ავტორი:

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეროვნული მუზეუმის საქმიანობაში მძიმე დარღვევები გამოავლინა" - რა განცხადებას ავრცელებს კულტურის საინისტრო

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეროვნული მუზეუმის საქმიანობაში მძიმე დარღვევები გამოავლინა" - რა განცხადებას ავრცელებს კულტურის საინისტრო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეროვნული მუზეუმის საქმიანობაში მძიმე დარღვევები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეროვნული მუზეუმის საქმიანობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა.

გეგმური აუდიტორული შემოწმება მუზეუმის 2018-2020 წლების საქმიანობის პერიოდს მოიცავს. როგორც 2016 წელს ჩატარებული შიდა აუდიტისა და 2013 წელს ჩატარებული აუდიტის დასკვნებში, მიმდინარე წლის 4 თებერვლის დასკვნაშიც მძიმე დარღვევებზეა საუბარი.

"აღნიშნული ანგარიშის თანახმად, რიგ შემთხვევაში, სამუზეუმო ექსპონატები განთავსებული იყო არასათანადო პირობებში (სხვენი, სარდაფი), ამასთან, ეროვნულ მუზეუმში არ არის დანერგილი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სამუზეუმო ფასეულობების დაცვის პირობებისა და აღრიცხვის შესაბამისობას მოქმედ რეგულაციებთან. აღნიშნული ზრდის თაღლითობის, ექსპონატების ფიზიკური დაზიანებისა და მათ არსებობასთან დაკავშირებულ რისკებს.

აუდიტის სამსახურის განცხადებით, მოცემული დასკვნა ნათლად აჩვენებს, რომ კულტურის სამინისტროს მიერ 2021 წლის აპრილიდან განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც, სხვებს შორის, მიზნად ისახავს ეროვნულ მუზეუმში საკადრო ცვლილებებს, სტრუქტურის ოპტიმიზაციას, ექსპონატების პასპორტიზაციასა და ინვენტარიზაციას, ექსპონატების მოძიებასა და მუზეუმში დაბრუნებას, შენობების რემონტსა და რეკონსტრუქციას, კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას, არის გამართლებული და ეს პროცესი აუცილებელი უნდა გაგრძელდეს“, - ნათქვამია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

ამასთან სამინისტროს მიხედვით, 4 თებერვალს გამოქვეყნებული აუდიტის ანგარიშის თანახმად:

"ეროვნულ მუზეუმში კვლავ არ იყო დასრულებული ფონდების აღრიცხვა- შეჯერების პროცესი; დარღვეული იყო სამუზეუმო ექსპონატების დროებით გამოფენაზე გატანის ვადები; მუზეუმის ზოგიერთი ფონდი საერთოდ არ აწარმოებდა ექსპონატების აღრიცხვის საინვენტარო წიგნებს, ხოლო ზოგიერთი აღნიშნულ წიგნებს აწარმოებდა არასრულყოფილად. კერძოდ, წიგნებში არ იყო შეტანილი საინვენტარო ნომრები, რის გამოც შეუძლებელი ხდებოდა კონკრეტული ექსპონატის იდენტიფიცირება; რიგ შემთხვევაში, სამუზეუმო ექსპონატები განთავსებული იყო არასათანადო პირობებში (სხვენი, სარდაფი). ზოგიერთი ფონდსაცავი არ იყო აღჭურვილი სათანადო ვენტილაცია-კონდიცირების სისტემით, რაც ქმნიდა ექსპონატების დაზიანების რისკს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ:

ეროვნულ მუზეუმში არ არსებობს ექსპონატების აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბაზა; ეროვნულ მუზეუმში არ არის დასრულებული ექსპონატების აღრიცხვა-შეჯერების პროცესი. შესაბამისად, ვერ ხერხდება შედეგების, დანაკლისის/ზედმეტობის დადგენა. აღრიცხვა-შეჯერების პროცესის დასრულებას ხელს უშლის ის გარემოებაც, რომ ეროვნული მუზეუმის შექმნიდან და შემდგომ პერიოდებში შემოერთებული მუზეუმებიდან არ მომხდარა ფონდების და, შესაბამისად, ექსპონატების ოფიციალურად გადაბარება.

ეროვნული მუზეუმიდან დროებით, სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებში გატანილი 944 ექსპონატიდან დაბრუნდა − 584, ვადა გაუგრძელდა 360 ერთეულს, აქედან, 321-ს ვადა გაუგრძელდა ორჯერ, თითო წლით. მათ შორის, ქვეყნის გარეთ გატანილია 722 ექსპონატი, დაბრუნებულია 426, ხოლო ვადა გაუგრძელდა 296-ს. ეროვნულ მუზეუმში არ არის დანერგილი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სამუზეუმო ფასეულობების დაცვის პირობებისა და აღრიცხვის შესაბამისობას მოქმედ რეგულაციებთან. აღნიშნული ზრდის თაღლითობის, ექსპონატების ფიზიკური დაზიანებისა და მათ არსებობასთან დაკავშირებულ რისკებს“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

ანგარიშში საუბარია საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზეც და რამდენიმე ფაქტი არის ასახული. მათ შორის, აღნიშნულია, რომ შესამოწმებელ პერიოდში მოქმედებდა წინა წლებში გაფორმებული 16 საიჯარო ხელშეკრულება.

"იჯარის საგანია 3245,7 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და 685 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 7 შემთხვევაში 18 საიჯარო ფართებზე კომუნალური ხარჯების აღრიცხვისა და გადახდის ვალდებულება მოიჯარის მიერ არ შესრულებულა და ანაზღაურება განხორციელებულია ეროვნული მუზეუმის მიერ. 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მოიჯარეებზე ირიცხებოდა 32 915 ლარის დებიტორული დავალიანება, რომელიც 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გაიზარდა 346 245 ლარით და შეადგინა 379 160 ლარი (აქედან, 241 083 ლარი − ძირითადი თანხა, 138 077 ლარი − საურავი). ამ თანხის დიდი ნაწილი ექვემდებარება ჩამოწერას. ანგარიშში დასკვნის სახით აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსაბამოდ, მუზეუმის მიერ იჯარით გაცემულ ფართებზე გაწეული კომუნალური ხარჯების ანაზღაურება არის საჯარო სახსრების არამიზნობრივი და არამართლზომიერი ხარჯვა.

სამინისტროს მტკიცებით, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ შესაბამისი დასაბუთების გარეშე, დადგენილი ტარიფებისაგან განსხვავებით სახელშეკრულებო ღირებულების განსაზღვრა იწვევს შემოსავლების შემცირებას და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ფართით მოსარგებლეებს, რის გამოც საანგარიშო პერიოდში მუზეუმმა დაკარგა 90 750 ლარიდან 148 250 ლარამდე შემოსავლის მიღების პოტენციალი.

ანგარიშში საუბარია კიდევ სხვადასხვა სახის დარღვევებზე და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები მოცემული ხარვეზების გამოსასწორებლად. სახელმწიფო აუდიტის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://cutt.ly/bOA6tkv“, - ნათქვამია ინფორმაციაში.