გორის სამხედრო ჰოსპიტალი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რატომ წაიშალა ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.
როგორც სამხედრო ჰოსპიტლის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული კამერების დამონტაჟება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფნის პერიოდში მის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მოხდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა განხორციელდა, ამ კადრების შენახვის არავითარი ვალდებულება აღარ არსებობდა.
ამასთან, სამხედრო ჰოსპიტლის განმარტებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წერილი, რომელშიც 27 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით ჩაწერილი ვიდეო-მასალის დაარქივება იყო მოთხოვნილი, სამხედრო ჰოსპიტალში 31 დეკემბერს შევიდა, რა დროსაც აღნიშნული ვიდეომასალა უკვე წაშლილი იყო.
"ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებებში ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, თითქოსდა ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა შეგნებულად გაანადგურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კადრები.
საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის პერიოდში მის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დამონტაჟდა კამერები. როგორც მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან უკან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა განხორციელდა 30 დეკემბერს, 00:15 საათზე. რადგან აღნიშნული კამერები ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მიზნებს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ კადრების შენახვის არავითარი ვალდებულება აღარ არსებობდა.
მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაყვანიდან თითქმის ორი დღის შემდეგ, 31 დეკემბერს 18:25 წუთზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან შემოვიდა წერილი, სადაც მოთხოვნილი იყო 27 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით ვიდეო-მასალის დაარქივება. როგორც უკვე განვმარტეთ, აღნიშნული ვიდეომასალა უკვე წაშლილი იყო, რადგან არ არსებობდა მისი შენახვის არც ვალდებულება და არც მიზანშეწონილობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ოფიციალური განცხადებიდან ასევე ვკითხულობთ, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში დამონტაჟებულ კამერებს 72 საათიანი მუშაობის რეჟიმი გააჩნდა, შესაბამისად 27-28 დეკემბრის ჩანაწერების გადაწერა ავტომატურად მოხდებოდა. სამხედრო ჰოსპიტლის განცხადებით, მათ წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილია და სინამდვილესთან არავითარი კავშირი არ გააჩნია
"უფრო მეტიც, სახელმწიფო ინსპექტორის მოთხოვნა სრულად ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდებოდა, კამერები კვლავ მუშა მდგომარეობაშიც კი რომ ყოფილიყო, რადგან აღნიშნულ კამერებს აქვთ 72 საათიანი მუშაობის რეჟიმი, რის შემდეგაც ავტომატურად ხდება მასალის გადაწერა. სახელმწიფო ინსპექტორის წერილი კი როგორც აღინიშნა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტლიდან გაწერიდან საკმაოდ დიდი პერიოდის შემდეგ შემოვიდა.
ამასთან, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში დავით ღონიაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის მიცემული აქვს დეტალური ჩვენება და მათ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ტიპის კანონდარღვევა არ დაუფიქსირებიათ.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებისათვის ცხადი იქნება, რომ მიმდინარე კამპანია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილია და სინამდვილესთან არავითარი კავშირი არ გააჩნია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.