ავტორი:

არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულ პატრულ-ინსპექტორებს პატიმრობა შეეფარდათ

არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულ პატრულ-ინსპექტორებს პატიმრობა შეეფარდათ

არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულ პატრულ-ინსპექტორებს, ნუკრი ბაქრაძესა და კახა ბაკაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა.

როგორც პროკურორი ალექსანდრე ჩხეიძე აცხადებდა, ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს.

დაცვის მხარე კი აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა. კახა ბაკაშვილის ადვოკატი მის 10 000-ლარიანი, ნუკრი ბაქრაძის ადვოკატი კი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

სხდომას ესწრებოდა დაზარალებული არასრულწლოვანიც.

ცნობისთვის, პატრულ-ინსპექტორ ნუკრი ბაქრაძეს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პატრულ-ინსპექტორს კახა ბაკაშვილს კი ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.