ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ევროპის მასშტაბით "ფეისბუქმა“ და "ინსტაგრამმა“ ფუნქციონირება შეწყვიტოს, გერმანიისა და საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები ეხმიანებიან.
"ბლუმბერგის" ცნობით, მინისტრები აცხადებენ, რომ ისინი თავს კარგად გრძნობენ "ფეისბუქის " გარეშე.
"დაჰაკვის შემდეგ, მე ვცხოვრობდი "ფეისბუქისა" და "ტვიტერის" გარეშე ოთხი საათის განმავლობაში და ცხოვრება ფანტასტიკური იყო“, - განუცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა რეპორტიორებს. ჰაბეკის გვერდით იყო საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი, ბრუნო ლე მარიც, რომელიც თავის კოლეგას დაეთანხმა.
"შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ცხოვრება ძალიან კარგია "ფეისბუქის" გარეშე. ჩვენ ძალიან კარგად ვიცხოვრებთ მის გარეშე. ციფრულმა გიგანტმა უნდა გაიგოს, რომ ევროპის კონტინენტი მას წინააღმდეგობას გაუწევს“, - ამბობს ლე მარი.
საკითხი მას შემდეგ დაისვა, რაც Meta ვერ შეუთანხმდა მონაცემთა ევროპულ მარეგულირებლებს. Meta-ს სურს, რომ ევროპელთა მონაცემები გადაიტანოს, დაამუშავოს და შეინახოს აშშ-ში დაფუძნებულ სერვერებზე, რასაც ევროპული მარეგულირებელი კრძალავს.
აშშ-ის ფასიანი ქაღალდების ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ ხუთშაბათს "მეტამ“ გააფრთხილა ევროპის მონაცემთა მარეგულირებელი კომპანია, რომ შეთანხმების ამჟამინდელ მოდელს ვეღარ გამოიყენებს და თუ არაფერი შეიცვლება, ალბათ კონტინენტიდან წასვლა მოუწევს.
"მეტამ“ ასევე განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის მონაცემების გაცვლა და დამუშავება გადამწყვეტია ბიზნესისა და რეკლამის სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრისთვის.
"თუ მონაცემების გაზიარების შესაძლებლობა არ გვექნება, სავარაუდოდ, მომხმარებელს ვერ შევთავაზებთ ჩვენს პროდუქტს, მათ შორის, "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამს".
ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს ევროპიდან გასვლის, მაგრამ მარტივი რეალობაა ის, რომ "მეტა" და მრავალი სხვა ბიზნესი, ორგანიზაცია ეყრდნობა მონაცემთა გაცვლას ევროპასა და აშშ-ს შორის, გლობალური სერვისების ოპერირების მიზნით“, - ამბობს "ევრონიუსთან" Meta-ს პრესსპიკერი.