სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2021 წლის 1 იანვრიდან- 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული 183 ექიმის საქმიდან, პროფესიული განვითარების საბჭომ 154 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა, 22 ექიმს არ დააკისრა, ხოლო გადაიდო/არ იქნა განხილული 7 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.
როგორც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის მუშაობის ანგარიშშია ნათქვამი, პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა დაწყებულია 286 შემთხვევაში.
"შემოწმებების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე, შედგენილ იქნა და სასამართლოებს გაეგზავნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 986 ოქმი. აქედან: "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევაზე - 663 ოქმი; სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევაზე – 72 (მ.შ. განმეორებითი სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევა - 5; სააღმზრდელო საქმიანობა - 7); მაღალი რისკის შემცველი საქმიანობა (ტექნიკური რეგლამენტი) – 102; სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა - 31; უკანონო საექიმო საქმიანობა - 31; პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის, გამოწერის და გაფორმების წესების დარღვევა - 87. ამ ეტაპზე, სასამართლოებიდან მიღებული ინფორმაციით, დაჯარიმდა - 510 სამართალდამრღვევი; შენიშვნა მიეცა - 234 სამართალდამრღვევს; საქმე შეწყდა - 97 შემთხვევაში. 145 შემთხვევაში პროცესი მიმდინარეობს. ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლოების მიერ, ჯარიმის სახით დაკისრებულმა თანხამ, ამ ეტაპზე, შეადგინა 1 420 050.00 ლარი.
საანგარიშო პერიოდში, ჩატარდა პროფესიული განვითარების საბჭოს 24 სხდომა. საბჭოს გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, უგამოცდოდ, სახელმწიფო სერტიფიკატი მიენიჭა 57 ექიმს; სუბსპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება მიენიჭა 269 ექიმ-სპეციალისტს; დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება მიენიჭა სამედიცინო დაწესებულებების მიერ მოწვეულ უცხო ქვეყნის 65 ექიმ-სპეციალისტს. აკრედიტაცია მიენიჭა უწყვეტი სამედიცინო განათლების (მათ შორის, 9 კონფერენცია) 93 პროგრამას. განხილულ იქნა და დამტკიცდა ექიმების დიპლომისშემდგომი მზადებისა და მომიჯნავე სპეციალობებში გადამზადების პროგრამები (183 ინდივიდუალური მზადების პროგრამა).
2021 წელს განხორციელდა 86 პროგრამა, ჩატარდა 347 ტრეინინგი. ტრეინინგში მონაწილეობა მიიღო 6 482 მსმენელმა. 2021 წელს ჩატარდა 8 კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 626 მსმენელმა.
პროფესიული განვითარების საბჭომ განიხილა პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული 91 საკითხი (183 ექიმი). საბჭოს მიერ გადაიდო/არ იქნა განხილული 7 ექიმის პროფესიული პასუხიმგებლობის საკითხი; პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა 22 ექიმს; პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 154 ექიმს, აქედან: 125 ექიმს მიეცა "წერილობითი გაფრთხილება“; სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 29 ექიმს,“ - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში შემოვიდა 1182 შეტყობინება ამბულატორიული ტიპის დაწესებულებების მაღალი რისკის შემცველი საქმიანობების განხორციელების თაობაზე.
"საანგარიშო პერიოდში, განხილულ იქნა 176 სააკრედიტაციო განაცხადი. საანგარიშო პერიოდში, ავტორიზებულ აფთიაქზე და ფარმაცევტულ წარმოებაზე გაიცა სულ 29 სანებართვო მოწმობა. გაუქმდა 67 ფარმაცევტული დაწესებულება. 67 გაუქმებული დაწესებულებიდან სააგენტომ გააუქმა 2 ავტორიზებული აფთიაქი და 1 ფარმაცევტული წარმოება. შეტყობინების საფუძველზე რეალიზაცია შეწყვიტა 377 ფარმაცევტულმა დაწესებულებამ. 377 გაუქმებული დაწესებულებიდან, სააგენტომ გააუქმა 12 აფთიაქი (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი), 5 საბითუმო რეალიზატორი და 1 საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტი. ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა სულ 10 მაძიებელს (ავტორიზებული აფთიაქი - 9; ფარმაცევტული წარმოება - 1).
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტზე გაცემულია 220 ნებართვა; სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტზე გაცემულია 9 ნებართვა; სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ნებართვის გაუქმება და გაცემა განხორციელდა 10 შემთხვევაში; სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ნებართვა გაუქმდა 9 შემთხვევაში,“- ნათქვამია ანგარიშში.