"რუსთავი 2“-ზე გადაცემა "ღამის პრაიმტაიმში“ სტუმრები ორ ბანაკად იყვნენ გაყოფილები, ერთ მხარეს ვაქცინაციის მომხრეები და ექიმები, მეორე მხარეს კი ანტივაქსერები. სტუდიაში განსაკუთრებული ხმაური ეკა კვალიაშვილისა და გიორგი ყიფშიძის განცხადებებმა გამოიწვია. ცნობილი სახეები ორივე აუცრელი გახლავთ, კვალიაშვილს კოვიდის არსებობის დაჯერება უჭირს, ხოლო გიორგი ყიფშიძეს გარდაცვლილთა სტატისტიკის არ სჯერა.
შემაჯამებელი კომენტარი დასასრულს მსახიობმა თამარ სხირტლაძემ გააკეთა და გაოცება გამოხატა, რომ ამ რეალობაში არსებობდნენ აცრის მოწინააღმდეგეები. 92 წლის მსახიობი თავად ჯერ კიდევ 2021 წლის მაისში ასტრაზენეკას ვაქცინის ორი დოზით აიცრა...
თამარ სხირტლაძე:
"გაოცებული ვარ, პანდემია რომ დაიწყო, ხომ გახსოვთ რას ამბობდნენ, - საქართველოში ერთციფრიანი სიკვდილიანობააო. გვიხაროდა და ვზეიმობდით, რომ ჩვენთან ცოტა სხვანაირად იყო, ვამბობდით, - რას ნიშნავს, რომ კულტურული და შეგნებული ერი ვართო. ეს რა ვნახე, ხალხნო, წნევამ ამიწია, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი რომ ახლა საქართველოში, როდესაც სერიოზული სახე მიიღო პანდემიამ, ასეთი მდგომარეობა იქნებოდა... ვფიქრობდი არის ვიღაც გონებადაბნელებული ხალხი, მაგრამ... როგორ შეიძლება ასე მსჯელობა, რომ მე ვაქცინას არ გავიკეთებ. კი მაგრამ შენ ვინ გეკითხება, ამის წინააღმდეგი რანაირად შეიძლება იყო, თენგიზ ცერცვაძეს არ დაუჯერო და აქ ვიღაცამ რაღაც წაგჩურჩულა ყურში და იმას დაუჯერო.
შავი ჭირი და კეთრი რომ გაჩნდებოდა, ხალხი მიყავდათ კუნძულებზე და სადღაც მალავდნენ. იმათ არ უნდოდათ წასვლა, მაგრამ მიყავდათ, რომ ერი გადაერჩინათ".