2-წლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტი ოფიციალურად გაიხსნა. აშშ-ში აკრედიტებული ვებსტერის უნივერსიტეტი ახლა უკვე ადგილობრივადაც ოფიციალურად ავტორიზებულია და სტუდენტების პირველ ნაკადს წელს ჩარიცხავს. პროგრამები, რომლის განხორციელებას ფილიალი საქართველოში გეგმავს შემდეგია: საბაკალავრო საფეხური - საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტი, მასკომუნიკაციები. სამაგისტრო საფეხური - საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება. მომდევნო წლიდან კი აღნიშნულ ჩამონათვალს მედიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაც დაემატება.
ვებსტერ საქართველოს უნივერსიტეტის გახსნას ვებსტერის სხვადასხვა ფილიალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ ემინ ტაშირ ოღლუ ჰაჯიევი - რექტორის ასისტენტი, ტაშკენტის ოფისიდან და ერიკ კლიკი - ვებსტერის უნივერსიტეტის აკადემიური და სტუდენტური საქმეების დირექტორი, ვებსტერ საქართველოს აკადემიური საბჭოს წევრი.
ერიკ კლიკი: „ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვარ. ვებსტერი არის გლობალური უნივერსიტეტი და მისი ფილიალის გახსნა იქნება საუკეთესო გამოცდილება როგორც თავად უნივერსიტეტისთვის, ისე ქვეყნისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოსთვის ეს უმნიშვნელოვანესი პროექტის. ვებსტერს მსოფლიოს მასშტაბით 50-ზე მეტი კამპუსი აქვს და სტუდენტებს ვთავაზობთ არა მხოლოდ ფორმალურ განათლებას, არამედ იმ უნარების გამომუშავებას, რომელიც დღეს წარმატების მისაღწევადაა საჭირო. ეს გახლავთ საერთაშორისო გამოცდილება, რომელსაც საქართველო მიიღებს.“
ემინ ტაშირ ოღლუ ჰაჯიევი: „მოხარული ვარ ვებსტერის უნივერსიტეტის ქართული ფილიალის გახსნით. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი საერთაშორისო ქსელი ფართოვდება. მსოფლიოს მასშტაბით 10 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი და საერთაშორისო ქსელის შექმნისა და განვითარების ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს. ეს დაიწყო შვეიცარიაში და ამაღელვებელი მომენტია ჩვენთვის, რომ დღეს უკვე საქართველოშიც ვართ წარმოდგენილი.“
პროცესში აქტიურად იყო ჩართული ამერიკის საელჩო, რომელიც საქართველოში განათლების დონის ამაღლების მიზნით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. აშშ-ს ელჩის საქართველოში კელი დეგნანი მიესალმება რეგიონში პირველი ამერიკული უნივერსიტეტის გახსნას და აღნიშნავს, რომ ის საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტის გახსნით აღფრთოვანებულია.
აღსანიშნავია, რომ ვებსტერის უნივერსიტეტი აკრედიტებულია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) - ის მიერ, აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ს მიერ.
საქართველოს ფილიალში ჩარიცხულ სტუდენტებს აგრეთვე ექნებათ შესაძლებლობა ერთი ან რამდენიმე სემესტრი გაატარონ ვებსტერის უნივერსიტეტის მათთვის სასურველ კამპუსში, მსოფლიოს 50-მდე ლოკაციაზე და ისარგებლონ ყველა იმ ბენეფიტით, რასაც აღნიშნული უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს. საბაკალავრო პროგრამების წლიური საფასური 7900 აშშ დოლარი იქნება, სამაგისტრო პროგრამების წლიური საფასური კი 8600 აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ სწავლის ღირებულება ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ევროპისა და აშშ-ს ფილიალებში. მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ვებსტერის უნივერსიტეტის აშშ-ს ოფისის გადაწყვეტილებით, პირველ წელს, საქართველოს ფილიალში ჩარიცხული სტუდენტები საჩუქრად მიიღებენ საგრანტო დაფინანსებას 1000 აშშ დოლარის ოდენობით.
ვებსტერის უნივერსიტეტის პარტნიორის მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, ქართული ფილიალი 1000 სტუდენტზეა გათვლილი და ის ღიაა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუდენტებისთვის.
„ამერიკული დიპლომის აღება ახლა უკვე საქართველოში, ქვეყნის დატოვების გარეშეც შესაძლებელია. ჩვენთან უკვე მომზადებულია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურა და ამერიკელ პროფესორებთან ერთად ახალ სასწავლო წელს პირველ სტუდენტებს ველოდებით. ინფრასტრუქტურის მომზადების პარალელურად, ვმუშაობდით საგანმანათლებლო პროგრამის შერჩევასა და შემუშავებაზე. პროგრამები თავად ამერიკული უნივერსიტეტის მიერ განხორციელდება საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ის ფაქტი, რომ ეს არ არის ვებსტერის გარკვეული პროგრამები, რომლებიც სხვა უნივერსიტეტის მიერ განხორციელდება. ეს თავად ვებსტერის უნივერსიტეტის ფილიალია, ისეთივე, როგორიც ევროპის არაერთ ქვეყანაში ფუნქციონირებს. შერჩეულმა პროგრამებმა ავტორიზაციაც გაიარა, რაც ნიშნავს, რომ ის ქართული კანონმდებლობის შესაბამისად იწყებს ფუნქციონირებას,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
შესანიშნავი რეიტინგის გამო ვებსტერის უნივერსიტეტის სხვადასხვა კამპუსი საკმაოდ პოპულარულია ქართველ ახალგაზრდებში და მას არაერთი ქართველი კურსდამთავრებულიც ჰყავს. ისინი ვებსტერ საქართველოს გახსნასაც ესწრებოდნენ. ირინა მირიანაშვილი, რომელიც ვებსტერის ვენის კამპუსის კურსდამთავრებულია, აღნიშნავს, რომ ის საქართველოს ფილიალში ისწავლიდა, ამის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა.
„ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოში შემოსვლა ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი ფაქტია. ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ მაღალი დონის ამერიკული განათლება და ამ მიზნის მისაღწევად საზღვარგარეთ წასვლა აღარ მოუწევთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, ვებსტერ საქართველოს აკადემიური პერსონალი საერთაშორისო პროფესიონალებით იქნება დაკომპლექტებული, რაც დამატებით ღირებულებას შესაძენს ქართულ ფილიალს. ადგილზე ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლით სტუდენტებს მნიშვნელოვნად უმცირდებათ ხარჯი, რადგან მათ დამატებით უცხო ქვეყანაში ცხოვრების ხარჯის გადახდა აღარ უწევთ. მე რომ შესაძლებლობა მქონოდა, აუცილებლად ქართულ ფილიალში მივიღებდი განათლებას,“ - თქვა ირინა მირიანაშვილმა.
9 თებერვალს 16:00 საათზე , ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში პირველი ღია კარის დღე ჩატარდება.
დაინტერესებულ კანდიდატთა წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს მითითებულ ბმულზე.