფესიულად მიდგას გვერდით. სპარტაკსაც ძალიან ეიმედებოდა ნანა, უხაროდა, მარტო რომ არ ვიყავი და ნანა ჩემთვისაც დიდი იმედია.
- ქალბატონო ნანა, ასეთი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში რას გრძნობდით - თქვენ უფრო გიყვარდათ ბატონი სპარტაკი თუ მას - თქვენ?
- მას! ამას ყოველთვის ვგრძნობდი და ახლაც ვგრძნობ... სულ ვგრძნობ... თითქოს იქიდანაც ჩემთან არის, მეხმარება...
ავტორი: ირმა ხარშილაძე