"რომც ეხსენებინათ რუსეთი უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაში, ეს იქნებოდა სახის შენარჩუნების შანსი, მაგრამ შეცდომაა ოპოზიციის მხრიდან მაშველი რგოლის გადაგდება. როდესაც პრემიერ-მინისტრი არ მოქმედებს, საპარლამენტო რეზოლუცია ამას ვერ ჩაანაცვლებს, ამიტომ არ უნდა ვეცადოთ სიტუაციის შელამაზებას" - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, პარლამენტში შემუშავებული რეზოლუცია "ქართული ოცნების” სტანდარტითაც კი სამარცხვინო ნაბიჯია და მაგრამ "სანამ ამ სამარცხვინო გაუგებრობას გამოვცვლით”, უკრაინას ჩვენი ხმა ყველა ასპარეზზე უნდა გავაგონოთ.
"უკრაინა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა, ამიტომ ყველა ნორმალური პოლიტიკური ძალის ინტერესია კომუნიკაცია ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან, რომელიც ახლა განსაცდელშია. ეს ყველაფერი კიდევ უფრო გამძაფრებულია იმ სირცხვილით, რაც გვაჭამა ჩვენმა მთავრობამ ყველას თვალში. ამას ოპოზიციის აქტიურობა ვერ გამოასწორებს, ვიდრე მთავრობას არ გამოვცვლით, მაგრამ ვიდრე გამოვცვლით ამ სამარცხვინო გაუგებრობას, ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ ყველა ასპარეზზე სადაც შეგვიძლია.
ეს რეზოლუცია "ქართული ოცნების" სტანდარტითაც კი სამარცხვინო ნაბიჯია, ამ ფაქტს ნორმალური საპარლამენტო რეზოლუციაც ვერ უშველიდა, თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ავალდებულებდა, რომ ემოქმედა. მაგრამ, ესეც ვერ გაბედეს ისეთ სამარცხვინო მდგომარეობაში არიან, რაც აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. რომც ეხსენებინათ რუსეთი უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაში, ეს იქნებოდა სახის შენარჩუნების შანსი, მაგრამ შეცდომაა ოპოზიციის მხრიდან მაშველი რგოლის გადაგდება, როდესაც პრემიერ-მინისტრი არ მოქმედებს, საპარლამენტო რეზოლუცია ამას არ ჩაანაცვლებს, ამიტომ არ უნდა ვეცადოთ შელამაზებას სიტუაციის”, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.