ავტორი:

შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტენ? - საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტს მიმართა

შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტენ? - საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტს მიმართა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარლამენტს შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართავს. კომიტეტის შესაბამისს დასკვნას ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს.

ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის მანდატის შეწყვეტის საფუძველს კონსტიტუციისა და რეგლამენტის ის ჩანაწერი იწვევს, რომლის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრო, უფლებამოსილება ვადამდე უნდა შეუწყდეს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, კომიტეტმა დაადგინა, რომ საშემოდგომო სესიის განმავლობაში 15 პლენარული სხდომა გაიმართა და როგორც ნათელაშვილმა, ასევე ხოშტარიამ 15-ვე სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინეს. მათ არცერთ სხდომაზე რეგისტრაცია არ გაუვლიათ, რაც უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას იწვევს.

კომიტეტის ოპოზიციონერმა წევრებმა დაადასტურეს, რომ მანდატების შეწყვეტის ფორმალურ-სამართლებრივი საფუძველი არსებობს, თუმცა მათ მმართველ გუნდს მოუწოდეს, შალვა ნათელშვილთან დაკავშირებით ის გარემოება გაითვალისწინონ, რომ „ლეიბორისტთა“ ლიდერი საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას აპირებს, ამაზე მისი საჯარო განცხადება არსებობს და გადაწყვეტილებაც სწორედ საკითხის მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიიღონ. ამ კონტექსტში გასული წლის პრეცედენტიც გაიხსენეს, როცა ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატების ვადამდე შეწყვეტის სურვილი ჰქონდათ, თუმცა მმართველმა უმრავლესობამ მათი შესაბამისი განცხადებები არ დააკმაყოფილა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, “ქართული ოცნების“ დეპუტატის კახა კუჭავას წერილობითი მიმართვა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე და დაადგინა, რომ მას მანდატი ვადამდე უნდა შეუწყდეს.

ასევე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრს ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

კომიტეტის შესაბამისი დასკვნის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის ნორმა, რომლის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის დასკვნის წარდგენისას განაცხადა, კომიტეტმა განაჩენის ასლი გამოითხოვა.

"განაჩენით დასტურდება, რომ პარლამენტის წევრის ბადრი ჯაფარიძის მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180 მუხლის მეორე ნაწილის “ა“ და მესამე ნაწილი “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.