არავინ მოითმენს შეურაცხყოფას, არავის ბებიის სასამართლო პროცესი არ მიმდინარეობს აქ. მიხეილ სააკაშვილის და მიხეილ ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება მოსამართლემ მას შემდეგ გააკეთა, რაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მოსამართლის თქმით, თუკი, სხდომათა დარბაზში წესრიგი არ იქნებოდა, ის პროცესს დახურავდა.
"სამარცხვინო ხართ თქვენ, დაჯექი. ფეხზე ადგომისთვის ამხელა საქმეები რომ გაქვს, ახლა დაჯექი“, - ამ სიტყვებით ადვოკატმა ნიკა გვარამიამ საქმის პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილს მიმართა, რის შემდეგაც პროკურორმა განაცხადა, რომ დაცვის მხარის განცხადებები მათთვის შეურაცხმყოფელია.
"ცილისწამება არის ამათი საქმე, ზუსტად ახლა რასაც კადრულობენ, ეს არც ეთიკაში ჯდება. სასამართლოს ეუბნება, შეურაცხყოფას თქვენ კი არ გაყენებთ, ბრალდების მხარეს ვაყენებთო, ადვოკატი აჟღერებს თავისი პირით. რომელ წესრიგზე უნდა ვისაუბროთ?“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
აღნიშნულს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ უპასუხა და განაცხადა, რომ ბრალდების მხარის "შეფასებები პროვოკაციული და პოლიტიკურად მიკერძოებულია“.
"თუ ამ ფორმატში უნდა გაგრძელდეს სასამართლო პროცესი, სასამართლოს აქვს იმის ბერკეტი, რომ სხდომის დარბაზში მყოფი პირებიც დაითხოვოს, დახუროს სხდომა, ბრალდებულმაც დატოვოს სხდომის დარბაზი. მოგიწოდებთ, რომ გამოიყენეთ შესაძლებლობა, რასაც სასამართლო გაძლევთ განცხადების გასაკეთებლად, თუ ეს მიგაჩნიათ რომ ტრიბუნაა, თუნდაც, ტრიბუნად გამოიყენეთ ის რამდენიმე წუთი, ამ შესაძლებლობას ნუ დაკარგავთ, მე არ ვარ მონდომებული და მოწადინებული, რომ თქვენ ეს შესაძლებლობა სასამართლომ მოგისპოთ, მაგრამ თუ არ გამოიყენებთ ისე, როგორც ეს საჭიროა და აქ შეურაცხყოფა უნდა ვისმინო, არც ერთ შემთხვევაში შეურაცხყოფას არ მოგაყენებინებთ და არც მოვითმენ, მომენტალურად მექნება რეაგირება“, - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.
აღნიშნულის შემდეგ მას გვარამიამ მოუწოდა, შენიშვნა მეორე მხარისთვისაც მიეცა.
"ბატონო ბადრი, გასაგებია თქვენი პოზიცია, ჩვენ ვიღებთ ამ შენიშვნას, ვიყენებთ ამ დროს, უბრალოდ, რას ვილაპარაკებთ, დაცვის საქმეა. თქვენო ღირსებავ, თუ არ დამასრულებინებთ, ვერ გაიგებთ ჩემ აზრს, ნუ გვემუქრებით იმით, რომ მხოლოდ თქვენ და სხდომის მდივანი დარჩებით დარბაზში. ბატონი სააკაშვილი და პროკურორები პარალელურად ლაპარაკობენ, ისე, რომ თქვენ მათთვის ამის შესაძლებლობა არ მიგიციათ, ეს უზრუნველყავით, შენიშვნა მიეცით მეორე მხარესაც. პარალელურ რეჟიმში, ორი პროკურორი იქიდან და აქედან ლაპარაკობს, თუ შეიძლება, შენიშვნა მიეცით მეორე მხარესაც“, - განაცხადა გვარამიამ.