ავტორი:

"სიყვარული 15 წლის წინ მოვიდა.... ჩემი მეუღლე გიჟდება საქართველოზე" - ფრანგების რძალი ქართველი დეპუტატი უკრაინაში მებრძოლ ძმაზე, მშობლებსა და სააკაშვილზე

"სიყვარული 15 წლის წინ მოვიდა.... ჩემი მეუღლე გიჟდება საქართველოზე" - ფრანგების რძალი ქართველი დეპუტატი უკრაინაში მებრძოლ ძმაზე, მშობლებსა და სააკაშვილზე

ბევრი იარა, თუ - ცოტა, 1 წელია, რაც პოლიტიკაში და "ნაციონალების" გუნდში მოვიდა და დეპუტატიც გახდა. ამბობს, რომ როგორც პოლიტიკოსი, ის მიხეილ სააკაშვილმა აღმოაჩინა, როდესაც ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში მისი გამოსვლა ნახა. შემოთავაზებას დასთანხმდა და სურვილი აქვს, დიდხანს დარჩეს პოლიტიკაში.

"სავარძლიდან და ტელევიზორის ყურებით ვერაფერს შევცვლი, მე ახლა მომეცა ამის საშუალება და ვეცდები, პოზიტივისკენ შევცვალო რამე. აუცილებლად უნდა იყოს მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა, რაც საქართველოს მისცემს რეალურ საშუალებას იმის, რომ ნამდვილი დემოკრატია აშენდეს, ეს არის ჩემთვის ძალზე პრინციპული“, - გვეუბნება ფრანგების რძალი, ნონა მამულაშვილი, რომელმაც თავის დროზე, გენერალი მამის არჩეულ გზას გადაუხვია და სამხედრო აკადემიაზე უარი თქვა.

საკუთარ არჩევანს არც ნანობს და ირწმუნება, რომ მთელი ძალებით იბრძოლებს, პოლიტიკური საქმიანობის მანძილზე თვალს არაფერზე დახუჭავს და დანაშაულის გამოვლენის აუცილებლობას თუ ემსახურება, საამისოდ პროტესტის ყველანაირ ფორმას მიმართავს - "მაგიდაზეც ახტება და კედლებზეც გავა".

დეპუტატი Ambebi.ge-სთან ერთად მის შესახებ და თქვენთვის აქამდე უცნობ დეტალებზე გიამბობთ:

"იტალიურ ეზოში" გატარებული ბავშვობა

თბილისში დავიბადე, ჩვეულებრივ თბილისურ ოჯახში ვიზრდებოდი. მამა - ზურაბ მამულაშვილი სამხედრო იყო, გენერალ-ლეიტენანტი, დედა ფინანსური დირექტორი გახლდათ ერთ-ერთ დაწესებულებაში. მშობლები, ბებია-ბაბუა და და-ძმა ერთად ვცხოვრობდით აღმაშენებელზე (ყოფილ პლეხანოვზე), იტალიურ ეზოში. ამ ეზომ მომცა მრავალფეროვნების და იმის აღქმა, რომ საქართველო მრავალკულტურული ქვეყანაა.

ის სითბო და ურთიერთობა, რაც იტალიურ ეზოებში მაქვს ნანახი, ძალიან სპეციფიურია ჩემი უბნისთვის და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს მრავალფეროვნება ბავშვობიდან დავინახე და შევიგრძენი. მე და ჩემი ძმა - მამუკა მეათე კლასამდე რუსულ სკოლაში ვსწავლობდით, ბოლო წელს ქართულ სკოლაში გადავედით. მამა რადგან სამხედრო იყო და მოსალოდნელი იყო საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა დაგვჭირვებოდა, მშობლები თვლიდნენ, რომ რუსული ენა უნდა გვცოდნოდა, ეს იყო ამის ერთ-ერთი მიზეზი.

ნონა და მამუკა მამულაშვილები

"მამის არჩევანს ორივემ გადავუხვიეთ"

მამა აქტიურად იყო ჩართული შვილების პროფესიის არჩევის პროცესში და მისი სურვილი იყო მეც და მამუკასაც სამხედრო აკადემიაში გვესწავლა. იმ პერიოდში იყო ასეთი ამერიკული პროგრამა სამხედრო აკადემია ვესტ პოინტში, სადაც საქართველოდან მიჰყავდათ სტუდენტები. იქ 4 წელი უნდა გესწავლა, დასრულების შემდეგ კი თავდაცვის სამინისტროში გემუშავა. დედაჩემი ასე მარტივად ვერ შეგველია, ამიტომ ამ იდეას ორივემ თავი დავანებეთ. რადგან გვინდოდა ერთად გაგვეგრძელებინა სწავლა (მამუკა ჩემზე 1 წლით უმცროსია), და-ძმამ ერთად შევიტანეთ საბუთები შავი ზღვის უნივერსიტეტში, ენები ვიცოდით და უცხოენოვან უნივერსიტეტს ვეძებდით.

ნონა მამულაშვილი მამასთან ერთად

იმხანად საქართველოში არ იყო ასეთი და ზუსტად იმ წელს გაიხსნა შავი ზღვის უნივერსიტეტი, რომლის პირველი ნაკადიც ჩვენ ვიყავით. იქ სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა. უნივერსიტეტში ერთადერთი ფაკულტეტი ბიზნესადმინისტრირება და ეკონომიკა იყო, დიდი არჩევანი არ გვქონია და ეს ფაკულტეტი დავამთავრეთ, თუმცა მეც და მამუკასაც ყოველთვის გვინდოდა პოლიტიკური მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, დიპლომატია.

როდესაც სწავლას მოვრჩით და ბაკალავრის ხარისხი მივიღეთ, უკვე სამაგისტრო პროგრამაზე საერთაშორისო ურთიერთობები ავირჩიეთ. ძალიან მიყვარს და მარტივად ვითვისებ უცხო ენებს. ამჟამად 6 ენა ვიცი - ქართულის და რუსულის გარდა, ინგლისური, ფრანგული, თურქული და ესპანური. მერე მათ იტალიური და არაბულიც მივაყოლე, მაგრამ ამას არ ვახსენებ ხოლმე, რადგან გამართულად არ ვიცი. ენების შესასწავლად სადაც ვიარე, მამუკაც თან დამყავდა, ასე რომ, მასაც მოუწია სწავლა. ბავშვობაში კი მიჯერებდა, მერე შეიცვალა თორემ (იცინის)...

კარიერა

უნივერსიტეტის დამთავრების დღესვე, სხვადასხვა კომპანიებმა წარჩინებულ სტუდენტებს შემოგვთავაზეს სამსახური. ერთ კვირაში დავიწყე მუშაობა ამერიკულ კორპორაციაში, მარკეტინგის მენეჯერად ამიყვანეს. ცოტა ხნის შემდეგ, ეუთოს მისიაში იყო ვაკანსია და იქ გადავედი. იმ პერიოდში გამიმწვავდა სურვილი დიპლომატიაში გამეგრძელებინა სწავლა. ბევრი ძიების შემდეგ, ლონდონის ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა მთლიანი დაფინანსებით შემომთავაზა მაგისტრატურაზე სწავლა.

მერე პარიზში, მათსავე ფილიალში გადავედი, ამასობაში ფრანგული ენა დავხვეწე და დავამთავრე თუ არა უნივერსიტეტი, სორბონის უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა საკანდიდატოზე, მერე - სადოქტოროზე. 2006 წელს ჩამოვედი საქართველოში და ცოტა ხანს ვიმუშავე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ანალიტიკურ ჯგუფში, საიდანაც კერძო სექტორში გადავედი, სხვადასხვა კორპორაციაში ვიმუშავე. რეალურად მაინც პოლიტიკურ წრეებში ვრჩებოდი. შემდეგ კომპანია "ფაიზერმა" შემომთავაზა თანამშრომლობა და დავინიშნე რეგიონალურ დირექტორად ვაქცინებისა და ინოვაციური პროდუქტების მიმართულებით. იქიდან ისევ ამერიკულ კომპანიაში გადავედი და ბოლოს პოლიტიკაში მოვედი.

"შემოთავაზება პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მივიღე"

პოლიტიკით ისედაც ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი. როდესაც კერძო სექტორში ვმუშაობდი, პარალელურად უნივერსიტეტებში ვასწავლიდი საერთაშორისო ურთიერთობას, პოლიტიკურ მეცნიერებებს და ა.შ. ანუ ყოველთვის პულსზე მედო ხელი და ვაკვირდებოდი პოლიტიკურ ცხოვრებას. ჩემი სამსახურის ნაწილი იყო, შემეფასებინა ყველა იმ ქვეყნის პოლიტიკური გარემო, სადაც ვმუშაობდი, მითუმეტეს, საქართველო რჩებოდა ჩემთვის პრიორიტეტად. ვუყურებდი, რა ხდებოდა ბიზნესთან მიმართებაში სააკაშვილის მთავრობის ხელში, რა ხდებოდა მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" მოვიდა და რეალურად დავინახე, რომ საკმაოდ დიდი სხვაობაა - იმდენად დიდი ზეწოლა წავიდა ამერიკულ ბიზნესზე, კორპორაციებზე, მივხვდი, ისეთ ძალასთან გვაქვს საქმე, რომელიც ცდილობს საქართველოში ამერიკული ინტერესები მინიმუმამდე დაიყვანოს. "ნაციონალურ მოძრაობაში“ შემოთავაზება უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან მივიღე მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტმა ერთი ჩემი გამოსვლა ნახა ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში (სადაც დღემდე სტიპენდიანტი ვარ).

გამოსვლისას ვლაპარაკობდი კავკასიაზე, დიდი ძალების პოლიტიკაზე, მათ ინტერესებზე ჩვენს რეგიონში, კონკრეტულად კი - საქართველოში. შემდეგ დამიკავშირდნენ და მკითხეს, პოლიტიკაში მოსვლა და ამ სფეროში საგარეო მიმართულებით მოღვაწეობა თუ მაინტერესებდა. ვინაიდან ჩვენი ხედვები ბევრ რაღაცაში ემთხვეოდა, ასე და ამრიგად აღმოვჩნდი პოლიტიკაში. ჩემი ძირითადი საქმიანობის გარდა, ძალიან მიყვარს და ბავშვობიდან ვხატავ, თავისუფალ დროს ეს განტვირთვის შესანიშნავი საშუალებაა.

"მამუკა - ჩემი სიამაყე"

მამუკა მაინც სამხედრო გზით წავიდა. მას ბავშვობიდან იმისთანა ტრავმა აქვს მიღებული... მამუკა მამასთან ძალიან ახლოს იყო და ცდილობდა, სამხედრო მიმართულებით დიდი გამოცდილება და ცოდნა მიეღო. როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, მამას თავის რაზმი ჰყავდა, რომელიც წვრთნებს გადიოდა თბილისის მახლობლად და შვილიც თან დაჰყავდა.

მამუკა მაშინ 14 წლის იყო, თუმცა დიდი ტანის და მთელი წვრთნა ბიჭებთან ერთად გაიარა. როდესაც მამა აფხაზეთში საბრძოლველად წავიდა, იქ ბრძოლების დროს რამდენიმე ოჯახის წევრი დაგვეღუპა, რაც მამუკამ მტკივნეულად გადაიტანა. მამა სულ იქ იყო, მაგრამ დროდადრო ბრუნდებოდა. ერთ-ერთი წასვლის დროს გავიგეთ, რომ მამუკაც გაიპარა სახლიდან. ეს რომ შევიტყვეთ, დედამ მამას მიაწვდინა ხმა, რომ მამუკა აფხაზეთში იყო, მამამ იპოვნა შვილი და თავის რაზმში გადმოიყვანა. სოხუმის დაცემის დროს, მამას რაზმს სოხუმჰესის დაცვა დაევალა. ერთმა ადგილობრივმა მოსახლემ მათი ბატალიონის შესახებ რუსებს მიაწოდა ინფორმაცია და ჰესზე დიდი შეტევა მოხდა.

შეტაკების დროს მამუკას ესროლეს და ტყვიამ, საბედნიეროდ, მის ქუდში გაიარა. ჰესის დირექტორს 3 პატარა ბავშვი ჰყავდა, გააპარეს, მაგრამ აფხაზურმა მხარემ ისინი შეიპყრო, ბავშვები დაიტოვეს, ქალი გამოაგზავნეს და მამას შემოუთვალეს, თუ არ დაგვნებდებით, მთელ ოჯახს დავხვრეტთო. მამას მოუწია გადაწყვეტილების მიღება - იარაღი დაეყარათ და ბავშვები გადაერჩინათ. შემდეგ ისინი ტყვედ აიყვანეს და გუდაუთის ბანაკში გადაიყვანეს. მე და დედამ ამის შესახებ შემთხვევით, ტელევიზორით გავიგეთ - ერთ-ერთ რუსულ არხზე იჯდა მამა-შვილი დაკითხვაზე... იმ დღეს გუდაუთის ბანაკში "წითელი ჯვარი“ მისულა, მათ დააფიქსირეს, რომ ისინი იქ იყვნენ და ამიტომ გადაურჩნენ დახვრეტას, თორემ იქედან ცოცხალი ვერც ერთი გამოვიდოდა. მამუკას 3 თვე მოუწია ტყვეობაში ყოფნამ, მამას - 6 თვე.

მამა-შვილი მამულაშვილები

მამას ეუბნებოდნენ, გაგიყვანთო, მაგრამ მანამ არ გამოვიდა, სანამ ბოლო ჯარისკაცი არ გამოიყვანა იქედან და ყველას გაცვლა არ მოხდა. რა თქმა უნდა, ამან ორივეს დიდი ტრავმა დააჩნია, ომის ტრავმები, სამწუხაროდ, არ გადის. დაბრუნდა მამუკა, მერე რეაბილიტაციის პერიოდი გაიარა. ბავშვი იყო და მაინც ვერ აღვიქვით ტრავმა ასეთი ღრმა თუ იქნებოდა. მერე, ბიჭები გვიყვებოდნენ, რომ ის დაღუპული ბიჭები სულ მამუკას, 14 წლის ბიჭს დაასაფლავებინეს. ბანაკში წამებაზე არავინ არაფერს გვიყვება, მაგრამ პერიოდულად რაღაცეებს ვიგებდით ხოლმე. ორივე ძლიერი იყო და მაინც გადალახეს ეს მძიმე პერიოდი, ყოველდღიუორობაში ვერაფერს ვგრძნობდით, მაგრამ ეს ტრავმა რჩება ადამიანში.

მამუკა ვერასდროს დაუბრუნდა მშვიდ ცხოვრებას, ყოველთვის იქ არის, სადაც რუსეთი და მისი აგრესიაა, მონაწილეობდა ყველა კონფლიქტში, სადაც რუსეთის ხელი ერია. ამჟამად ჩემი ძმა უკრაინაშია. ის შერეული ორთაბრძოლების ასოციაციის პრეზიდენტი იყო და 2014 წელს ჩავიდნენ კიევში შეჯიბრებაზე. სწორედ იმ დროს დაიწყო მეიდანი, მას მერე დარჩა და დარჩა. 2014-ში უკრაინელებს არ ჰქონდათ ის გამოცდილება, რაც დღეს აქვთ და მამუკას მათ წვრთნა-მომზადებაში დიდი წვლილი მიუძღვის. მამუკა 14 წლის იყო, როცა ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის მედლით დააჯილდოვეს. ის ერთადერთია საქართველოში, ვისაც ამ ასაკში აქვს ჯილდო მიღებული. ჩემი ძმა ახლა უკვე კაპიტანია, ძალიან ვამაყობ მისით...

"ღირსების საქმე იყო ჩემი უკრაინაში ჩასვლა"

ახლაც, ამ დაძაბულობის დროს ჩავედი მამუკასთან. მასთან სისტემატურად ჩავდივარ ხოლმე, არაა პირველი შემთხვევა. რადგან პარლამენტის დეპუტატი ვიყავი და ვხედავდი, რა ხდებოდა საქართველოში, სადაც წესიერ რეზოლუციას ვერ მოაბეს თავი, რუსეთის ხსენების შეეშინდათ და სირაქლემას პოზიციაში ჩადგნენ, ჩავთვალე, რომ ღირსების ამბავია, უნდა ჩავიდე და იქ ვიყო იმ მომენტში, როდესაც უკრაინას მთელი მსოფლიო გვერდით უდგას.

რადგან პარლამენტის დეპუტატი ვარ, მეტი გამოჩნდა, თორემ იქ ჩასვლით ახალი არაფერი გამიკეთებია. არ ვიცი, ასაკია თუ მსოფლმხედველობა შემეცვალა, მაგრამ მივხვდი, რომ სამხედრო საქმე არ არის ჩემი, ასე რომ, არ ვნანობ, მამის რჩევას რომ არ მივყევი. ცოტა უფრო ახალგაზრდა რომ ვყოფილიყავი, შეიძლებოდა გული დამწყვეტოდა, მაგრამ ახლა - არა. ეს ძალიან მძიმე პროფესიაა, ძალიან. ისე, სამხედრო ფორმა მარტო მე კი არა, ყველას უხდება...

"კიდევაც ავხტები მაგიდაზე და კედლებზეც გავალ"

პარლამენტში ჩემს მაგიდაზე ახტომას უმრავლესობის პროტესტი მოჰყვა. მაგიდაზე იმიტომ ავხტი, რომ თქვენი კოლეგა მოკლეს. რამდენსაც ესენი ჟურნალისტს მოკლავენ, აუცილებლად კიდევაც ავხტები მაგიდაზე და კედლებზეც გავალ იმიტომ, რომ ეს არის პროტესტის ფორმა. ნებისმიერი პროტესტის ფორმა, რომელიც მიიქცევს ყურადღებას და დანაშაულს გამოავლენს, ჩემთვის მისაღებია. ესთეტიკურად ეს შეიძლება ბევრისთვის მიუღებელი იყო, მაგრამ ყურადღება თვითონ აქტზე კი არა, იმაზე უნდა გადაიტანო, რას ვაპროტესტებდით.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

მე იქ გადასახადების გაზრდას, ან შემცირებას ხომ არ ვაპროტესტებდი, ადამიანის მკვლელობაზე იყო ლაპარაკი, რომლის იგნორირება ხდებოდა. ვფიქრობ, ზუსტად მაგიდაზე შეხტომამ მოიტანა ამხელა ყურადღება ამ ფაქტის მიმართ. სამწუხაროდ, იმისთანა სახელმწიფოში ვცხოვრობთ, რომ არავითარი რეაგირება და შემდეგი ეტაპი არ დავაყენეთ იმისთვის, რომ ასეთი მსხვერპლის შემოქმედი დამნაშავეები დასჯილიყვნენ. ის, რომ გამაკრიტიკებდნენ, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, პოლიტიკაში როცა მოვდიოდი, ძალიან კარგად ვიცოდი, ეს მარტივი არ იქნებოდა და აქ კრიტიკაც ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ არ მიყვარს, როდესაც ყურადღება გადააქვთ აქტზე, მაგრამ რატომ მოხდა ეს აქტი, აღარავის ახსოვს.

"სიყვარულზეც მოგიყვებით"

სიყვარული 15 წლის წინ მოვიდა. მომავალი მეუღლე ჩემთან, ერთ-ერთ ღონისძიებაზე გავიცანი, სადაც მეგობრები მყავდა დაპატიჟებული. საფრანგეთის მერე ძირითადად, ფრანგულ წრესთან, მათ შორის, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან მქონდა შეხება. ჩვენ საერთო მეგობარი გვყავდა, ის მოვიდა და აქედან დაიწყო ყველაფერი. ჩემი მეუღლე - ორელიან ჟირო განათლებით ბავშვთა ფსიქოლოგია. ჩვენ ორი შვილი გვყავს, - 12 და 10 წლის გოგონები.

6 წელი საფრანგეთში ვცხოვრობდი, ამიტომ ჩემთვის არ იყო ეს უცხო კულტურა, პირიქით, ჩემთან ძალიან ახლოს იყო და პრობლემა მაინც და მაინც არ გვქონია. ჩემს მეუღლეს სიგიჟემდე უყვარს საქართველო, მგონი, ქართულად, ჩემზე უკეთ საუბრობს. ჩვენ ერთხმად გადავწყვიტეთ აქ ცხოვრება და შვილების საქართველოში გაზრდა. ორელიანს სხვადასხვა პროფესია აქვს და აქ მოღვაწეობს.