ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს მობილიზებული საწოლფონდის, ასევე, ბავშვების საწოლფონდის დაახლოებით 45% თავისუფალი რჩება.
როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ნაკადების მკვეთრ მატებასთან ერთად, არ მომხდარა ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების აქტიური ზრდა.
"დღევანდელი სააკორდინაციო საბჭოს სხდომის მთავარი თემა არის "ომიკრონის“ ფონზე შემთხვევების მატება და ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობა ამ ნაკადებს უპასუხოს. დილის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევაა 87 609, აქედან 4 595 პაციენტი ჰოსპიტალურ მკურნალობას იტარებს, მათ შორის, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 963-ია, რეანიმაციულ განყოფილებაში კი 283. როგორც ხედავთ, ნაკადების მკვეთრ მატებასთან ერთად, არ მომხდარა ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების აქტიური მატება, რომლებიც იქ იტარებენ მკურნალობას. დღეს მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით 45% თავისუფალი რჩება. იგივე შემიძლია ვთქვა ბავშვების საწოლფონდზე, სადაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იყო შემთხვევების მატება, თუმცა, განმარტებების, ოჯახის ექიმების აქტიური მუშაობით და ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი მიმდინარეობის და არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ბავშვები რჩებიან ბინაზე და იქ აგრძელებენ მკურნალობას,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.