ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ სვირთან, დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. ხუთივე მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ირკვევა, გარდაცვლილთა შორის ზესტაფონის მკვიდრი ორი ახალგაზრდა მამაკაცია: გიორგი აბაშიძე და შმაგი გვალია.
როგორც სოციალურ ქსელში გარდაცვლილთა ახლობლები წერენ, ადგილი, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მომხდა, არაერთხელ გამხდარა მსგავსი ტრაგედიის ადგილი.
"გიორგი ჩვენი ოჯახის ახლობელი იყო. სამშენებლო მაღაზია ჰქონდა ზესტაფონში. ყველა აფასებდა, ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი იყო, უწესიერესი ადამიანი. 34 წლის ბიჭი... სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა ობლად. გაოგნებულია ყველა ამ ტრაგედიით" - უთხრა AMBEBI.GE - ს გარდაცვლილის ახლობელმა.
"განმეორდა 11 წლის წინანდელი ტრაგედია, მაშინაც ხუთი უწესიერესი ბიჭი დაიღუპა ერთ ღამეში. მაშინაც ეს ადგილი და მსგავსი სიტუაცია, ტრაილერს შეეჯახნენ მაშინაც" - წერს "ფეისბუქში" სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.
გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის თურქეთის მოქალაქეებიც არიან.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.