ავტორი:

ომიკრონი და მისი დიაგნოსტიკის თავისებურებები - არის თუ არა ახალი შტამი პანდემიის დასასრული?

ომიკრონი და მისი დიაგნოსტიკის თავისებურებები - არის თუ არა ახალი შტამი პანდემიის დასასრული?

პანდემიის დაწყებიდან 2 წელი გავიდა და მსოფლიო ჯერ კიდევ ახალ-ახალი ტალღებისა და შეზღუდვების პირობებში ცხოვრობს. სხვადასხვა ქვეყანას პანდემიის მართვის განსხვავებული მეთოდი აქვს. თუმცა ძველ, პანდემიამდელ რეჟიმთან დაბრუნება ჯერ ვერც ერთმა მათგანმა მოახერხა.

ამჯერად ვირუსის ახალი შტამი, ომიკრონი გამოჩნდა, რომელმაც მსოფლიოს ახალი კითხვის ნიშნები გაუჩინა, თუმცა იმედიც დაუსახა. რა ინფორმაცია გვაქვს დღეს ომიკრონზე და როგორია მისი დიაგნოსტიკის თავისებურებები - ამ საკითხებზე ლაბორატორია „ევიდენსის“ დირექტორი დავით ებრალიძე გვესაუბრება.

დღეს ომიკრონზე არსებული ინფორმაცია გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს პანდემიის დასასრულია?

შესაძლოა ასეც იყოს, თუმცა ვფიქრობთ, რომ მსგავსი დასკვნების გაკეთება და ზეიმი, სამწუხაროდ, ჯერ ძალიან ნაადრევია. SARS-CoV-2 ვირუსის ახალი შტამი, რომელსაც „ომიკრონი“ უწოდეს, ჯერ კიდევ ახალია და ამ ეტაპზე ის მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ეს შტამი სულ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა სამხრეთ აფრიკაში, მაგრამ უკვე მოასწრო ყველა კონტინენტზე გავრცელება და დღეს უკვე დომინანტური ხდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც.

იქიდან გამომდინარე, რომ ის ძალიან სწრაფად ვრცელდება და სხვა შტამებთან შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, გაჩნდა აზრი, რომ ეს პანდემიის დასასრულია. მოგვიანებით, ეს ფორმულირება ცოტა შემსუბუქდა და ითქვა, რომ ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია.

რადგან შტამი ძალიან ახალია, მის შესახებ მონაცემები ბუნებრივია ახლა გროვდება. ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ ახალ კლინიკურ და სამეცნიერო მონაცემებს. არის როგორც იმედისმომცემი, ასევე საყურადღებო მასალები. მართალია, ომიკრონით ინფიცირებისას ნაკლებია საავადმყოფოში მოხვედრის რისკი, ასევე, ნაკლებია ინტენსიური თერაპიის პალატაში მოხვედრის ან სიკვდილის რისკები, მაგრამ მასიური გავრცელების გამო ის კვლავ საფრთხეს უქმნის ჯანდაცვის სექტორს, მედპერსონალს, საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, რომელსაც თანმხლები დაავადებები აქვს, საფრთხეს უქმნის აუცრელ კონტინგენტს, რომელიც, სამწუხაროდ, კვლავ დიდია. ასევე, საყურადღებოა, რომ ამ შტამით ავადდებიან აცრილი და კოვიდგადატანილი მოსახლეობის ნაწილიც, რომელსაც უკვე აქვთ გარკვეული იმუნიტეტი. არსებობს აზრი, რომ მსუბუქი მიმდინარეობა შეიძლება ამის დამსახურებაც იყოს.

ის ფაქტი, რომ გაჩნდა შტამი, რომელმაც გარკვეულწილად შეძლო არსებული იმუნიტეტის გვერდის ავლა, ვფიქრობთ, უკვე დამაფიქრებელია. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ცალსახაა, რომ საჭიროა მეტი სამეცნიერო მონაცემი საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად. ფაქტია, ჯერჯერობით ვირუსი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს და არსებული რეკომენდაციები კვლავ ძალაში რჩება - აცრა, ნიღაბი, დისტანცია.

ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ომიკრონით დაავადებულის გამოვლენა ვერ ხერხდება. რეალურად, ინფიცირების დადგენა მარტივად შესაძლებელია?

გარკვეული პერიოდი იყო აზრი, რომ სწრაფი ანტიგენ-ტესტები არ ავლენენ ან ნაკლებად ავლენენ ომიკრონს. დღეისათვის ეს მონაცემი ცოტა შეცვლილია. ზოგადად ე. წ. ანტიგენ-ტესტების ეფექტურობა შედარებით ნაკლებია ნებისმიერი შტამის გამოსავლენად, განსაკუთრებით, უსიმპტომო პაციენტებში. თუმცა მათი სწორად გამოყენების შემთხვევაში ამ კვლევას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი ადგილი კოვიდ-19 დიაგნოსტიკაში. ახლახან ერთ-ერთმა ამერიკულმა მწარმოებელმა გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომლის მიხედვითაც მათი ახალი თაობის სწრაფი ტესტი იმავე ეფექტურობას აჩვენებს, რასაც პჯრ კვლევა. თუმცა კვლევები ჯერ არ დასრულებულა და ამ პროდუქტის ბაზარზე გამოჩენამდე კიდევ საკმაო დროა საჭირო.

უფრო მგრძნობიარეა და ოქროს სტანდარტად რჩება, რა თქმა უნდა, ცხვირ-ხახის ნაცხის პჯრ (PCR) კვლევა. დღეისათვის ჩვენს ლაბორატორიაში დანერგილი პჯრ ტექნოლოგია მიმართულია ვირუსის გენომის ერთ-ერთ ყველაზე კონსერვატიულ ფრაგმენტზე, სადაც ნაკლებია მუტაციები. შესაბამისად, მეთოდი ეფექტურად ავლენს აქამდე არსებულ ყველა შტამს და მათ შორის, ომიკრონსაც.

შესაძლებელია დავადგინოთ, პაციენტს რომელი შტამი აქვს?

დღეს ჩვენთან ძალიან გაიზარდა მოთხოვნა შტამის დადგენაზე. თითქმის ყველა პაციენტი გვეკითხება, ვადგენთ თუ არა, რომელი შტამია. ზოგადად, შტამის დადგენა შეიძლება ე. წ. სექვენირებით, რომელიც რთული, ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესია. საბედნიეროდ, დღეს საქართველოში ამის საშუალება არის და ლუგარის ლაბორატორიას აქვს ამის ტექნიკური შესაძლებლობა. არის უფრო იაფი და ხელმისაწვდომი გზებიც, ე. წ. S gene drop-out მაჩვენებელი, როცა პჯრ კვლევის დროს სამიზნე 3 გენიდან S უარყოფითია, დანარჩენი 2 კი დადებითი. ასეთ დროს დიდი ალბათობით საქმე გვაქვს ომიკრონთან, თუმცა კლასიკურად ამას მაინც ჭირდება ვერიფიკაცია სექვენირებით.

ვფიქრობთ, მთელი ეს აჟიოტაჟი შტამის დადგენასთან დაკავშირებით მალე ჩაცხრება. სულ რამდენიმე კვირაში, სავარაუდოდ, ომიკრონი იქნება აბსოლუტური დომინანტი შტამი საქართველოში და, შესაბამისად, მის დადგენას დიდი აზრი აღარ ექნება. მით უმეტეს, რომ მკურნალობის პროტოკოლში არაფერი იცვლება, იქნება ეს ომიკრონი, თუ სხვა შტამი.

ბოლო პერიოდში ინფიცირების ციფრები ძალიან მატულობს, შესაბამისად, ალბათ მატულობს პაციენტების მომართვა ტესტირებაზე. ხომ არ იწვევს ეს შეფერხებებს? რამდენად უმკლავდებით არსებულ ნაკადს?

დაგეთანხმებით, პაციენტების რაოდენობა გაზრდილია, ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს. ასევე მატულობს დადებითობის მაჩვენებელი, ადრე თუ 3-4%, პიკებში 9-10% იყო, ახლა უკვე 20%-ს გადაცდა.

ეს პრობლემა ომიკრონის შემთხვევების ზრდასთან ერთად ყველგან შეინიშნება. სადიაგნოსტიკო წერტილები დასავლეთის ქვეყნებშიც გადატვირთულია. პჯრ პასუხის მიღებას ზოგჯერ რამდენიმე დღე და კვირაც კი სჭირდება. ამ მხრივ, საქართველოში ჯერჯერობით უკეთესი სიტუაციაა. მართალია, ლაბორატორიები გადატვირთულია და რიგები ჩვენთანაც შეინიშნება, მაგრამ სისტემა ჯერჯერობით უმკლავდება ნაკადს და, იმედი გვაქვს, ასეც დარჩება.

„ევიდენსში“ მოსული პაციენტი რამდენ ხანში მიიღებს პჯრ კვლევის პასუხს?

დღეს „ევიდენსში“ გამორჩეულ არჩევანს ვთავაზობთ მომხმარებელს და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. ვისთვისაც დრო მნიშვნელოვანია, შეუძლიათ პჯრ კვლევის პასუხი მიიღონ 1 საათში დღე-ღამის ნებისმიერ დროს. ვისაც არ ეჩქარება და თანხის დაზოგვა სურს, შეუძლიათ აირჩიონ პასუხის მოგვიანებით მიღება, რაშიც ასევე ყველაზე იაფს გადაიხდიან. ხელმისაწვდომ ფასად გვაქვს სწრაფი ანტიგენ-ტესტით კვლევაც. ასევე პაციენტებს ვთავაზობთ პოსტ-კოვიდურ კვლევებს და სხვა ანალიზებსაც. სერვისების დამატება და განვითარება მუდმივად მიმდინარეობს. „სანდო, სწრაფი და კომფორტული“ - ასეთია „ევიდენსის“ სლოგანი და ვცდილობთ შესაბამისი სერვისი მოვაწოდოთ მომხმარებელს.