თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ბრალდებული უგულავა.
დღევანდელ პროცესზე 4 მოწმის დაკითხვაა დაგეგმილი.
უკვე დაიკითხა აეროპორტში მომუშავე მესაზღვრე პატრული პაატა ბახტურიძე.
მან დეტალურად გაიხსენა აეროპორტში, კერძოდ, ბარში გიგი უგულავასა და ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილს შორის მომხდარი ინციდენტი.
"ბარში რომ შევედით, ჩვენ პირდაპირ იდგნენ ბატონი გიგი და ბადრი გავაშელიშვილი.
ბატონი გიგი სახით ჩემკენ იდგა, რომელსაც კარგად ვხედავდი, ბატონი გიგი ხელს იქნევდა, გავაშელიშვილს ნიკაპში ხვდებოდა, თუ ზურგში, ტკიოდა, თუ არ ტკიოდა, არ ვიცი, ბადრი ჩემკენ ზურგით იდგა, ისიც ხელებს იქნევდა. ვხედავდი აშკარად, რომ ისიც ხელით რეაგირებდა", - განაცხადა პატრულის თანამშრომელმა.
მისივე თქმით, ინციდენტის ამოწურვის შემდეგ, მან გოკა გაბაშვილი წაქცეულ მდგომარეობაში ნახა.
"ბატონ გოკას ფეხი სტკიოდა და გადაადგილება უჭირდა. ბადრი გავაშელიშვილს მოტკეცილი მაისური ეცვა, ყელთან ჩამოხეული ჰქონდა, თვითონ აღელვებული, ანერვიულებული იყო, მიუთითებდა, ბატონ გიგიზე, შეურაცხყოფა მომაყენაო",- განაცხადა ბახტურიძემ.
აღნიშნულის შემდეგ უგულავამ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს მიმართა.
"ამ საქმეში საკვანძო იქნებოდა, გამოძიებას კეთილი ენება და ის კადრები წარმოედგინა, რომელზეც საუბრობენ. ჩანაწერები არ არის. რატომ? იმიტომ, რომ პროკურატურამ განაცხადა და მარტივი მუხლია და კანონი არ გვავალდებულებს ჩანაწერები წარმოვადგინოთო და თქვენ დაეთანხმეთ. არადა, მარტივი იქნებოდა.
შენიშვნის სახით ვთქვი, ეს გაუგებრობა არის მხოლოდ იმის გამო, რომ ვიდეომასალები პროკურატურამ არ წარმოადგინა და თქვენ დაეთანხმეთ", - განაცხადა უგულავამ.
"ნუ მიყვირი" - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა ოპოზიციონერ ლიდერს.
"მაშინ დამაცადეთ საუბარი", - მიუგო მოსამართლეს ბრალდებულმა უგულავამ.
მან კითხვით მიმართა პატრულსაც, ჰქონდა თუ არა მას ინციდენტის შემდეგ დაზიანება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბახტურიძემ განაცხადა, რომ შესაძლებელია, დაზიანება უგულავასაც ჰქონოდა, თუმცა, მან ტერიტორიიდან ბადრი გავაშელიშვილი განარიდა. უგულავას თქმით, მოწმე დეტალურად ყვება გავაშელიშვილის დაზიანებებს, რომელიც ზურგით იდგა, თუმცა, ვერ დაინახა მის წინ მყოფ უგულავას ჰქონდა თუ არა დაზიანება.
ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.