ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ მთელმა მსოფლიომ გაიცნო. 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 21 წლის ბიჭმა ოცნება აისრულა და სამშობლოში ოლიმპიური ოქროთი დაბრუნდა. ლაშა 2021 წელს "საუკეთესო სპორტსმენად" აღიარეს და სახელმწიფოსგან მილიონი ლარიც მიიღო, ასევე საჩუქრად გადაეცა ავტომობილი და ბინა თბილისში. როცა ახალგაზრდა სპორტსმენს ჰკითხეს, რას გააკეთებდა მოგებული ფულით? დაუფიქრებლად უპასუხა, რომ ემიგრაციაში მყოფ ბებიას და დეიდას სამშობლოში დააბრუნებდა. ეს სურვილი უკვე აისრულა. მონატრებული ბებია და დეიდა, მისი ორი დეიდაშვილი საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. ახლა ემიგრაციიდან დაბრუნებულმა დეიდაშვილებმა დაიწყეს ძიუდოზე სიარული და მათაც ლაშას მწვრთნელი ავარჯიშებს.
ამ დღეებში სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფილმის "9 ძმა" საპილოტე ვერსია, სადაც სპორტსმენი ლაშა ბექაური მონაწილეობს. ფილმის რეჟისორები არიან ზურაბ ვასაძე და სერგო ეგოიანი. "9 ძმა" - გასაიდუმლოებული ანტიტერორისტული სპეცდანაყოფია და სპორტსმენების გარდა, მასში მონაწილეობენ მსახიობები: ნანკა კალატოზიშვილი, ლაშა მაქაცარია, გიორგი ვარდოსანიძე, ზურაბ ინგოროყვა, გიორგი გილიგაშვილი და სხვები. როგორც შევიტყვეთ, ფილმის გადაღებები გაზაფხულზე განახლდება. ლოკაციების სიმრავლიდან გამომდინარე, გადასაღები პროცესის მომზადებას ბევრი დრო დასჭირდება.
ლაშას დედის, ვიკა წიკლაურის თქმით, მის შვილს ძალიან მოეწონა მსახიობის როლში ყოფნა. ის გვიამბობს, რამხელა შრომის ფასად მიაღწია მისმა ვაჟმა სპორტში თავის მიზანს.
ვიკა წიკლაური:
- გასულ წელს, კარგ ამბებთან ერთად იყო ბევრი ნერვიულობა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დაგვირგვინდა. ლაშამ ოცნება აისრულა და ეს დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის. თუმცა მანამდე კოვიდი შეხვდა და სამი მნიშვნელოვანი ტურნირი გამოტოვა, უკვე აღარაფრის იმედი აღარ გვქონდა. ძალიან განვიცადეთ, მაგრამ იმდენი იბრძოლა, იმდენი იშრომა, მიზანს მაინც მიაღწია. თან იმ პერიოდში მხარი დაიზიანა და ტრავმა ჰქონდა. დიდი ნერვიულობის შემდეგ, ღვთის წყალობით, ყველაფერი საუკეთესოდ დასრულდა. ვისურვებდი, საქართველოში ყველას ოჯახში იყოს ასეთი დიდი სიხარული.
- კოვიდი რთულად გადაიტანა?
- უკვე ტურნირზე მიდიოდა და ტესტირება ჩაუტარდა წასვლის წინ. გზიდან მოაბრუნეს, რადგან დაუდასტურდა... იოლად გადაიტანა კოვიდი, არაფერი აწუხებდა, ვარჯიშსაც ახერხებდა, მაგრამ მერეც, მთელი სამი თვე ტესტი დადებითს აჩვენებდა და ვერ ერთვებოდა ტურნირებში. რაც შეეხება ტრავმას, მწვრთნელების გადაწყვეტილებით, გუნდურ შეჯიბრებაზე წაიყვანეს, რომ კიდევ ერთხელ გამოეცადა თავისი ძალები, წინ საოლიმპიადო პერიოდი იყო. არ ვუყურებ ლაშას თამაშებს ხოლმე, რადგან ძალიან ვნერვიულობ. იმ დღეს ისე სწრაფად უჭიდავია, განადგურებული მოვიდა, მხრის ძვალი მოვიტეხეო, მერე მეც ვუყურე ამ თამაშს. ლამის სიკვდილის ტოლფასი იყო, საშინელება, მხარი რომ დაუზიანდა. მთელმა ოჯახმა ძალიან ვინერვიულეთ, ფარ-ხმალი დავყარეთ, გვეგონა, ვერ წავიდოდა ოლიმპიადაზე, მაგრამ თვითონ არ დანებდა, იმდენად მოტივირებული იყო, თავისი მაინც გაიტანა. დიდი ტკივილის მიუხედავად, ბევრი იშრომა, ექიმები, მწვრთნელები დაეხმარნენ და მადლობა მათ. მებრძოლი სული აქვს, შეუპოვარია.
- ლაშა ამბობს, დედა ჩემს შეჯიბრებას არასოდეს უყურებს, ის ამ დროს ტაძარში მიდის და ლოცულობსო. ოლიმპიადამდე გავრცელდა ვიდეო, სადაც ძალიან ემოციურად კითხულობთ ზურაბ ბენიაიძის ლექსს, რომელიც ოლიმპიადაზე წასულ შვილს მიუძღვენით. ისეთი ტექსტია და ისე კითხულობთ, თითქოს ომში აცილებთ შვილს.
- არ მეგონა, ამხელა ხმაური თუ მოჰყვებოდა ამ ლექსს. ავტორი ლაშას მეგობარია და სიურპრიზი მოვუწყვეთ. როცა ლაშა მიდიოდა, გავაცილე აეროპორტში და მითხრა, - დე, ახლა ისე დამლოცე, თითქოს ომში მაცილებო. მართლა დავლოცე და წავიდა. ამ ლექსის შინაარსიც ასეთია, ომში მიმავალ შვილს აცილებს დედა. 26-ში ლაშას დაბადების დღე იყო და 2 დღეში, 28-ში უწევდა შეჯიბრებაზე გასვლა. ვიფიქრე, ამ ლექსს მივუძღვნი, ვიდეოს გავუგზავნი და მოტივაციას მივცემ ჩემს შვილს, რომ ბრძოლის ჟინი გაუძლიერდეს-მეთქი.
საერთო მილოცვაც გაუკეთეს მეგობრებმა და გავუგზავნეთ. ვინც ეს ვიდეო ააწყო, იმან იხუმრა, ასეთი ლექსი რომ მომიძღვნან, ტოკიოს მეც მოვიგებო. მერე ლაშამ მითხრა, - დე, ძალიან დიდი მოტივაცია მომცა ამ ლექსმაო..წაიკითხეთ სრულად