ავტორი:

"მე და ქეთევანი გაცნობიდან ერთი წლის თავზე დავინიშნეთ, მაშინ ჯიბეში ფული არ მედო... სამი შვილი გვყავს" - მამა შალვა ოჯახზე, საერო ცხოვრებასა და ეკლესიაზე

"მე და ქეთევანი გაცნობიდან ერთი წლის თავზე დავინიშნეთ, მაშინ ჯიბეში ფული არ მედო... სამი შვილი გვყავს" - მამა შალვა ოჯახზე, საერო ცხოვრებასა და ეკლესიაზე

მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის თბილისის ვაკის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია ოჯახსა და სასულიერო ცხოვრებაზე საუბრობს ინტერვიუში, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალში "გზა" - რატომ გადაწყვიტა წლების წინ ამ გზის არჩევა და როგორ აღმოჩნდა ის პატრიარქის გვერდით.

- მამა შალვა, გვიამბეთ თქვენს საერო ცხოვრებაზე, როგორ გარემოში იზრდებოდით?

- მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში დავიბადე და გავიზარდე, ღვთის მადლით, ძალიან კარგ ოჯახში - 4 ძმა ვართ და სამი თაობა ვცხოვრობდით ერთ ოჯახში. ეს ტრადიცია ახლა თითქმის მოშლილია და შვილიშვილები, ბაბუა, ბებია არ არიან ერთად. ჩვენ კი სხვანაირად გავიზარდეთ. ბებია რომ გარდამეცვალა, მის სულს ვიფიცებდი, ბაბუასაც უდიდესი როლი ეკავა. მან მასწავლა ცხოვრება. სულ მესაუბრებოდა, რა იყო ღირსება, ფასეულობები მასწავლა. სოფლის თავკაცს რომ ეძახიან, ის იყო. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გახლდათ, დიდი გამოცდილების კაცი.

გერმანელმა ფაშისტებმა ორი ტყვიით დაჭრეს ქერჩში და დაატყვევეს. მიუხედავად იმისა, რომ ტყვედ იყო ბანაკში, საშინელ ტანჯვაში, მაინც რუსებს აგინებდა, სულ ლანძღავდა, ვერ იტანდა კომუნისტებს... ბაბუას სახელს ვატარებ. მახსოვს, როცა პიონერი გავხდი, მაშინ ყველა შაკოს მეძახდა და სკოლიდან ყელსახვევით რომ მოვედი, ბაბუამ მითხრა, - სუფთა შაკო ხარ ახლა, შალვა კი არა, ეს რა ყელსახვევი გაგიკეთებიაო!.. გულზე მომხვდა მისი ეს ნათქვამი, მას მერე პიონერის ყელსახვევი არ გამიკეთებია. სულ მიყვებოდა საქართველოს ისტორიას, კომუნისტები როგორი ცუდები იყვნენ და ეკლესიები რა დღეში ჩააგდეს. მთელი ცხოვრება რუსეთის მიმართ შინაგანი პროტესტი ჰქონდა და ჩვენც გვასწავლიდა, რომ ეს ქვეყანა ჩვენი მტერი იყო, თავისუფლება წაგვართვესო. ეკლესიის გამო უამრავი ადამიანი ჰყავთ ნაწამებიო.

- ტაძრისკენ თქვენი პირველი ნაბიჯები როგორი იყო?

- დედის მამა, სტეფანე ხელაია სულ ამბობდა, - ბაბუა, ჩვენს წინაპრებში მღვდელი გვყავდა, ამბროსი ხელაია, რომელიც იმისთვის დაიჭირეს, რომ ეკლესიები არ დაანგრევინა. მან თავი გაწირა, ციხეში აწამეს და იქიდან რომ გამოვიდა, მალევე გარდაიცვალაო. მაშინ ბაბუამ არ იცოდა, ამბროსი ხელაია საქართველოს პატრიარქი რომ იყო... გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ბაბუას აღმოაჩნდა წმინდა ამბროსი ხელაიას ცხოვრებაზე ბროშურა და პირველი, რაც წავიკითხე სასულიერო პირის ცხოვრებაზე, ეს გახლდათ. მაშინ გავიგეთ, რომ ის იყო საქართველოს პატრიარქი. ბაბუა 1995 წელს გარდამეცვალა. ამ დროს მისი მეგობარი იყო ჩამოსული ჩვენს სახლში. იმ პერიოდში სულ იმის მოლოდინი იყო, რომ აფხაზეთში დავბრუნდებოდით და ამ განწყობით ვიყავით; მინდოდა, სამხედრო აკადემიაში ჩამებარებინა და მეც შემეტანა წვლილი ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებაში, ვმდგარიყავი ქვეყნის სადარაჯოზე, მაგრამ ბაბუას მეგობრის მონათხრობმა დამაფიქრა: მისგან გავიგე, რომ შემეძლო მესწავლა სასულიერო სემინარიაში, სასულიერო აკადემიაში.

მამა შალვა კეკელია ოჯახთან ერთად

გარდაცვლილი ბაბუას ცხედარს მე ვუვლიდი, ყინულს ვუცვლიდი. მისმა მეგობარმა მითხრა, - კარგია, ახლა რასაც აკეთებ, ეს მადლია, მაგრამ ბაბუას სულს ფსალმუნების კითხვა სჭირდებაო. თან შობის მარხვა იყო - ბაბუა ახალ წელს გარდაიცვალა, და მარხვის შენახვა სჭირდებაო. ამ ამბების შემდეგ დავიწყე სემინარიაზე ფიქრიც, თუმცა მანამდე მარტვილის მონასტერში დავდიოდი. შინაგანად სულ მქონდა ღმერთთან ყოფნის სურვილი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, ეს რა იყო და არც არავინ მყავდა გვერდში, ვინც სასულიერო ცხოვრებას ამიხსნიდა. მამა გოჩას (ცაავა) შევხვდი, ისიც მელაპარაკა ღვთისშვილობაზე და ნელ-ნელა ვემზადებოდი. მარტვილში ფეხით დავდიოდი, მაშინ ტრანსპორტი არ იყო, 1995 წელი იდგა. 16 კილომეტრი იყო მონასტრამდე და უკანვე ფეხით ვბრუნდებოდი. შინაგანად არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი, მაგრამ მომწონდა, მაშინ რაღაც ძალას დავყავდი... შობის მარხვა მოდიოდა. მაშინ ჩამოვიდა ჩვენს სოფელში გამოცდილი პედაგოგი ლია სალაყაია. ის დადიოდა სოფელ-სოფელ და ადამიანებს გალობას ასწავლიდა, თან ესაუბრებოდა. ჩვენს სკოლაშიც მოვიდა და მან უფრო მეტად გამიღვიძა სემინარიაში ჩაბარების სურვილი, ბევრი რამ მიამბო.

ისე მივედი სასულიერო სასწავლებელში, არაფერი ვიცოდი. არ ვიცოდი, ლოცვები ხუცურად თუ უნდა წამეკითხა... მალე ვისწავლე ხუცურის კითხვა, ჩავაბარე სემინარიაში და სტიქაროსანიც გავხდი. სემინარიაში გავიცანი მამა გიორგი (ზვიადაძე), რომელიც ჩემი მოძღვარი გახდა.

შალვა კეკელია მეუღლესთან ერთად

- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს ამ გადაწყვეტილებას?

- მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდნენ, რა იყო ეკლესიური ცხოვრება, მაინც დადებითად შეხვდნენ ჩემს ამ ნაბიჯს. დედიკოს და მამას ძალიან უხაროდათ, როცა ეკლესიაში დავიწყე სიარული. დედიკო დღეს მგალობელია ბანძის ტაძარში... ჩემს უფროს ძმას ბერობა უნდოდა, ხუცურიც ისწავლა, კანონებს კითხულობდა, ძალიან ჩართული იყო, მაგრამ მერე ისევ შეიცვალა აზრი. მეც მქონდა მომენტი, როცა სემინარია დავამთავრე, ძალიან მინდოდა ბერობა. ორი წელი წავედი საჩხერეში, მონასტერში. მამა გიორგი ზვიადაძემ მითხრა, - ჩამოდი თბილისში, სასულიერო აკადემიაში ჩააბარე, მეტ ცოდნას მიიღებ და თუკი კვლავ გადაწყვეტ ბერობას, მერე წადიო. სამორჩილე კაბაც მეცვა. სასულიერო აკადემიაში რომ ვსწავლობდი, მაშინ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე და გადავწყვიტე, ერობაში დავრჩენილიყავი, შემექმნა ოჯახი. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ოჯახი მყავს!...წაიკითხეთ სრულად