"მიდიოდა მატარებელი" - ამ კომედიური ფილმის მოქმედება თბილისიდან, ბათუმში მიმავალ მატარებელში ვითარდება. მეისრის შეცდომის გამო მატარებელი ბათუმის ნაცვლად ჯერ აფხაზეთის საზღვარზე აღმოჩნდება, შემდეგ - ჭიათურაში. მატარებელში სხვადასხვა მატყუარა და თაღლითია თავმოყრილი. გიორგი შენგელაიას ფილმი ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსულის მანკიერ ამბებზე გვიყვება, როგორიცაა კორუფცია, მომხვეჭელობა, გადასახადების დამალვა, ერთმანეთის გადაგდება.
როლებს თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობები თამაშობენ - კახი კავსაძე, რამაზ ჩხიკვაძე, გივი ბერიკაშვილი, ზურაბ ყიფშიძე, გოგა პიპინაშვილი, ზაზა პაპუაშვილი, ნანკა კალატოზიშვილი, ქეთი ცხაკაია, გურამ ფირცხალავა, ბაადურ წულაძე, ტრისტან სარალიძე, გურამ საღარაძე, ნანული სარაჯიშვილი, რუსლან მიქაბერიძე, ლაურა რეხვიაშვილი, მაკა შალიკაშვილი, ნატუკა გულისაშვილი და კიდევ ბევრი.
ეს ფილმი რამდენიმე დღის წინ ფოტოებით მსახიობმა მაკა შალიკაშვილმა გაიხსენა, ჩვენ კი "მატარებლის" გახსენება AMBEBI.GE-სთვის ვთხოვეთ.
მაკა შალიკაშვილი:
- ამ ფილმისთვის რეჟისორი გიორგი შენგელაია თეატრებში დადიოდა და მსახიობებს ეძებდა. ჩემს სპექტაკლზეც მოვიდა, დაესწრო... იმის მერე ჩემი დიდი გულშემატკივარი და მეგობარი გახდა... ასევე იყო რუსუდან გლურჯიძე, რომელიც მონაწილეობდა ამ ფილმის გადაღებაში. მისი რჩევითაც და კასტინგ-მენეჯერის ლია გოგელიას ინიციატივით შემარჩიეს იმ როლზე, რაც "მატარებელში" რეჟისორმა მომცა. გარემოცვას დიდი მნიშვნელობა აქვს და როგორც ჩანს, ყველას აზრი ერთმანეთს დაემთხვა...
მოკლედ, გიორგი შენგელაიამ კასტინგის გარეშე დამამტკიცა. ამის შემდეგ მსახიობები სახლში, თავისთან დიღომში დაგვპატიჟა, ბატონი რამაზ ჩხიკვაძეც იყო და მაშინ გვითხრა, ჩემს ფილმში ყველანი თამაშობთ, როლებზე დამტკიცებული ხართო.
ბატონი გიორგი ჩემთან დამოკიდებულებაში ძალიან გულუხვი იყო. კოსტიუმი, რაც ფილმში მეცვა, უძვირეს მაღაზიაში შემიძინა და ძალიან დიდი თანხა გადაიხადეს. ხშირად ჩემი ცხოვრების ამ ეპიზოდს ვადარებ ფილმის "Pretty woman"-ის ("ლამაზმანი") კადრს, როდესაც რიჩარდ გირი ზის და ჯულია რობერტსი მაღაზიაში დადის - იცვამს, იზომავს და სამოსს ყიდულობს. ოღონდ, ჩემს შემთხვევაში რეჟისორი ყიდულობდა და ყველანაირად ჩართული იყო სამუშაო პროცესში...
იმ დღეს ვათვალიერებდი ფოტოებს და მივხვდი, რომ 2005 წელში გადაღებული ეს ფილმი და მისი კადრები უკვე ისტორიაა, საოცარი ემოციები მქონდა... დაუვიწყარია რამაზ ჩხიკვაძესთან და კახი კავსაძესთან გადაღებისას ურთიერთობა...
- შენ და ნატუკა გულისაშვილი რამაზ ჩხიკვაძის უშუალო პარტნიორები ხართ, მისი გამრთობი გოგოები...
- კი, ასეთი ადამიანები ცხოვრებაში არიან, სხვადასხვა პიროვნებებთან ამ დატვირთვით მუშაობენ, თან დაჰყვებიან, ეთანხმებიან, მხარს უჭერენ... იმ კადრებზე მუშაობა, გადაღებები ისე კარგად მახსენდება. გარშემო სულ ბედნიერი განწყობა და პოზიტივი იყო. ყველაფერი ასეთ ატმოსფეროში კეთდებოდა...
- ახალგაზრდა მსახიობებისთვის ასეთ ვარსკვლავებთან პარტნიორობა როგორი იყო?
- რა თქმა უნდა, მათთვის ატმოსფერო უნდა შეგვექმნა, თამაშში ხელი არ უნდა შეგვეშალა და მეც ასეთი სახე შევქმენი, როგორიც საბოლოოდ მაყურებელმა იხილა... იქ მნიშვნელოვანია კახისა და რამაზს შორის საუბარი, რასაც ჩვენც ვესწრებოდით, ვისხედით და მათთვის ხელი არ უნდა შეგვეშალა. რასაც რამაზი იტყოდა, იმას ჩვენ თითქმის უსიტყვო თამაშით უნდა დავთანხმებოდით. მთავარი იყო ამ ორი მსახიობის დიალოგი და ამის ფონზე გათამაშებული სცენები. მადლობა ღმერთს, რეპლიკა არ დამიგვიანია, ჩემი ქმედებით, ემოციით მათ ზედმეტად არ ჩავჩხერილვარ. მნიშვნელოვანია, ასეთ დროს კოხტად შეხვიდე დიალოგში, რომ სცენა არ გააფუჭო, არ დააზიანო და პირიქით, მას აზრი მეტად შესძინო...
ძალიან მომწონს ეპიზოდი, როცა კახის ეკამათება და მერე მაგიდაზე ხელს არტყამს, იმ დროს მეც რამაზს დავემოწმე, მხარი ავუბი... ასეთი პატარა დეტალები იყო, მაგრამ სულაც არ ვთვლი, რომ დეტალები უმნიშვნელოა. ხომ, ვამბობ, ჩვენ ვიყავით რამაზის აზრის, გრძნობის, ემოციის, სიტყვის გამოხატვის დამადასტურებლები. ვიყავით მისი ერთგულები და მოკლედ, მისი გოგოები. თავიდანვე ვიცოდით, რომ ამ ადამიანებთან უნდა გვეთამაშა. ამასთან, გიორგი შენგელიამ გვითხრა, ხომ იცით, ვინ უნდა იყვნენ თქვენი პარტნიორები?.. რა თქმა უნდა, ვიცოდით და კარგად ვიცოდით... იმის შემდეგ სულ რომ ამ სფეროში არაფერი გამეკეთებინა და სხვა პროფესია ამერჩია, ეს ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი ეპიზოდი იყო...
მერე როგორ კარგად მახსოვს არაჩვეულებრივი გურამ ფირცხალავა, მიყვარდა ეს მსახიობი, რომელიც ფილმში სამხედროს როლს თამაშობს... ფილმის ქრონომეტრაჟი არ არის ხანგრძლივი, ჩვენი ეპიზოდებიც პატარაა, მაგრამ გადასაღებ მოედანზე მახსოვს, რომ დიდხანს ვიყავით. გვიწევდა მატარებლის ვაგონში გადაღება და იქ ცხოვრება. გადაღებები იყო ჭიათურაში, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ადგილას, გაჩერებულ ვაგონებში, სადგურებზე, ბაქნებზე. ფილმის შემდეგ გიორგი შენგელაიას ოჯახთან დავმეგობრდი. იქ მისი შვილიშვილიც მონაწილეობს, მაშინ პატარა იყო და მუსიკოსის როლი ჰქონდა და უკრავდა... მოკლედ, ბატონ გიორგისთან მშობლის მსგავსი განცდა მქონდა, რომ გარდაიცვალა ძალიან განვიცადე. ბატონ რამაზთან ფილმის შემდგომ მეგობრობა ვერ შევძელი, რადგან უკვე გადაღებებზეც ვერ იყო კარგად და მალე გარდაიცვალა.
ეს მისი ბოლო ფილმი იყო. კახი კავსაძის და ჩემი შეხვედრაც ყოველთვის უთბილესი იყო. საოცარი სიყვარული, სიხარული, სიკეთე და ბედნიერება იყო, როგორც მამას, ვეფერებოდი. საოცარი ადამიანები წავიდნენ... ამ ფილმმა ისეთი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს შემდგომ მათთან ურთიერთობაზეც, წარუშლელი. ის ჩემს ცხოვრებაში ბედნიერი, ნათელი პერიოდია... ეკრანზე გამოსვლის შემდეგ არ გვეგონა, თუ ასეთ პოპულარობას მოიტანდა. დღემდე ეს ფილმი აქტუალურობას არ კარგავს.