ავტორი:

„ქართულმა ბრენდის დღე 2021“-მა გამარჯვებულები დაასახელა

„ქართულმა ბრენდის დღე 2021“-მა გამარჯვებულები დაასახელა

20 იანვარს სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ წლის გამორჩეული მოვლენა - „ქართული ბრენდის დღე 2021“ გაიმართა. „ქართული ბრენდის დღე“ 19 წელია ქართულ ბაზარზე მიმდინარე პროცესებს ასახავს და ნაციონალურ ბრენდებს განვითარების ყველა ეტაპზე წარმოაჩენს, მისი პრესტიჟული ჯილდო კი არაერთი კომპანიისთვის გახდა სტიმული. ,,ქართულმა ბრენდის დღემ“ ნაციონალური ბრენდები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა და გამარჯვებული კომპანიები დიპლომითა და მედლებით დააჯილდოვა.

მიუხედავად შექმნილი მწვავე ეპიდვითარებისა, „ქართული ბრენდის დღე 2021“ ყველა რეგულაციისა და წესის დაცვით ჩატარდა. ღონისძიებას ბიზნესელიტასთან ერთად, ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიც, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება იმ 19-წლიან განვითარების ეტაპზე გაამახვილა, რაც „ქართული ბრენდის დღის“ პარალელურად ქართულ ეკონომიკაშიც მიმდინარეობდა.

„მინდა, მოგილოცოთ ქართული ბრენდის დღე, რომელსაც საფუძველი 2003 წელს ჩაეყარა და ასევე, ვულოცავ ორგანიზატორებს, რომ ეს პროექტი ეროვნულ ტრადიციად იქცა. თუ კი გადავავლებთ რეტროსპექტივას თვალს, 2003 წელთან შედარებით, ძალიან ხანგრძლივი და საინტერესო გზა აქვს გავლილი, როგორც თვითონ ამ დაჯილდოებას, ასევე ქართულ წარმოებას და ქართულ ბიზნესს. წლების განმავლობაში ჩვენ მომსწრენი ვართ, როგორ განვითარდა საქართველოში ახალი ბრენდები, გასცდა საქართველოს საზღვრებს და წარმოდგენილია ამაყად მსოფლიო ბაზარზე. აქ საუბარია ბრენდებზე, რომელიც შექმნილია სახელოვნებო დარგში, წარმოებაში, სამედიცინო სერვისებში, ტურიზმში. ასევე საამაყოა, რომ დღეს დაჯილდოებულ კომპანიებს შორის არიან „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები. წლებია უკვე ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გვერდში უდგას, როგორც ქართულ წარმოებას, ქართულ ბიზნესს, ასევე უნიკალური ქართული ბრენდების პოპულარიზაციას. ჩვენ მომავალშიც გავაძლიერებთ ამ კუთხით მუშაობას, რომ უფრო მეტი ქართული ბრენდი, უნიკალური ნაწარმი შეიქმნას და გასცდეს საქართველოს საზღვრებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მართლაც, „ქართული ბრენდის დღეს“ 2003 წელს ჩაეყარა საფუძველი. პირველი ღონისძიება სალონური ტიპის გახლდათ და მხოლოდ ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ. წლებთან ერთად კი დასაჯილდოებელი სფეროებიც გამრავლდა და დაჯილდოებული კომპანიების რაოდენობაც.

„ქართული ბრენდის დღეს“ მუსიკალურად აფორმებდა კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი. სპეციალურად ღონისძიებისთვის უკრაინიდან ჩამოფრინდა მომღერალი ლაშა ღლონტი, რომელიც ასევე „ქართული ბრენდის დღის“ ჯილდოს მფლობელი გახდა. ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა პანდემიის დროს შექმნილი სიმღერა - „მომხვიე ხელები“ შეასრულა.

ღონისძიებას ტრადიციული სამოსის ჩვენების გარეშეც არ ჩაუვლია. „მარიგოლდიმ“ გათანამედროვებული ქართული კოსტიუმების კოლექციიდან „თავადური“ სამოსი ქართულ-გერმანული რეპროდუქციული კლინიკის GGRC-ის ექიმებს მოარგო და მოდელების ამპლუაშიც წარმოაჩინა.

გამარჯვებულთა სიაში ოთხი ტელეპროექტი მოხვდა - „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ექიმები“, „ფორმულას“ ყველასათვის საყვარელი ტელესერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“, პირველი არხის ტელეშოუ „მასტერშეფი“ და „იმედის“ „სიცრუის დეტექტორი“. როგორც აღმოჩნდა, ეს აღიარება გიორგი გასვიანისთვის პირველი პროფესიული ჯილდო ყოფილა.

„მადლობელი ვარ „ქართული ბრენდის დღის“, პროექტის ორგანიზატორების, ამ ნომინაციაში ჩემი დაჯილდოებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი პროექტისთვის, ასევე ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, პირველი ჯილდოა“, - აღნიშნა ტელეწამყვანმა.

გახარებული ჩანდა „მასტერშეფის“ ჟიურის წევრი ლუკა ნაჭყებიაც: „მადლიერი ვარ ამ ყველაფრით. მართალია, ჩვენი ფანებისგან არაერთხელ გვიგრძვნია სიყვარული, მაგრამ ჯილდო მართალაც სასიამოვნოა! ძალიან მიხარია“.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2021 წლის ბრენდპერსონა ნონა გაფრინდაშვილი გახდა.

ღონისძიების ბოლო აკორდი, „დოლჩე ვიტას“ გრანდიოზული ტორტის გაჭრა იყო.

„როცა პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, სიტყვა „ბრენდი“ იმდენად უცხო იყო საზოგადოებისთვის, რომ მისი მნიშვნელობის ახსნა ხშირად გვიწევდა... მას შემდეგ თითქმის ორი ათეული წელი გავიდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ბრენდებმა შიდა და გარე ბაზარზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ქართული ბრენდების სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვება წლის პრესტიჟული ჯილდო გახდა, ხოლო „ქართული ბრენდის დღე“ - ნაციონალურ დღესასწაულად იქცა. „ქართული ბრენდის დღე“ უკვე 19 წლისაა და დამეთანხმებით, რომ ეს მთელი ეპოქაა. მასზე სხვადასხვა თაობები გაიზარდნენ. „ქართული ბრენდის დღე“ თავისი არსით, შინაარსით განსხვავებულია, ის არა მარტო ბიზნესის, არამედ ჩვენი ქვეყნის ერთგვარი მაჯისცემაა. ჩვენ წლის ბოლოს ყველა მოვლენას ავსახავთ, რაც კი საქართველოს შოუბიზნესში, კულტურულ ცხოვრებაში, მეცნიერებასა და რაც მთავარია, ბიზნესში ხდება. პანდემიის გამო ომგამოვლილმა კომპანიებმა შეძლეს გადარჩენა და ქართული ბრენდის დღე შედგა. მინდა, ყველა გამარჯვებულ ქართულ ბრენდს მივულოცო „ქართული ბრენდის დღე“. დარწმუნებული ვარ, ყველა გამოწვევას დავძლევთ და წინ ახალი წარმატებები გველოდება,“ - აღნიშნა სააგენტო „პროფილის“ დამფუძნებელმა და ქართული ბრენდის დღის ორგანიზატორმა მანანა გეგიძემ.

,,ქართული ბრენდის დღე 2021“–ის გამარჯვებულები გახდნენ:

ნომინაცია „ლიდერი“

ფარმაცევტული კომპანია „PSP ჯგუფი“

ღვინის კომპანია „თელავის ღვინის მარანი“

კლინიკა „ენმედიცი“

მედია ჰოლდინგი „ფორტუნა“ ვებ პლატფორმისთვის fortuna.ge

„ნატალია კვანტალიანის სისხლის ბანკი“

სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი „დენსი“

კომპანია „გეორგინა“

ნომინაცია „რეპუტაცია და ნდობა“

„აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ ქართულ-გერმანული რეპროდუქციული კლინიკა GGRC

ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „მედიქალ ჰაბი“

ბრენდი „სებამედი“

საკონდიტრო „დოლჩე ვიტა“

სასტუმრო კომპლექსი „გუდაური ინნ“

ლაშა ღლონტი

ნომინაცია „წარმატებული ახალი ბრენდი“

კომპანია „მეღვინეობა თიესვი“„სიღნაღი არტ ოტელი“

კლინიკა „ალტრა ვიტა“

სასტუმრო „გრანდ ნოელი ბაკურიანი“

ნომინაცია „წარმატებული ტელეპროექტი“

„სიცრუის დეტექტორი“

„მასტერშეფი“

„ექიმები“

„ჩემი ცოლის დაქალები“

ნომინაცია „წარმატებული საერთაშორისო პროექტი“

„ღამის სერენადები“

ნომინაცია „ბრენდ-პერსონა“

ნონა გაფრინდაშვილი

ასევე დაჯილდოვდნენ:

საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის

დიანა ბაგრატიონი

თბილისის საკრებულოში ინოვაციური კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისთვის

მარიკა დარჩია

ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის

ლეილა ბაღბაია

საქართველოში საუკეთესო საწარმოს შექმნისთვის

კომპანია "აგუნას" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი ბალიბინი