"ომის ზღვარზე" - ასე უწოდებენ უკრაინასა და რუსეთს შორის ამ წუთისთვის არსებულ ვითარებას. დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის ყოველ დღე მატულობს. 2014 წლის რუსული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, უკრაინის შეიარაღება მნიშვნელოვნად შეიცვალა, უფრო გაძლიერდა, გაუმჯობესდა და როგორც france24 წერს, მან ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან "ცოტაზე უფრო მეტი დახმარება მიიღო."
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მკაფიოდ თქვა, რომ რუსული არმიის უკრაინაში ნებისმიერი ფორმით "შეჭრას" მოჰყვება შესაბამისი პასუხი აშშ-სგან. ბაიდენის თქმით, ვაშინგტონი განაგრძობს ზეწოლას, მანვე გააფრთხილა მოსკოვი, რომ "პასუხი იქნება მკაცრი".
უკრაინის მხარდასაჭერად კონკრეტული ნაბიჯები გადადგა უკვე დიდმა ბრიტანეთმა. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, ბრიტანეთი უკრაინას, თავდაცვის მიზნით, უგზავნის სამხედრო აღჭურვილობას. ძირითადად მცირე რადიუსის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს.
"გასულ ოთხშაბათს რუსეთში განაცხადეს, რომ მათ ბელარუსში წვრთნებისთვის სამხედრო ნაწილები გაგზავნეს. ეს კი რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, შეტევა განახორციელოს უკრაინაზე ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთის მხრიდან. ამ ამბიდან 24 საათის შემდეგ, რუსეთმა კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა გეგმავს სამხედრო წვრთნები ჩაატაროს ატლანტის, წყნარი ოკეანის, არქტიკისა და ხმელთაშუა ზღვის წყლებში, რაც მოიცავს 140-ზე მეტი სამხედრო გემისა და ხომალდის განლაგებას", - წერს france24.
ყოველივეს პარალელურად მოსკოვი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ არ აპირებს უკრაინაში შეჭრას და ამავდროულად, დეესკალაციის სანაცვლოდ, მოითხოვს, უკრაინა ნატო-ს წევრი არ გახდეს.
ამავდროულად, აშშ-მა მწვანე შუქი აუნთო ბალტიისპირა ქვეყნებს - ესტონეთს, ლატვიასა და ლიეტუვას, შეიტანონ ამერიკული წარმოების იარაღი უკრაინაში. ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა უგზავნის უკრაინას თავდაცვის საშუალებებს რუსული აგრესიის შეკავების მიზნით.
გასულ წელს ბაიდენის ადმინისტრაცია დაეთანხმა 650 მილიონი დოლარის ოდენობის ღირებულების იარაღის უკრაინაში გაგზავნას, საიდანაც 200 მილიონის შეიარაღება 2021 წლის დეკემბერში უკვე გაიგზავნა.
ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინა აძლიერებს თავის არსენალს. მაგრამ შესაძლებელია თუ არა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რეალური წინააღმდეგობა გაუწიონ რუსულ ძალას, რომელიც შედგება ასობით ათასი სახმელეთო ჯარისკაცისგან, ისევე როგორც კარგად აღჭურვილი ტანკებისგან, საჰაერო და საზღვაო აღჭურვილობისგან.
2014 წელს, ყირიმის ანექსიის დროს, რუსმა ჯარისკაცებმა მარტივად გადალახეს უკრაინული თავდაცვა. "იმ დროს უკრაინული ჯარი კატასტროფულ მდგომარეობაში იყო“, - იხსენებს ბერლინის გლობალური საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი, ჯულია ფრიდრიხი.
ბოლო 7 წლის განმავლობაში კიევმა დიდი ფინანსური ინვესტიცია გასწია სამხედრო ძალების მოდერნიზების კუთხით. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სამხედრო ხარჯებზე გამოყოფილი ეროვნული ბიუჯეტის წილი 2014 წელს 1,5% იყო, ხოლო 2020 წელს - 4.4%.
უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ მარტო არ არის. 2014 წლიდან ნატომ, როგორც ორგანიზაციამ, ისევე როგორც მისმა ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება გაუწიეს, "რაც დაახლოებით, 14 მილიარდი დოლარის ექვივალენტია“, - ამბობს ფასოლა.
შეერთებული შტატები სამხედრო ტექნიკის მთავარი მიმწოდებელი იყო. მათ მიაწოდეს რადიო აღჭურვილობა, სამხედრო სატრანსპორტო სატვირთო მანქანები და 200-ზე მეტი "ჯაველინი" - ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა. უკრაინას თავდაცვითი იარაღი მიაწოდა ასევე ბრიტანეთმა, პოლონეთმა და ლიეტუვამ.
უკრაინის დასახმარებლად თურქეთიც კი გამოვიდა თავისი ცნობილი "ბაირაქთარTB2“ დრონებით და უკრაინას მათი ყიდვა შესთავაზა.
ჯულია ფრიდრიხი თურქულ დრონებს მნიშვნელოვან იარაღად მიიჩნევს, თუმცა უჭირს იმის თქმა, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება ისინი რუსეთის წინააღმდეგ - "ეს დრონები გადამწყვეტი აღმოჩნდა მთიანი ყარანაღის კონფლიქტში, მაგრამ ძნელია იმის ცოდნა, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინონ მათ რუსეთთან შესაძლო კონფლიქტში“, - ამბობს ფრიდრიხი.
უკრაინის სამხედრო მოდერნიზაცია არ გულისხმობს მხოლოდ შეიარაღების მოდერნიზებას. სამხედრო საკითხების ექსპერტ გუსტავ გრესელის შეფასებით, უზარმაზარი პროგრესია საბრძოლო მომზადების კუთხითაც. მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი სისუსტე საბჭოთა კავშირის დროს შემუშავებული სამხედრო დოქტრინები იყო.
უკრაინის არმიის სხვა აქტივი მოდის მის ჯარისკაცებზე, რომლებიც მოტივირებულნი არიან და თავიანთი სურვილით ირიცხებიან ჯარში, რათა დაიცვან სამშობლო.
"ჯაველინების", უპილოტი საფრენი აპარატების, ჯარისკაცების მოტივაციის და მათი გაწვრთნის გათვალისწინებით, უკრაინის არმია ძლიერი მოწინააღმდეგე გახდა“, - ამბობს ბალტიის უსაფრთხოების ფონდის უფროსი ანალიტიკოსი, გლენ გრანტი.
დონბასში აქამდე წარმართულ საბრძოლო მოქმედებებს სამხედრო ექსპერტები ასე აფასებენ - "ეს არის დაბალი ინტენსივობის კონფლიქტი, რომელიც ჰგავს პარტიზანულ ომს, ამან აიძულა როგორც კიევი, ასევე დასავლეთი, ფოკუსირება მოეხდინათ ამ ტიპის დაპირისპირების შესაბამის აღჭურვილობაზე, მაშინ, როცა შესაძლოა, რუსეთმა ახლა თავდასხმის სულ სხვა მექანიზმები გამოიყენოს.
"მაგალითად, ამერიკელებმა სნაიპერული იარაღი მიაწოდეს უკრაინის არმიას, რომელიც კარგია ისეთი ბრძოლებისთვის, როგორიც დონბასში იყო, მაგრამ ამ ტიპის იარაღი არ იქნება ეფექტიანი რუსული ტანკების წინააღმდეგ“, - ამბობს გრესელი.
სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ავიაცია, უკრაინის საჰაერო სამხედრო ძალები ქვეყნის თავდაცვის სისტემის მთავარი სისუსტეა. ბომბდამშენებისა და გამანადგურებლების უმეტესობა უკვე დაძველებულია - 30 წლის წინანდელი ტექნიკა აქვთ, ამასთან, არც მფრინავები არიან სათანადოდ მომზადებულნი.
"სწორედ ამიტომ, თუ რუსეთი გადაწყვეტს შეტევას და სწორად გამოიყენებს სამხედრო ავიაციას, საჰაერო მეტევა გადამწყვეტ უპირატესობას მისცემს, მიუხედავად უკრაინის არმიის მოდერნიზაციისა“, - ამბობს გრესელი.
ბერლინის გლობალური საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი, ჯულია ფრიდრიხი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს, უკრიანასა და მის მოკავშირეებს ძალთა ბალანსის შენარჩუნება გაუჭირდებათ.
გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის აღმოსავლეთ ევროპის სპეციალისტი, დუმიტრუ მინზარარი კი ამბობს, რომ ბრიტანულმა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებმა შესაძლოა, გადამწყვეტი როლი შეასრულოს.
"ამ სამხედრო ტექნიკას და ბრიტანეთის ნაბიჯს აქვს სტრატეგიული და მატერიალური ღირებულება. სტრატეგიული თვალსაზრისით ეს მიუთითებს შესაძლებლობაზე, რომ ქვეყანა, რომელიც ასეთ სამხედრო მხარდაჭერას უზრუნველყოფს, მოსალოდნელია, კიდევ უფრო ჩაერთოს და გაზარდოს თავისი როლი, თუ შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყება.
გარდა ამისა, უკრაინის არმიას შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გაერთიანებული სამეფოს მიერ მიწოდებული ტანკსაწინააღმდეგო იარაღით. ამის გამო შესაძლოა, მოსკოვმა გადახედოს სამხედრო შეტევის ღირებულებისა და სარგებლის თანაფარდობას და ამის მიხედვით იმოქმედოს“, - ამბობს მინზარარი.
მომზადებულია france24-ის მიხედვით