"ყველასგან დავიწყებული“ - ეს ფრაზა ალბათ, ყველაზე უკეთ განსაზღვრავს იტალიელ ხანშიშესულ ქალს, მანელა ბერეტას და მის სევდიან ამბავს - ქალი საკუთარ სახლში, მაგიდასთან მჯდომი გარდაცვლილი იპოვეს და რაც ყველაზე სევდიანია, ის ორი წლის გარდაცვლილი იყო, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ახლა შეიტყვეს.
ამ დროის განმავლობაში კი არავის მოუკითხავს.
70 წლის მანელა ბერეტას ცხედარი, მისსავე სახლში, კომოს ტბასთან ახლოს, პრესტინოში იპოვეს. მედიაში წერენ, რომ ქალს, რომელიც მარტო ცხოვრობდა, არ ჰყავდა არცერთი ნათესავი და 2019 წლის შემდეგ არცერთ მეზობელს არ მოუკითხავს. მეზობლები ამბობენ, რომ ფიქრობდნენ, კორონავირუსის გამო, ქალი სოციალურ დისტანციას იცავდა და ამიტომ არსად დადიოდა.
მისი ცხედარი გასულ პარასკევს კომოს სამაშველო ბრიგადამ მას შემდეგ იპოვა, რაც საგანგებო სიტუაციების სამსახურში სახლის ეზოში ხის წაქცევის შესახებ შევიდა შეტყობინება. ექსპერტიზის მიხედვით, ის 2019 წელს გარდაიცვალა. პოლიციამ ვერ იპოვა ვერანაირი კვალი რაიმე სახის ძალადობის.
მანელა ბერეტას ამბავმა საზოგადოებას უბიძგა პროტესტისკენ და ისინი მოუწოდებენ ქვეყნის ხელუფლებას, რომ უფრო მეტად იზრუნონ ხანში შესულ ადამიანებზე. კომოს მერი, მარიო ლანდრისკინა ამბობს, რომ ბერეტას გარდაცვალების ამბავი ერთგვარი "რეფლექსიის მომენტი" უნდა გახდეს.
დაკრძალვაზე მერმა კომოს მაცხოვრებლები მიიწვია. "ეს არის ტრაგედია, რომელსაც ძალიან რთული კონტექსტი აქვს და ადამიანების მარტოობაზე გვაფიქრებს. ვინ იცის, რამდენი ადამიანი იტანჯება მარტოობით“, - აცხადებს კომოს მერი.
იტალიელი პოლიტიკოსის, ელენა ბონეტის თქმით კი, ეს არის "დავიწყებული სიკვდილი", რომელიც ყველა იტალიელის ტკივილია.
ცნობისთვის, 2018 წლის კვლევის მიხედვით, 75 წლის იტალიელების დაახლოებით 40 პროცენტი მარტო ცხოვრობს.
წყარო: sky.com