ავტორი:

"აქ არის "ქართული ლეგიონი", რომელიც რეზერვშია. არიან სხვა ქართველებიც, თუ რამე მოხდა, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტი ჩამოვა" - რას ჰყვება უკრაინაში მცხოვრები ქართველი?

"აქ არის "ქართული ლეგიონი", რომელიც რეზერვშია. არიან სხვა ქართველებიც, თუ რამე მოხდა, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტი ჩამოვა" -  რას ჰყვება უკრაინაში მცხოვრები ქართველი?

როგორია ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა უკრაინაში, რომელიც რუსეთისგან თავდასხმის მოლოდინშია? საქართველოს სამხედრო დაზვერვის ყოფილი მეთაური ირაკლი ქურასბედიანი უკვე წლებია უკრაინაში ცხოვრობს და AMBEBI.GE-სთან ადგილობრივების განწყობაზე საუბრობს. ის ჯერ კიდევ 2014 წლიდან მონაწილეობდა უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში რუსეთის წინააღმდეგ.

- ქალაქ მარიუპოლში ჯერჯერობით სიწყნარე და ძალიან დიდი ერთსულოვნებაა. მობილიზაცია არ გამოცხადებულა, ამის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, მსურველი ბევრია.

გასული წლების განმავლობაში 300-400 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო საბრძოლო გამოცდილება - ამ რვა წლის განმავლობაში, საბრძოლო მოქმედებების რეგიონში იომეს, უკვე ვეტერანები არიან და ისევ მზად არიან ბრძოლისთვის. ეს კანონითაც დარეგულირებულია - ყველა რეგიონსა და ქალაქში არსებობს ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფები, რომელიც ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა.

უკრაინაში არსებობს რამდენიმე სახის რეზერვი, ზოგი რეგულარული ჯარების ნაწილზე, ზოგიც კონტრაქტორ სამხედროებზე იქნება მიმაგრებული. ასევე არიან ტერიტორიული თავდაცვის რეზერვისტები, რომელიც განსაკუთრებული შემთხვევების დროს, რათა რეგულარული დანაყოფები არ მოცდნენ, ზურგის თავდაცვასა და უზრუნველყოფაზე არიან პასუხისმგებელი. ოღონდ ეს ყველაზე უარეს შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე სიღრმეში შემოიჭრა, თუმცა, ეს არარეალურად მეჩვენება...

- ვიცი, რომ 2014 წლიდან უკრაინაში ხართ და თვალს ადევნებთ, იქ რაც ხდება. როგორია თქვენი ვარაუდი, რაზეა რუსეთი წამსვლელი?

- დიახ, უკრიანაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან აქ ვარ, ბოლო ორი წელია, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ჩემი ყოფნის აუცილებლობა არ არის, თუმცა ვიცი, რაც ხდება. უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების ისეთი დიდი მობილიზებაა, რაც აქამდე არ ყოფილა, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, რომ ომი გარდაუვალია. ეს ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. კრემლშიც ექნებათ რამდენიმე გეგმა, თუმცა, საფრთხე ძალიან დიდია. უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების მობილიზება აშკარაა და ალბათ რუსეთშიც მსჯელობენ იმაზე, რაღაცის მისაღწევად, რისი დაკარგვა მოუწევთ... ის, რომ შემოვლენ და ნახევარ უკრაინას დაიკავებენ, არასერიოზულია, ამხელა ძალა რუსეთს ნამდვილად არ აქვს, მაშინ მთელი თავისი დანაყოფები უნდა გადმოისროლოს უკრაინაში.

სხვა თუ არაფერი, ძალიან დიდი ტერიტორიაა და მხოლოდ აქაურობის დაკავება არ არის მოგება. 1943 წელს, მეორე მსოფლიო ომში, გერმანელებისგან დნეპრის მარცხენა სანაპიროს გათავისუფლებას რამდენიმე მილიონი ადამიანი დასჭირდა. ადგილის დაკავება ერთია და მისი მართვა და კონტროლი, სხვა საკითხია...

ვფიქრობ, ყველაზე სახიფათო ნაბიჯები, რომელსაც რუსეთი გეგმავს, ასეთია: უკრაინის მთავარი სამხედრო ძალების ალყაში მოქცევა და განადგურება, ანუ ბრძოლისუნარიანობის დაკარგვა; შემდეგ, შეეცდებიან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამოწვევას, უკრაინულ პოლიტიკაში ჰყავთ მეხუთე კოლონა, რომლის წამოქაჩვაც შეუძლიათ... რაც შეეხება ყველაზე ნაკლები შედეგის მიღწევას, ჩემი აზრით, ეს იქნება თავიანთი მოსახლეობის წინაშე თავის სამართლებლად შემოიყვანონ თავიანთი ჯარები დნეპრისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში და მათი დამოუკიდებლობა აღიარონ, ისე, როგორც ეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გააკეთეს. ოღონდ ამ შემთხვევაში უკრაინას საბოლოოდ დაკარგავენ, ეს ქვეყანა მათი მოკავშირე აღარასდროს იქნება.

- არსებობს ვერსია, რომ კრემლი მათთვის სასურველი ხელისუფლების მოყვანის გეგმასაც ამუშავებს...

- ვფიქრობ, იმ განწყობის გათვალისწინებით, რა ახლა ქვეყანაშია, ეს შეუძლებელია. მაშინ ჯერ გარკვეულ სამხედრო წარმატებას უნდა მიაღწიონ და ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიონ... თუმცა, ამის შანსები საბედნიეროდ დაბალია, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ სპექტრში გარკვეული საყრდენი ჰყავთ. თუმცა, იმისთვის, რომ მათ ძალაუფლება ხელში აიღონ, რაღაც გადატიალება უნდა მოხდეს, ოღონდ ამას წინ უნდა უძღოდეს წარუმატებელი სამხედრო ოპერაციის გამო დაკარგული ტერიტორიები, რათა მოსახლეობა ამის გამო ხელისუფლებას დაუპირისპირდეს... ამ ფონზე კი, პრორუსული ძალები ამოიქაჩებიან, მაგრამ მათ გვერდში არ დაუდგება ჯანსაღად მოზროვნე ოპოზიცია თუნდაც პოროშენკოს ხალხი, რომელთაც ასევე პროდასავლური გეზი აქვთ.

- 2014 წლიდან დღემდე უკრაინის შეიარაღებული ძალების ცვლილების მომსწრე ხართ, ამ თვალსაზრისით რას იტყვით?

- დიახ, ომი დაწყებისთანავე უკრაინაში ვიყავი. ადგილობრივ ჯარისკაცებს, სამხედროებს, ოფიცრებს ვამზადებდი. მაშინდელსა და ახლანდელს შორის, ძალიან დიდი განსხვავებაა, პროგრესი ცხადია. ვიცით, რომ რუსეთი სირიაში აწარმოებდა სამხედრო მოქმედებებს, მაგრამ უკრაინაში, ფაქტობრივად, ყველა რგოლის მეთაურს საბრძოლო გამოცდილება აქვს მიღებული, რასაც რუსეთის კი არა, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებზე ვერ ვიტყვი.

- უკრაინაში ქართველები არიან ჩამოსული?

- კი, აქ არის "ქართული ლეგიონი", რომელიც რეზერვშია. თუმცა, არიან სხვა ქართველებიც, რომელთაგან ბევრმა უკვე მოქალაქეობაც მიიღო, ზოგი კი ისე მსახურობს, კონტრაქტორად. თუმცა, თუ რამე მოხდა, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტი ჩამოვა.