მეოთხე დღეა, რაც იტალიის ქალაქ ნეაპოლში ქართველი გოგონა სალომე (სალი) ტეტუნაშვილი დაიკარგა. 27 წლის ქალი შაბათს, 22 იანვარს იმ სახლიდან, სადაც დამხმარედ მუშაობდა, გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ბოლო ინფორმაციით, ის სახლიდან დღის ოთხ საათზე, შინაური ჩაცმულობითა და ოთახის ქოშებით გავიდა. ემიგრანტები ამბობენ, რომ ოჯახი, სადაც სალომე მუშაობდა, კარაბინერს ეკუთვნის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ამ ოჯახისგან აქტიურობას ვერ ხედავენ, რაც სალომეს პოვნაში დაეხმარებოდათ. იქაური კანონმდებლობით, სრულწლოვანი ადამიანის გაუჩინარებიდან 48 საათში იწყებს ძებნას პოლიცია.
ქართველი ემიგრანტები, პროტესტის ნიშნად, გუშინ ნეაპოლის ერთ-ერთ ეკლესიასთან შეიკრიბნენ, რომლის სიახლოვესაც ის სახლია, სადაც სალომე მუშაობდა. ამბობენ, რომ ქვეყნის პოლიცია მათი და დაკარგული ქალის ოჯახის წევრების თხოვნაზე არ რეაგირებს და დახმარების თხოვნით საქართველოს საელჩოს მიმართავენ. აქციას ესწრებოდა სალომეს დედაც.
ახალგაზრდა ქალი საგარეჯოდან არის. იტალიაში მუშაობენ სალის დედა და მამიდებიც.
სალომეს დედა კამერების წინ ამბობს, რომ არაერთი ეჭვი აქვს და სხვადასხვა ვერსიაზე ფიქრობს. ქალი ითხოვს, რომ შვილი დაუბრუნონ. სტატია სალომეს დაკარგვის შესახებ, ორი დღის წინ ambebi.ge-ზეც გამოქვეყნდა, თუმცა ტელევიზიით სიუჟეტი პირველად გუშინ გავიდა. აღმოჩნდა, რომ საგარეჯოში მცხოვრებმა ბებია-ბაბუამ შვილიშვილის დაკარგვის შესახებ ასე გაიგეს.
"ოჯახი 4 დღეა ცდილობს ეს თემა არ მოხვდეს არცერთ ადგილობრივ ტელევიზიაში....
და მაინც, იმათ, ვისაც ამდენი ხანი ვუფრთხილდებოდით, ბებია და ბაბუას, რომლებიც ასაკში არიან და ვისთვისაც სალომე უსაყვარლესი შვილიშვილია, ამიტომაც მთელი ოჯახი ეს 4 დღე ბედნიერი ადამიანების როლს ვთამაშობდით, ტელევიზორის ყურების დროს გააგებინეთ.
ვერ მოვასწარით გაფრთხილება, სოფელში ჩასვლა და მათთან ერთად ყოფნა.
უამრავჯერ გთხოვეთ, შესულიყავით ოჯახის მდგომარეობაში, გამოგეჩინათ გულისხმიერება, მაგრამ თქვენ არანაირი მსგავსი გრძნობა არ გაგაჩნიათ...
არ ვიცი, რომელ სიტყვის თავისუფლებას ითხოვთ... პირველი თქვენ არ იცავთ ჩემი და ჩემი ოჯახის სიტყვის თავისუფლებას!“ - წერს სალომეს ერთ-ერთი მეგობარი სოციალურ ქსელში.
სალომეს გაუჩინარებასთან დაკავშირდებით განცხადება გაავრცელა იტალიაში საქართველოს საელჩომ.
"იტალიის ქ. ნეაპოლში, საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე გრძელდება სამძებრო სამუშაოები და საკონსულოს მოთხოვნის საფუძველზე, საქმეში უკვე ორი დღეა აქტიურად არიან ჩართულნი იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები.
ინტენსიურად ხდება ინფორმაციის გაცვლა საქართველოს საკონსულო სამსახურთან. გარდა ამისა, საკონსულო მუდმივ კავშირზეა დაკარგულის ოჯახთან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე, საკონსულოს აცნობა დაკარგულის ოჯახის წევრმა და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართა დაკარგული მოქალაქის ოჯახმა, რის შემდეგაც ქ. რომში საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სამართალდამცავებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ambebi.ge-სთან პირად საუბრებში ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის და ქართველები ხშირად უჩინარდებიან და არის შემთხვევები, როდესაც გარდაცვლილსაც პოულობენ. მათი თქმით, ისინი თავს უცხო ქვეყანაში დაუცველად გრძნობენ.