"ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის სპიკერთან ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, კერძოდ, უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე, უკრაინის მიმართ საქართველოს პარლამენტის მტკიცე მხარდაჭერასა და პარლამენტის მიღებულ რეზოლუციაზე“ ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის სპიკერთან, ლინდსი ჰოილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტი ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.
"საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ჩემს კოლეგასთან მქონდა საუბარი იმ ურთიერთობაზე, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ აკავშირებს საქართველოს და გაერთიანებულ სამეფოს. მიმდინარე წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელს. 1919 წელს გაერთიანებული სამეფო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. თემთა პალატის სპიკერთან ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, კერძოდ, უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე და საქართველოს პარლამენტის მტკიცე მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ, ასევე, იმ რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის სპიკერის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან მნიშვნელოვანი და სასარგებლო შეხვედრა გაიმართა, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაცია იმყოფება ჩვენთან სტუმრად. ჩემთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და ვისაუბრო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ კავშირზე, რომელიც უკვე მრავალი წელია გრძელდება. ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც გვაერთიანებს - საფრთხეებზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთმანეთს დავეხმაროთ კარგი ურთიერთობების მეშვეობით. სწორედ ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შეხვედრა, სადაც მე კიდევ უფრო ბევრი შევიტყვე საქართველოს შესახებ და სადაც მომეცა შესაძლებლობა, ღიად და გულწრფელად გამეზიარებინა ჩემი მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ ვხედავ არსებულ მდგომარეობას ევროპაში“. - განაცხადა ლინდსი ჰოილმა.