ავტორი:

"ნოდარის ჩემს ცხოვრებაში შემოჭრა ჩემთვისაც შოკი იყო... ვფიქრობდი, - რა ხდება, ნინო, შენს თავს? მორჩა, აღარ შეხვდები! და მაინც ვხვდებოდი" - დიდი მსახიობის მეუღლის ექსკლუზიური ინტერვიუ

"ნოდარის ჩემს ცხოვრებაში შემოჭრა ჩემთვისაც შოკი იყო... ვფიქრობდი, - რა ხდება, ნინო, შენს თავს? მორჩა, აღარ შეხვდები! და მაინც ვხვდებოდი" - დიდი მსახიობის მეუღლის ექსკლუზიური ინტერვიუ

"ძალიან გამიჭირდა მის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს პალიატიურ კლინიკაში იწვა, მაინც არ მქონდა გაცნობიერებული, რომ ნოდარი წავიდოდა. 2 თვე იყო გასული მისი წასვლიდან და იური მეჩითოვი მეხვეწა, სტუდიაში მოდი, ფოტო უნდა გადაგიღოო. აი, იმ ფოტოს თუ შეხედავ, მიხვდები, რა მდგომარეობაში ვიყავი: დავითრგუნე. პატარა გოგონა რომ დატოვო ობლად, ისეთი შეგრძნება მქონდა, უსუსური, უმწეო ვიყავი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. მხოლოდ წელიწად-ნახევრის შემდეგ, ნელ-ნელა გამოვედი მდგომარეობიდან და ცხოვრება გავაგრძელე... მის გარეშე“, - მიამბობს ჟურნალისტი, ლიტერატურათმცოდნე და მწერალი ნინო ჩხიკვიშვილი, აწ განსვენებული უდიდესი არტისტის, თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობის და ღირსეული კაცის - ნოდარ მგალობლიშვილის მეუღლე.

ნინო ჩხიკვიშვილი. ფოტოგრაფი: იური მეჩითოვი

ნოდარ მგალობლიშვილისა და ნინო ჩხიკვიშვილის დიდი სიყვარულის ამბავი კი მართლაც გასაოცარია - სულს რომ აგიფორიაქებს, გაგაოცებს, დაგაღონებს, ცრემლსაც მოგგვრის და, შესაძლოა, მწერლადაც გაქცევს.

  • "სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი"

- ნოდარი ჩემი ჟურნალისტობით გავიცანი, მაგრამ... პირველად 13-14 წლის ვიყავი, როდესაც შევამჩნიე და მომეწონა. როგორ? კოტე მარჯანიშვილის თეატრი ჩემი საყვარელი თეატრი იყო და დღემდე ასე რჩება - ალბათ, მაინც თემურ ჩხეიძის შემოქმედების გამო. ჯერ მამას სიცოცხლეში, მერე კი - ბებიას წყალობით, ყოველ შაბათ-კვირას ან სხვა უქმე დღეებში მაგიდაზე მხვდებოდა თეატრის ბილეთები, ძირითადად - მარჯანიშვილის, და ამგვარად ყოველ პრემიერას ვესწრებოდი. ერთხელაც, ალბათ, უქმე დღე იყო, წავედით მარჯანიშვილის თეატრში, დღის წარმოდგენაზე. დადგმა გიგა ლორთქიფანიძის იყო, პიესას ერქვა "30 აგვისტო“ და ეძღვნებოდა ლენინის დაბადების რომელიღაც იუბილეს. ბებიამ რომ გაიგო, ვის ეძღვნებოდა წარმოდგენა, - ამას რა მაყურებინებსო, მაგრამ ისე მინდოდა თეატრში შესვლა, ჩემმა ხვეწნამ გაჭრა და დავრჩით. იმ სპექტაკლში ნოდარი სვერდლოვის როლს ასრულებდა და პირველად მეც სწორედ მაშინ ვნახე ნოდარ მგალობლიშვილი სცენაზე... ვნახე და აღვფრთოვანდი. ყველას ვუთხარი, ძალიან კარგი მსახიობია-მეთქი. მეკითხებოდნენ, ასეთს რას თამაშობდაო? და მეც ვპასუხობდი, - ყველაფერი, რასაც ის თამაშობდა, მე დავიჯერე-მეთქი...

დროთა განმავლობაში ეს მოგონება დაიკარგა, მეც წამოვიზარდე და ნოდარ მგალობლიშვილი ამჯერად თემურ ჩხეიძის სატელევიზიო სპექტაკლ "ჯაყოს ხიზნებში“ ვნახე. რა თქმა უნდა, ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით - მისი მეტყველება. კარგად მახსოვს ის ვნებათაღელვაც, რაც ამ სპექტაკლს მოჰყვა, თუმცა არც ისეთი დიდი ვიყავი, რომ სპექტაკლს ბოლომდე ჩავწვდომოდი. სამაგიეროდ, გამახსენდა, რომ ეს ის მსახიობი იყო, რომელიც სვერდლოვს თამაშობდა. წლების შემდეგ, უკვე ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა, ნოდარი კვლავ ვნახე სცენაზე - თემურ ჩხეიძის დადგმულ "ოტელოში“ იაგოს როლს ასრულებდა. მისმა იაგომ, რომ იტყვიან, საერთოდ შემძრა. რა თქმა უნდა, უკვე სპექტაკლებსაც სხვაგვარად ვაფასებდი, რეჟისურასაც და მსახიობის არტისტიზმსაც. თემურ ჩხეიძე მუდამ ჩემი რეჟისორი იყო, ნოდარი კი - დიდი მსახიობი და მისდამი სხვა განცდა არც მქონია. არც მისი გაცნობის სურვილი მქონია ოდესმე, მაგრამ...

ხომ იცი, სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო... 1999 წელი იყო, ახალი დაცული მქონდა დისერტაცია. იმ პერიოდში მწერალი და მეცნიერი როსტომ ჩხეიძე, რომელიც ჩემი დისერტაციის ხელმძღვანელიც იყო, ახალი ჟურნალის - "ომეგას“ გამოცემას აპირებდა და სათანამშრომლოდ მეც დამიძახა. მეუღლეს უკვე გაცილებული ვიყავი, ბავშვები პატარა მყავდა და გაზეთში განათლების სისტემაზე ვწერდი წერილებს. როსტომმა მთხოვა, კარგი ინტერვიუ მჭირდება, ოღონდ მასწავლებელი არ მინდა, რომელიმე მსახიობი ჩაწერეო. მაშინვე ვუთხარი, ძალიან მომწონს ნოდარ მგალობლიშვილი და მას ჩავწერ-მეთქი. როსტომი დამთანხმდა, მაგრამ ჯერ ჟურნალის არცერთი ნომერი არ ჰქონდათ გამოცემული და, ხომ შეიძლებოდა, არც გამოსულიყო? თანაც მითხრეს, ეგ ისეთი უჟმური კაცია, არ გაგიჟდე და არ დაურეკოო. თურმე, ნოდარი ინტერვიუებს არც იძლეოდა. დავჯექი, მთელი ჩემი ლიტერატურული ცოდნა გამოვიყენე და 25 კითხვამდე ჩამოვწერე, თან მაკანკალებდა, რომ დავურეკავდი, ვაითუ, ეთქვა, - შე სულელო, წაეთრიე აქედან, ვის დაკარგვიხარო? მაინც დავრეკე და ნოდარმა მიპასუხა. თავაზიანად მივესალმე და ლამის შევევედრე, თქვენთან ინტერვიუ მინდა და არ გამაწბილოთ-მეთქი. პაუზის შემდეგ მოკლედ მომიჭრა, არ მცალია, ხვალ დამირეკეთო და ყურმილი დამიკიდა... "ხვალ“ დავურეკე და, - ცუდად ვარ და ხვალ დამირეკეთო... ისევ გამითიშა... ისევ დავურეკე "ხვალ“ და კვლავ შევეხვეწე. მოგვიანებით ნოდარი სიცილით იხსენებდა, - ვიფიქრე, ვინ არის ეს გაჭირვებულიო... მოკლედ, მეორე დღეს თეატრში დამიბარა. მივედი... საკუთარი დიქტოფონი და კასეტა არ მქონდა, ორივე ჩემმა მეგობარმა თამრიკო შაიშმელაშვილმა მათხოვა. ჩემი კითხვარი ნოდარს მივაწოდე და, - ამდენს რა მალაპარაკებსო, - გაგიჟდა. ვთხოვე, წაეკითხა... წაიკითხა და, ლაპარაკი რომ დაიწყო, აღარც გაჩერდა. 3 საათი რომ გავიდა და, ლამის, გავლურჯდი, ორი კასეტაც თითქმის რომ გაივსო, მკითხა, ჩემი საუბარი მოგეწონათო?... მერე მეგობარი მეკითხებოდა, ასეთი რა უქენი ამ კაცს, ამდენს რომ გელაპარაკაო? მოგვიანებით მოვუყევი ნოდარს, შენზე მითხრეს, უჟმური არისო და გაოცებული მომიბრუნდა, - უჟმური მე ვარ უჟმურებთან, თორემ შენ ისე იცინოდი, პირიქით, ვიფიქრე, რა კარგი გოგოა-მეთქი. მერე ისიც მითხრა, ტიპური ჟურნალისტური კითხვები არ გქონდა და დამაინტერესაო.

მახსოვს, იმ ინტერვიუს დროს ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარდა თემურ ჩხეიძის სპექტაკლები, ეტყობა, იმდენ ხანს ველაპარაკე თემურზე, რომ გაგიჟდა, თემურზე მელაპარაკები თუ ნოდარ მგალობლიშვილზეო?! არადა, თემური მისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი და დიდი რეჟისორი იყო. თემურმა ყველაზე კარგად ამოიცნო ნოდარის ბუნება და ნიჭი. მაშინ ნოდარი თემურის სპექტაკლში - "მარადი ქმარი“ ტრუსოცკის როლს ასრულებდა და უფლება მომცა, ამ სპექტაკლის ყველა წარმოდგენას დავსწრებოდი. ასე რომ, 1999 წლიდან, 2 წლის განმავლობაში, ვიდრე თეატრში რემონტი დაიწყებოდა, სალაროში 2 ბილეთს მიტოვებდა ისე, რომ ჩემი შეხსენება არ სჭირდებოდა. და მეც მის ყველა წარმოდგენას დავესწარი. მერე, ჩვენი თანაცხოვრების დროს მეუბნებოდა, პირველ რიგში რომ დაჯდებოდი და მიყურებდი, ტექსტი მაინც გეკარნახა ჩემთვისო. ერთხელ მართლაც დაავიწყდა ტექსტი და იმ მონაკვეთს გადაახტა...

იმ სტატიას - ჩვენს ინტერვიუს კი "თამაში თამაშის გარეშე“ დავარქვი (მერე ამ სათაურის წიგნიც გამოვეცი) და ჟურნალში დაიბეჭდა.

ჩვენი გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ ნოდარს მეუღლე გარდაეცვალა და ამის მიუხედავად, სპექტაკლში მაინც ითამაშა. ეს ამბავი არ ვიცოდი, მაგრამ იმ სპექტაკლს ვესწრებოდი და მახსოვს მოჩურჩულე ხალხი, - ხედავ, მაინც ითამაშაო. კარგად ვერ გავიგე, რას ლაპარაკობდნენ, მაგრამ სპექტაკლი რომ დამთავრდა, ვინახულე. ასეთი დათრგუნული ნოდარი არასდროს მენახა. მითხრა, - ჩემი ციალა გარდაიცვალაო, მეც მივუსამძიმრე.

მალე, საზაფხულოდ, თეატრალური სეზონიც დაიხურა და, შესაბამისად, აღარც სპექტაკლებზე დავდიოდი. ცხადია, არც მას დაურეკავს, არც - მე, ასე რომ, მას შემდეგ ორივემ საკუთარი ცხოვრებით განვაგრძეთ ცხოვრება. ხანდახან მაგონდებოდა ხოლმე, მით უფრო, ბოლო შეხვედრისას მისი დათრგუნული მდგომარეობა. ეს იყო და ეს.

  • პირველი პაემანი და მეორე ოჯახი

მახსოვს, 21 თუ 22 სექტემბერი იყო, სამსახურში ვიყავი და ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, ტელეფონთან გთხოვენო. ავიღე ყურმილი და... ნოდარი იყო, მომიკითხა, თან დააყოლა, - ტელესერიალ "სახელად "ბარონის“ გადაღებებზე ვიყავი, ახლა ჩამოვედი და შემხვდებიო? ვიგრძენი, რომ "როგორ ხარ“ და "შემხვდები“ სხვანაირად იყო ნათქვამი... მაგრამ მაინც დავთანხმდი. განსაზღვრულ დროს თეატრთან დამიბარა, თითქმის მივედი თეატრამდე და... ნოდარი ვერსად დავინახე. შორიდან მხოლოდ ორი მამაკაცი შევნიშნე - ერთი, ზურგით მდგომი ახალგაზრდა, ჯინსებში, მოდურ ქურთუკსა და კეპში, ელაპარაკებოდა მეორეს, ჩემთვის უცნობ ადამიანს. გავიფიქრე, ამხელა კაცი რას მატყუებს-მეთქი და ის-ის იყო, გადავწყვიტე, არ დავლოდებოდი, ზურგით მდგომი ახალგაზრდა შემობრუნდა და აღმოჩნდა... ნოდარი. წავედით პეროვსკაიას, დღევანდელ ახვლედიანის ქუჩაზე, ერთ კაფე-რესტორანში. მას შემდეგ სულ იქ დავდიოდით, ჩვენი შეხვედრებიც რეგულარული გახდა და ყოველი შეხვედრის შემდეგ ვფიქრობდი, - რა ხდება, ნინო, შენს თავს? მორჩა, მეორედ აღარ შეხვდები! და მაინც ვხვდებოდი.

კარგა ხნის, 5-6 წლის ცოლ-ქმარი ვიყავით და ერთხელ გადავეკიდე და რამდენჯერმე გავუმეორე, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ-მეთქი. ბოლოს გაბრაზდა, - "ხომ იცი, როგორ მიყვარხარს“ და ეგეთ, სენტიმენტალურ რაღაცებს ვერ ვიტანო!

არასდროს უთქვამს, მიყვარხარო. მხოლოდ თანაცხოვრების ბოლო პერიოდში მეკითხებოდა ხოლმე, გიყვარვარო? მე კიდევ კატეგორიულ "არას“ ვეუბნებოდი. ის ბრაზობდა, რატომო? მეც ვპასუხობდი, შენ ხომ არასდროს გითქვამს ჩემთვის "მიყვარხარ“, ჰოდა, არც მე გეტყვი-მეთქი!

ნოდარი იყო ძალიან ფაქიზი. მას ჩემი კი არა, სხვა ადამიანის სულის მოძრაობაც არ გამოეპარებოდა, ადამიანის გამოცნობის უტყუარი ალღო ჰქონდა. ვეუბნებოდი, შენ ხარ რენტგენი-მეთქი. ვერაფერს გამოაპარებდი.

სენტიმენტალური ლაპარაკი არ იცოდა. სხვათა შორის, ყვავილებიც არასდროს მოჰქონდა. მახსოვს, "პილატეს“ პრემიერის შემდეგ ყვავილები მიუტანეს და მითხრა, ეს ყვავილები ხომ არ გინდა, მოგცეო? არ მინდა-მეთქი ვუთხარი და ისიც წავიდა და თავის გრიმიორს მისცა.

როგორ გადავწყვიტე, ცოლად გავყოლოდი? ამ გადაწყვეტილებაში ჩემი ცისფერყანწელები და კოლაუ ნადირაძე "შემომეშველენ“. - იცი, მე რამდენი წლის ვარო? - ჩვენს ასაკობრივ სხვაობას რომ გაუსვამდა ხოლმე ხაზს, მაშინვე დავაყოლებდი, - კოლაუ ნადირაძე და მისი მეუღლე ნორაც სწორედ ასე დაქორწინდნენ-მეთქი. - მე კოლაუსნაირი კი არ ვარო! - იტყოდა... ჩვენი შეხვედრები რეგულარული გახდა, თუმცა ხანდახან წყდებოდა კიდეც. რამდენჯერმე ინტერვიუც ჩავწერე მასთან... ჩემი მეგობრები რაღაცებს ხვდებოდნენ, მაგრამ ბოლომდე ვერ აცნობიერებდნენ, რა ხდებოდა. მეც არაფერს ვამბობდი, რადგან... ეს ამბავი - ნოდარის ჩემს ცხოვრებაში შემოჭრა ჩემთვისაც შოკი იყო... მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. ეს რა იყო, იცი? დედისერთა ვიყავი და 14 წლის დავობლდი, ანუ მამა არ მყავდა და მთელი ცხოვრება მამა იყო ჩემი იდეალი. მთელი ცხოვრება მინდოდა, უფროსი ძმა მყოლოდა, რომელიც დამიცავდა... რომ გავიზარდე, მინდოდა, ჩემ გვერდით ყოფილიყო ძლიერი მამაკაცი, იდეალური. ალბათ, ვფიქრობდი, გვერდით თუ იდეალური მამაკაცი მეყოლებოდა, ის იქნებოდა ჩემთვის ძმაც, მამაც, ქმარიც და საყვარელიც... ამ იდეალურის ძებნაში კი ცოლად გავყევი ჩემს თანატოლს და საბოლოოდ - მიტოვებული და გაწბილებული დავრჩი, ორი პატარა შვილის ამარა.

მერე კი ასე, შემთხვევით, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ნოდარი.

ნოდარი ჩემთვის, პირველ რიგში, იყო საყვარელი მამაკაცი, მერე იყო - მეუღლე, მერე იყო - მამა და მერე იყო ძმა, იცი როგორი? - უფროსი ძმა რომ არის და უმცროს დას ეუბნება, ეს არ ჩაიცვა, ასე არ გაიარო იქ და ა.შ. ვიღაცას ამგვარი ფიქრი ან ურთიერთობა არ სიამოვნებს და კომპლექსი ჰგონია, არადა, ეს არ არის კომპლექსი, ეს არის ადამიანური განცდა, რომელიც გაქვს და ზოგიერთი მას მალავს. მე - არ ვმალავ, რადგან ეს არის ჩემი განცდა, მე ასეთი ვარ და ვისაც უნდა, მიმიღოს და ვისაც უნდა - არ მიმიღოს, საკუთარ შვილსაც არ დავაძალებ ჩემს თავს.

მე და ნოდარმა ჯვარიც დავიწერეთ... ერთხელ მკითხა, როდემდე უნდა ვიწოწიალოთ ასე, გინდა, რომ ხელი მოვაწეროთო? - ხელის მოწერა არ მინდა, მაშინ ჯვარი დავიწეროთ-მეთქი, - ვუპასუხე და 2005 წლის 8 მაისს ჩიტაძის ქუჩაზე, წმინდა ნინოს ეკლესიაში დავიწერეთ ჯვარი. მას შემდეგ ერთ ოჯახად დავიწყეთ ცხოვრება, მაგრამ არა ცალკე სახლში, არამედ - ხან მე ვიყავი მასთან, ხან ნოდარი მოდიოდა ჩემთან. ცალკე მხოლოდ ბოლო 2 წელიწადს ვიცხოვრეთ.

- არასდროს გიფიქრია, რომ შეცდი ან ოდესმე ხომ არ გაგრძნობინა, რომ ბუმბერაზი მსახიობისთვის მეორეხარისხოვნი იყავი?

- 16 წელიწადს ვიცხოვრეთ ერთად და პირიქით - ზოგჯერ მე მქონდა კომპლექსი, რომ ის იყო ნოდარ მგალობლიშვილი და მე ვიყავი - ნინო ჩხიკვიშვილი. ვთქვათ, პროფესიულ საკითხებზე საუბრისას რომ მეტყოდა, არ წახვიდე ამ დათმობაზეო, თან მაგალითად საკუთარი პრინციპული გადაწყვეტილებები მოჰქონდა, ვეუბნებოდი, შენ იყავი და ხარ ნოდარ მგალობლიშვილი და მე ვარ (ხმას ვუდაბლებდი) ნინო ჩხიკვიშვილი-მეთქი. - არანაირი განსხვავება არ არის ჩვენ შორისო, - მპასუხობდა.

სხვათა შორის, ძალიან უყვარდა საოჯახო საქმეებში დახმარება და ჩვენი გამუდმებული კონფლიქტი იყო, ნუ აკეთებ, დაჯექი-მეთქი. - აბა, მე დავჯდე და გიყუროო? სანამ ცოცხალი ვარ, ამას ვერ შევძლებო. გარდაცვალებამდე 3-4 კვირით ადრე, უკვე შინიდან გამოსვლაც რომ უჭირდა, თუ გამომყვებოდა და დავიკავებდი ხელში პურს ან სხვა პროდუქტს, მაშინვე გამომართმევდა. ამის გამო ვეჩხუბებოდი ხოლმე და მაჩერებდა, სირცხვილია, ქუჩაში ხალხი გვიყურებს. მე სანამ ცოცხალი ვარ და შენ გვერდით მოვდივარ, ტვირთს შენ არ წამოგაღებინებო.

  • ეპილოგი

ყველაზე დამთრგუნველი ჩემთვის ის 5 დღე იყო, რომელიც პალიატიურ კლინიკაში გავატარე და პირველი ღამე, ონკოლოგიურში რომ ჩაგვიყვანეს... იმ ღამეს ვერაფრით ვიძინებდი, დავდიოდი და ვტიროდი. იქვე, სანიტარს დამამშვიდებელი ვთხოვე, - იქნებ დამეძინოს, რომ ხვალ მისი თვალყურის დევნება და მოვლა შევძლო-მეთქი. - შენი ვინ არისო, მკითხა. - მეუღლე არის-მეთქი. მერე ორივეს ასაკი გამომკითხა და, - რა გატირებს, ამხელა კაცი მოკვდება, აბა, არ იციო?! - მისი ეს ნათქვამი ისე მწარედ დამამახსოვრდა, რომ...

კიდევ მახსოვს მეორე შემთხვევა, გარდაცვალებამდე. ნოდარი უკვე ძალიან ცუდად იყო. ექთანი შემოვიდა და თანაგრძნობით მითხრა, დღეს ყველაფერს ელოდეთო. მეორემ, ვინც მას ეხმარებოდა, თქვა, მაინც ვერ გავიგე, ნოდარი რამდენი წლის არისო. რა დროს ამაზე ლაპარაკი იყო, მაგრამ... მერე დააყოლა, 67-ის იქნებაო? - მეც ვუპასუხე, 67-ის კი არა, 87-ის არის-მეთქი. ჩვენ შორის ასაკობრივი განსხვავება კი იყო, მაგრამ ნოდარი, რაღაცნაირად, რამდენიმე წელს "იპარავდა“ - ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ერთხელ ჩემმა ახლობელმაც მითხრა,- არ გეწყინოს, მაგრამ შენზე ახალგაზრდული ტიპიაო. ნოდარი შესანიშნავად მღეროდა, ცეკვავდა, მაგრამ, ამავე დროს, მელანქოლიურიც იყო, თუმცა... იყო უცნაური, ძლიერი ენერგეტიკის მქონე. თვითონ არ ჰქონდა ეს გაცნობიერებული. მის გარშემო, როგორც ფილმ "სიყვარულის ფორმულაში“ მისი გმირი - გრაფი კალიოსტრო ცეცხლს უკიდებს ყველას, აი ასე, თავისი ენერგეტიკით, თავისი მზერით ყველას "იჭერდა“. ეს შეძენილი უნარი კი არ იყო, ეტყობა ასეთად დაიბადა... ცუდად ყოფნის პერიოდში მიამბო, რომ, თუ არ ვცდები, პეტერბურგში საგასტროლოდ "ოტელო“ რომ ჰქონდათ წაღებული, დარბაზი "დაინგრა“, თურმე. ნოდარის უკანა გასასვლელიდან გაპარება ნდომებიათ და კარი რომ გაუხსნიათ, მოხუცი მაყურებლები თითო ვარდით ელოდებოდნენ, ერთს დაუჩოქებია კიდეც და ნოდარი გაგიჟებულა. ეს ამბავი ერთხელ შევახსენე და მითხრა, - ეჰ, ეს ამბავი წარმავალია, ჩემო ნინო, მერე რა, იყო და წავიდა. არაფერიც არ რჩება, სპექტაკლი კვდება, სპექტაკლთან ერთად ყველაფერი მთავრდებაო... ბოლოსკენ მორწმუნე გახდა და ყოველი მისი საუბარი ქადაგებას ემსგავსებოდა. ამბობდა, - ეს ადამიანები ერთმანეთს ჭამენ იმისთვის, რომ ვიღაცამ მეტი როლი მიიღოს, ვიღაცამ მეტი სპექტაკლი დადგას, კარგად ჩაიცვას, კარგი ბინა ჰქონდეს, ის კი ავიწყდებათ, რომ ხვალ და ზეგ 2 კვ/მ-იც კი ეყოფათო...

ავტორი: ირმა ხარშილაძე