უკრაინა-რუსეთს შორის ვითარება კვლავ რთულია. რუსეთის ხელისფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებენ, მაგრამ ამავდროულად, უკრაინის საზღვართან დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები ჰყავთ მობილიზებული. ამ ფონზე დასავლეთი აძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც საერთაშორისო ტრიბუნიდან წარმოთქმული მხარდამჭერი სიტყვებით, ასევე სამხედრო შეიარაღებით.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აქტიური დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატებია.
რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხის პარალელურად, უკრაინა აძლიერებს თავდაცვისუნარიანობას, რეზერვისტთა ბატალიონებში უკვე ჩაეწერა ათასობით მოხალისე, რომელთა შორისაც არიან ქალებიც. უკრაინელი ქალების ნაწილი მიიჩნევს, რომ სამხედრო კუთხით მათი ჩართულობა, მზადყოფნა მოსალოდნელი საფრთხისადმი, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია..
რეზერვისტთა სამხედრო წვრთნები სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, ქუჩებში, ბაღებსა და სკვერებშიც კი მიმდინარეობს და ისინი, ვისთვისაც ჯერ ნამდვილი იარაღი არ მიუციათ, ხის იარაღებით ვარჯიშობენ.
მედიაში აღნიშნულის ამსახველი ფოტომასალა და იმ უკრაინელი ქალების კომენტარები ვრცელდება, რომლებმაც გადაწყვიტეს რეზერვისტთა რიგებში ჩაწერილიყვნენ.
როგორც "ვაშინგტონ პოსტი" წერს, ბოლო სამი წელია, რაც რეზერვისტები ყოველ შაბათ-კვირას იკრიბებიან წვრთნებისთვის, ყველაზე უარესი სცენარისთვის, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის მოსამზადებლად. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს ნაკლებად სავარაუდო პერსპექტივად ჩანდა, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა და უკრაინელებიც ცდილობენ, უფრო მეტი თავდაცვისუნარიანობით შეხვდნენ რუსეთს, თუკი ის უკრაინაში შეიჭრება.
კიევის 130-ე რეზერვისტთა ბატალიონიც მზადების პროცესშია. ის 500 წევრისგან შედგება და "ვაშინგტონ პოსტი“ ზოგიერთი მათგანის კომენტარს აქვეყნებს. ჩვენს ყურადღებას კი ბატალიონის ქალი წევრები იპყრობენ.
52 წლის მარიანა ჟაგლო ბაზრის მკვლევარია, ის ამბობს, რომ "ახლა განზე დგომა არ შეიძლება!"
ბევრი მოხალისის მსგავსად, მანაც მიიღო მონაწილეობა 2014 წელს გამართულ საპროტესტო აქციებში, რომლის შემდეგაც პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და მისი მთავრობა, რომელიც პრორუსად და კორუმპირებულად ითვლებოდა, გადადგა. რუსეთის მიერ ყირიმის ხელში ჩაგდებისა და აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჟაგლო ეძებდა გზას, რომ თავადაც ჩართულიყო საომარ მოქმედებებში.
ორი წლის წინ მეგობარმა, რომელიც შეუერთდა ბატალიონს, ის საწვრთნელ ვარჯიშზე წაიყვანა. "ეს შემთხვევით მოხდა“, - ამბობს ქალი.
მარიას ორი ზრდასრული ქალიშვილი და სკოლის მოსწავლე ვაჟი ჰყავს. მისი თქმით, შესაძლებელია რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტოს და უკრაინაზე თავდასხმა არ განახორციელოს.
"სიტუაცია ყოველ დღე იცვლება“, - ამბობს ქალი და მიიჩნევს, რომ ის დახმარება, რომელსაც მთელი მსოფლიო ახლა უკრაინას უწევს, თავის როლს თამაშობს და შესაძლოა, რუსი სამხედროები უკრაინაში არ შეიჭრან.
52 წლის ალისა ბოლოცკაია ერთ-ერთია იმ მოხალისეთა შორის, რომლებიც კიევში, ერთ-ერთი სკოლის ეზოში გადიან წვრთნას. მისი პარტნიორიც რეზერვისტებში ირიცხება.
"მე ექთანი ვარ და ჩემთვის, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლისთვის, ვალდებულებაა თავდაცვის ძალებში გაწევრიანება. მინდა, გამოვიყენო ჩემი პროფესიული გამოცდილება, რათა გადავარჩინო უფრო მეტი სიცოცხლე, რამდენადაც შესაძლებელია, თუ სიტუაცია კონტროლს აღარ დაექვემდებარება.
ახლა სიტუაცია არასტაბილურია, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ არ მოგვიწევს იმის პრაქტიკაში გამოყენება, რასაც აქ თეორიულად ვსწავლობთ“, - ამბობს ქალი france 24-თან.
National Public Radio კიდევ ერთი უკრაინელი მოხალისე ქალის, მარტა უიზკივის შესახებ წერს. მარტა პროფესიით ექიმია, ის ახლა სამხედრო წვრთნებს გადის და ამბობს, რომ გრძნობს, "უკრაინა ახლა რაღაც დიდისთვის იბრძვის."
"მინდა ვთქვა, რომ ახლა საფრთხეში ვართ და საფრთხეშია არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი დემოკრატიული სამყარო. იმედი მაქვს, რომ ერთად შევძლებთ პუტინის შეჩერებას. ვიცი, რომ პარტნიორები მხარს გვიჭერენ ამაში, მადლობელი ვარ ამისთვის", - ამბობს მარტა.
მიკიტენკომ პირველი წელი გაატარა დონბასში, მეორე ფრონტის ხაზზე, სამხედრო შტაბში, მოგვიანებით მან ოფიცრის მოსამზადებელი სამთვიანი კურსი გაიარა, რის შემდეგაც "მოტორიზებული ქვეითთა ოცეულის მეთაურის“ სამხედრო წოდება იიღო.
"მე მსურდა, მებრძოლა ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ეს ძალიან რთული იყო, რადგანაც არ ვიყავი ჯარისკაცივით მომზადებული. თავდაპირველად მათ არ სურდათ, რომ თავიანთ რიგებში მივეღე, მაგრამ დავამტკიცე, რომ ამის გაკეთება შემეძლო“, - ამბობს მიკიტენგო.
ჯერ კიდევ 2021 წელს ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთი პროფესიის ქალს სამომავლოდ მოეთხოვება სამხედრო სამსახურის გავლა, მათ შორის არიან ექიმებიც. ამის შესახებ საუბარია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს 2021 წლის ოქტომბრის ბრძანებაში.
"ეს საკანონმდებლო ცვლილება ახლა არ მოქმედებს, მაგრამ 2022 წლისთვის შესაძლოა, საჭირო გახდეს ქალებისთვის რეგისტრაცია თავიანთ ტერიტორიულ ცენტრში. 2022 წლის განმავლობაში არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ მომავალში, სამხედრო აღრიცხვაზე თავის არიდება, ქალებისთვის (ისევე როგორც კაცებისთვის) დაექვემდებარება ჯერ გაფრთხილებას, ხოლო შემდეგ ჯარიმას“, - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.