ავტორი:

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სამივე პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სამივე პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომას სამივე ბრალდებული - ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დაესწრნენ.

დაცვის მხარემ სასამართლოს მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატის თქმით, საუბარია საგამოძიებო მოქმედებებისას ხასიას ფარულად ჩაწერაზე, საქმეში არსებულ ავტომობილებზე და ხასიას სახლის ჩხრეკისას ამოღებულ ტელეფონებზე, რომელიც მის მეუღლესა და შვილს ეკუთვნის.

დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები კანონდარღვევითაა მოპოვებული. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, სხდომაზე პროკურორმაც დააყენა დაცვის მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის საკითხი. მან ბრალდებულების ბრალეულობაზე ისაუბრა და მათ შორის, ხაზი გაუსვა დაკავებულთა მხრიდან წარსულში ნარკოტიკული საშუალების კულტივირებაზე, რა დროსაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა რეპლიკის სახით სხდომაზე აღნიშნა - “ციხეში დავთესავ”.

დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენეს. კერძოდ კი, ბიძინა ხასიას შემთხვევაში 20 000 ლარიანი გირაო, ლევან რაჯავის შემთხვევაში 10 000 ლარი, ხოლო ბექა ლატარიას შემთხვევაში 150 000 ლარი.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ბექა ლატარიას მიმართ ხორციელდება ზეწოლა და "ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სამივე პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. საქმე თეთრი ძაფითაა ნაკერი”.

პროკურორის განმარტებით, კი სამივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებებზე: საკმარისი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რაც ასაბუთებს იმას, რომ მათ დანაშაული ჩაიდინეს, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ. ასევე არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის სააფრთხეები. აქედან გამომდინარე, პროკურორის თქმით, არცერთი ბრალდებულის მიმართ არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და ბრალდებულების მიმართ პატიმრობა ძალაში დატოვა.

ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავეს.

ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით აქვს წარდგენილი. ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. ლევან რაჯავს გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება.