ავტორი:

"გამოცდილი მეშახტე იყო ჭაბუკა... მეუღლე და შვილები დარჩა" - რა მოხდა ტყიბულის შახტში, სადაც აფეთქებას ადამიანი ემსხვერპლა?

"გამოცდილი მეშახტე იყო ჭაბუკა... მეუღლე და შვილები დარჩა" - რა მოხდა ტყიბულის შახტში, სადაც აფეთქებას ადამიანი ემსხვერპლა?

30 იანვარს, დაახლოებით, ღამის 11 საათისთვის აფეთქება მოხდა ტყიბულის შახტში, რომლის შედეგადაც, 1 ადამიანი - ჭაბუკა სოფრომაძე ტყიბულის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, 9 მეშახტე კი დაშავდა. რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა, ამას კომისია დაადგენს.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, ტყიბულის შახტში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებულები თბილისში, ხეჩინაშვილის ​კლინიკაში გადაიყვანეს.

დავით ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, მინდელის სახელობის შახტაში აფეთქება დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა.

დაშავებულ 9 პირს პირველადი სამედიცინო დახმარება ტყიბულის კლინიკაში გაუწიეს.

"სამწუხაროდ ერთი მეშახტე გარდაიცვალა. ჯანმრთელობას ვუსურვებ დაშავებულებს და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს", - განაცხადა მერმა.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებულები თბილისში გადმოიყვანეს

ambebi.ge ერთ-ერთ მეშახტეს ესაუბრა, რომელიც იმ საბედისწერო შემთხვევას იმის გამო გადაურჩა, რომ ცვლაში არ იყო:

"როცა მინდელის შახტში აფეთქება მოხდა, 1 საათში მივედი ადგილზე, მაგრამ ჩასვლის უფლება არ მომცეს. მაგ პერიოდში არ ვმორიგეობდი, მეორე ცვლაში ვიყავი. შემთხვევა ღამის 11 საათზე მოხდა, მეთანი აფეთქდა. მეთანი ფეთქებადი აირია და როცა გარკვეული რაოდენობის გროვდება, ერთი ნაპერწკალი და ფეთქდება. რა მოხდა და როგორ, ამას ვერავინ გეტყვით, ჯერჯერობით მიზეზი არავინ იცის. წუხელ კომისია იყო ჩასული და რა გაარკვიეს, უცნობია. გარდაცვლილი მეშახტე 40 წელს გადაცილებული ჭაბუკა სოფრომაძეა. დანარჩენები, არ ვიცი, ვინ იყვნენ ცვლაში. გამოცდილი მეშახტე იყო ჭაბუკა, მას მეუღლე და შვილები დარჩა. მისი მეუღლეც შახტში მუშაობს... ბევრი ვერსია შეიძლება გამოითქვას, მაგრამ ყველაფერი მარჩიელობა იქნება, ვიდრე კომისია არ დაადგენს, რა მოხდა, ან სანამ დაზარალებულ ბიჭებს არ დაკითხავენ და ისინი არ იტყვიან. აი, ესაა შახტი - მუდმივად ბომბზე ზიხარ, სახიფათოა, მით უმეტეს, ტყიბულის შახტი, რომელიც საშიშია თავისი მტვრით, გაზით და ყველაფრით".