ავტორი:

“მოგვეცით ბენეფიციარამდე მისასვლელი გზის ხარჯი” - სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციას მართავენ

“მოგვეცით ბენეფიციარამდე მისასვლელი გზის ხარჯი” - სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციას მართავენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან სოციალური აგენტები ხელფასების 100%-ით გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, აქციას მართავენ. როგორც ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, "სოლიდარობის ქსელის” თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ განუცხადა, სოციალურ აგენტებს ბენეფიციარებთან მისასვლელად ხარჯების გაწევა საკუთარი სახსრებით უწევთ, ეს მაშინ, როდესაც მათ შესამოწმებელი აქვთ 100 ან 170 სახლი. მისი თქმით, ეს ყველაზე დიდ პრობლემას რეგიონებში წარმოადგენს, სადაც შეიძლება იყოს გასავლელი ათეულობით კილომეტრი.

აქციის მონაწილეები შეხვედრას ითხოვენ ჯანდაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან.

სოციალურ აგენტებს აქციაზე წარმოდგენილი აქვთ ბანერები წარწერით: “მოგვეცით ბენეფიციარამდე მისასვლელი გზის ხარჯი”, “ღირსეული ხელფასი ყველას”, “ჩვენ არ ვართ მონები”.

ჯაფარიძის განმარტებით, აქცია თბილისსა და ბათუმში ერთობლივად მიმდინარეობს.

"მეოთხე დღეა გაფიცულები ვართ და დახურულია სოციალური სააგენტოები. ვითხოვთ ხელფასის 100%-ით მომატებას, დეკრეტულ შვებულებას და იმას, რომ ხელფასი რეგიონებსა და თბილისში იყოს ერთი და იგივე", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთანაც.

როგორც შეკრებილებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, მთავარი მოთხოვნაა ხელფასების 100%-ით ზრდა, სამგზავრო ხარჯების ანაზღაურება და ჯანმრთელობის დაზღვევის უზრუნველყოფა.

მათი ინფორმაციით, პროტესტის გაგრძელებას მანამდე გეგმავენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.