თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას ბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, უგულავასა და საქმის განმხილველ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილს შორის შეკამათება მოხდა.
გიგი უგულავამ, რომელსაც ბრალდების მიხედვით ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან, სხდომაზე ინციდენტის ამსახველი მასალის წარმოდგენა მოითხოვა. მისი თქმით, ეს ჩანაწერები სასამართლოში რომ იყოს წარმოდგენილი, სასამართლო გაცილებით ადრე და ეფექტურად დააყენებდა განაჩენს. თავად მოსამართლემ კი უგულავას განუმარტა, რომ ის იკვლევს იმას, რასაც მტკიცებულების სახით მხარეები წარუდგენენ. უგულავამ კი აღნიშნა, რომ მისი ბრალდების საქმე აბსურდია და ზოგადად ეს პროცესი მარაზმია.
“წინაზეც გითხარით, რომ თქვენც ამ “მარაზმში” მონაწილეობთ და ნუ მიიღებთ ბატონო, მაშინ ამ მარაზმში მონაწილეობას”,- მიმართა მოსამართლემ გიგი უგულავას.
უგულავამ საპასუხოდ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს საქმე მას ეხება, ბრალდებულია და გაუგებარია მისთვის სიტყვები - „ნუ მიიღებს მონაწილეობას“. მოსამართლემ კი განუმარტა, რომ რადგანაც ბრალდებულია ზუსტად იმიტომაც აქვს უფლება, თუ უნდა მიიღებს მონაწილეობას პროცესში, თუ უნდა - არა.
“რა მნიშვნელობა აქვს, მე ვიქნები თუ არა აქ. მე მაინც ვარ ამ მარაზმის მონაწილე და შეფასების უფლებას ვერავინ წამართმევს”, - მიმართა გიგი უგულავამ მოსამართლეს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან.
ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებული გახლდათ გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებოდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი და ჯარიმა დაეკისრა.