ავტორი:

"როდესაც ომიკრონის ტალღა გადაივლის, კოვიდს შეიძლება ისე შევხედოთ, როგორც სეზონურ გრიპს" - როგორია ბილ გეითსის პროგნოზი

"როდესაც ომიკრონის ტალღა გადაივლის, კოვიდს შეიძლება ისე შევხედოთ, როგორც სეზონურ გრიპს" - როგორია ბილ გეითსის პროგნოზი

კომპანია "მაიკროსოფტის" დამფუძნებელი, ბილ გეითსი და ფონდ Wellcome-ის დირექტორი, ჯერემი ფარარი საზოგადოებას, კორონავირუსის პანდემიის გამო, სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

მათ ერთობლივად 300 მილიონი დოლარი გაიღეს, რათა კორონავირუსის ახალ ვარიანტებს სამედიცინო სფერო უფრო მომზადებული შეხვდეს.

  • ჯერემი ფარარი ამბობს, რომ პანდემიის დასასრულზე საუბარი საკითხის მიმართ "არასერიოზული მიდგომაა."

"პანდემიის დასასრულზე ლაპარაკი, იმის თქმა, რომ ერთ სამშაბათ დილით გაიღვიძებ და ის აღარ იქნება, არასერიოზული მიდგომაა. ჩვენ მოვლენების უფრო ცუდი განვითარებისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. მანამ, სანამ დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში ომიკრონთან ბრძოლა ვაქცინების დახმარებით გაადვილებულია, მსოფლიოს დიდი ნაწილი კვლავ დაუცველია და ახალი ვარიანტები რისკებს ამძაფრებენ", - ამბობს ჯერემი ფარარი.

  • კორონავირუსის სამომავლო საფრთხეებზე ბილ გეითსმაც ისაუბრა. მისი თქმით, "პანდემიის კურსის პროგნოზირება რთულია", თუმცა მიუხედავად ამისა, გეითსი მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი.

"იმუნიტეტის გაძლიერებამ შეიძლება შეამციროს ომიკრონის და სხვა მომავალი ვარიანტების გავლენა, მაგრამ პანდემიის კურსის პროგნოზირება რთულია.. ჩვენ ადვილად გადამდები ომიკრონის გამოჩენაც კი ვერ გავთვალეთ, ამიტომ სამომავლო პროგნოზებში ცოტა უფრო თავშეკავებულები უნდა ვიყოთ", - ამბობს "მაიკროსოფტის" დამფუძნებელი.

აღნიშნულ განცხადებამდე პანდემიის შესახებ ბილ გეითსმა "ტვიტერში" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ მისი აზრით, ინფცირებულთა მკვეთრად ზრდა, რომელიც ახლა გვაქვს, შემცირდება და 2022 წლის შემდგომ პერიოდში უნდა ველოდოთ "ბევრად უფრო ნაკლებ შემთხვევებს და როდესაც ეს მოხდება, შეგვეძლება კოვიდს ისე შევხედოთ, როგორც სეზონურ გრიპს."

  • "ომიკრონის ტალღა, რომელსაც ქვეყნები განიცდიან, ჯანდაცვის სისტემებისთვის გამოწვევა იქნება. ეს ტალღა ყველაზე მძიმე არავაქცინირებულთათვისაა. მას შემდეგ, რაც ომიკრონის ტალღა გადაივლის, იქნება გაცილებით ნაკლები შემთხვევები და მაშინ შეიძლება კოვიდს შევხედოთ ისე, როგორც სეზონურ გრიპს", - წერს ბილ გეითსი. (წყარო: cnbc.com)

ამასთან, აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის შეფასებით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, მოსალოდნელია თუ არა, რომ ომიკრონი ისეთივე მუდმივ, ენდემურ დაავადებად იქცეს, როგორიც გრიპია.

ცნობისთვის, Wellcome და ბილ და მელინდა გეითსების ფონდებმა გამოაცხადეს, რომ თანხები გადარიცხეს "ეპიდემიისთვის მზადყოფნის ინოვაციების კოალიციის"(CEPI) დასაფინანსებლად, რომელიც წინა წლებში, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების შემუშავებას უწყობდა ხელს. CEPI ოსლოში დაფუძნებული ჯგუფია, რომელიც 5 წლის წინ, ებოლას კრიზისის დროს შეიქმნა გეითსის, Wellcome-ისა და რამდენიმე ქვეყნის მთავრობის ხელშეწყობით.

CEPI-ს ამჟამად აქვს 3.5 მილიარდიანი სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს 2 ათეული ვირუსული ოჯახის პოტენციურ საფრთხეებს და სახავს მომავალს, რომელშიც ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ახალი ვაქცინები შეიძლება 100 დღეში შეიქმნას.

წყარო: bloomberg

მოამზადა ანა სიბოშვილმა