ავტორი:

"ეს ვირუსი არ მოისპობა, არამედ გაუტოლდება სეზონურ გრიპს... ჩვენი იმუნიტეტი უკვე შეიცვალა მასთან ბრძოლისთვის" - რას ჰყვება დანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი

"ეს ვირუსი არ მოისპობა, არამედ გაუტოლდება სეზონურ გრიპს... ჩვენი იმუნიტეტი უკვე შეიცვალა მასთან ბრძოლისთვის" - რას ჰყვება დანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი

მეცნიერებმა "ომიკრონის" შტამის ახალი, სუბშტამი BA.2 აღმოაჩინეს, რომელსაც "სტელს-ომიკრონის" სახელი მიანიჭეს. ის დიდ ბრიტანეთსა და დანიაში გავრცელდა. მეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ "სტელს-ომიკრონი" "ომიკრონის" ძირითად შტამზე უფრო გადამდებია და უფრო სწრაფად ვრცელდება.

ზაზა უჯმაჯურიძე, დანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი:

- დანიაში ახლა ფაქტობრივად მხოლოდ "ომიკრონის" შემთხვევებია, აქედან ნახევარია BA.1 და ნახევარი BA.2. ჯერჯერობით მათ შორის დიდ კლინიკურ განსხვავებას ვერ ვხედავთ. ვერ ვიტყოდით, რომ ახალი ქვეშტამი უფრო ძლიერია, უფრო მეტ ჰოსპიტალიზაციას იწვევდეს და ასე შემდეგ... ჯერჯერობით რასაც ვაკვირდებით, ერთნაირი კლინიკური სურათია. ჯერ ძალიან ადრეა დასკვნების გამოტანა, მაგრამ ზედმეტად საგანგაშო და მეტი პანიკის შესაქმნელი ნამდვილად არაფერია. "ომიკრონი" რომ მუტაციას განიცდის, ეს ნორმალური პროცესია. დანიაში ამის გამო არანაირი მღელვარება არ შექმნილა.

უბრალოდ, დღეს ყველაფერს ვასაჯაროებთ ამ ვირუსთან დაკავშირებით, თორემ რამდენ რამეს ჩაუვლია და არანაირი საინფორმაციო ცნობები არ გასაჯაროებულა... დანია ნელ-ნელა იმ ეტაპს უახლოვდება, როდესაც კოვიდ 19 საზოგადოებისთვის ნაკლებად საშიში იქნება. ეს ძალიან დიდი მიღწევაა! არავის უთქვამს, რომ ეს ვირუსი სადღაც გაქრება, არამედ გაუტოლდება ჩვეულებრივი, სეზონური გრიპებით შექმნილ ვითარებას და ეს არ გამოიწვევს მთელი საზოგადოების პარალიზებას.

- დანიაში ამჯერად შეზღუდვები არ არის?

- არის, მაგრამ იმდენად მსუბუქი, მე მაგალითად საერთოდაც ვერ ვგრძნობ. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიაში, რესტორანში, დახურულ სივრცეში პირბადეა საჭირო, რაც ისედაც სასურველია. ღია სივრცეში არსად არ არის სავალდებულო...სკოლები, დაწესებულებები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.

- მეოთხე დოზით აცრაზე არ ამბობენ დანიაში?

- ჯერ ამაზე არ საუბრობენ, მაგრამ უაღრესად დაბალი იმუნიტეტის მქონე პირებს უკვე გაუკეთეს. ეს ძალიან იშვიათია და შერჩევით ჯგუფზე კეთდება... დიდი ალბათობით სამომავლოდ, როგორც სეზონურ გრიპზე, წელიწადში ერთი აცრა იქნება... ასე გამოაცხადა "ფაიზერმა" და ყველაზე რეალური ეგ არის. ეს ვირუსი არ მოისპობა, რადგან იგი მეტად არასტაბილურია და ამავე დროს გვხვდება არა მხოლოდ ადამიანებში. უბრალოდ შემცირდება პანდემიის საშიშროება, რადგან ჩვენი იმუნიტეტი უკვე შეიცვალა მასთან ბრძოლისთვის. ამაში უდიდეს წვლილი მიუძღვის აცრებს.

- როგორც ვიცი დანიაში წარმატებულად მოღვაწე ონკოლოგი სამოღვაწეოდ თბილისში გადმოდიხართ... გვიამბეთ თქვენი სამომავლო გეგმები...

- 30 წელია, ევროპაში ვცხოვრობ და ვმუშაობ, დავაგროვე უდიდესი გამოცდილება, მივიღე დიდი აღიარება დანიაში. ახლა მინდა, რომ ეს ცოდნა და გამოცდილება ჩამოვიტანო ადგილზე. სხვათაშორის, ზუსტად ერთ კვირაში მოვდივარ თბილისში და ვხსნი ონკოლოგიურ ცენტრს პინეოში. ბევრი გეგმა მაქვს და ვგრძნობ, რომ ახლა მათი განხორციელებისთვის საუკეთესო დრო და პირობები მაქვს. მე ადგილზევე ვიქნები, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჩემი ჩანაფიქრებისთვის ხორცის შესხმა.