ავტორი:

"ერთ კვირაში დელტა შტამს ომიკრონი მთლიანად ჩაანაცვლებს" - რეანიმატოლოგი ტატა შენგელაია

"ერთ კვირაში დელტა შტამს ომიკრონი მთლიანად ჩაანაცვლებს" - რეანიმატოლოგი ტატა შენგელაია

რეანიმატოლოგისა და "ჯეო ჰოსპიტალსის“ მარნეულის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის ტატა შენგელაიას განმარტებით, ახალი შტამი - ომიკრონი სწრაფად ვრცელდება როგორც ბავშვებში, ისე მოზარდებსა და ხანდაზმულებში. მისი ინფორმაციით, ერთ კვირაში, დელტა შტამს ომიკრონი მთლიანად ჩაანაცვლებს.

ამასთან, ექიმის თქმით, პაციენტებს კორონავირუსის, თუნდაც მსუბუქად გადატანის შემთხვევაში, მაინც ექმნებათ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები.

"ის 4-5 დღის განმავლობაში გრძელდება და ხასიათდება მაღალი ტემპერატურითა და ზედა სასუნთქი გზების ინფექციით. ასევე ინფიცირებულს აქვს მშრალი ხველა და სურდო. მკურნალობა შესაძლებელია სახლის პირობებში, თუმცა თუ პაციენტს თანმხლები დაავადებებიც აქვს, უმჯობესია ეს პროცესი კლინიკაში გააგრძელოს. ჩვენ ომიკრონს, ჩვეულებრივ პროტოკოლის მიხედვით ვმკურნალობთ და თუ თანმხლები დაავადებაცაა, ასეთ შემთხვევაში პაციენტებს ცალკე აღნიშნულ დაავადებებზეც ვმკურნალობთ", - განმარტა შენგელაიამ.

რეანიმატოლოგის თქმით, არის შემთხვევები, როდესაც პაციენტებს კორონავირუსის გადატანის შემდეგ უვითარდებათ შაქრიანი დიაბეტი, ენდოკრინოლოგიური და კარდიოლოგიური პრობლემები.

"თუნდაც მსუბუქად მოიხადოს პაციენტმა ვირუსი, მთელი რიგი დაავადებები იჩენს თავს. ენდოკრინოლოგიური, ნერვული, კარდიოლოგიური, თმის ცვენა, სისუსტე, თავის ტკივილი, კანკალი და კიდევ ბევრი“, - აღნიშნა მან.

"ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი მარნეულში აქტიურად მიმდინარეობს და დღის განმავლობაში აცრას დაახლოებით 150 ადამიანი იკეთებს.

"ვაქცინაციის პროცესი მარნეულში აქტიურად მიმდინარეობს, უმეტესად, აცრის მსურველები 50 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები არიან, ვფიქრობ ამის მიზეზი წამახალისებელი 200 ლარიცაა, თუმცა ახალგაზრდებიც აქტიურობენ. ბუსტერ დოზა ომიკრონით დაინფიცირების რისკს ამცირებს ან თუ მესამედ აცრილ ადამიანს ვირუსი მაინც შეხვდა, გართულებებისგან იცავს", - განმატა ექიმმა.