ავტორი:

"გამოხატულია წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია და ანემია" - ექიმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"გამოხატულია წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია და ანემია" - ექიმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"პაციენტის მდგომარეობა საყურადღებო რჩება - არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომელიც 12 დეკემბრის ვიზიტის შემდეგ არ გაუმჯობესებულა. გამოხატულია პოლინეიროპათიის და მხედველობითი სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე. რჩება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია და ანემია, რომელიც მანამდეც იყო" - ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ ორგანიზებული სამედიცინო კონსილიუმის ექიმმა თენგიზ წულაძემ სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნის წარდგენის დროს, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

წულაძის თქმით, ბოლოს მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტზე ის 11 იანვარს იმყოფებოდა.

"ჩვენი დასკვნა არის, რომ გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, უნდა ჩაერთოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რომელიც, მიგვაჩნია, რომ საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შეუძლებელი არ არის და მაინც უნდა იყოს ნაცადი. სხვა რეკომენდაციები ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს. რაც შეეხება ნარჩენ ნევროლოგიურ სიმპტომატიკას, სავარაუდოდ, ენცეფალოპათიის ფონზე განვითარებული თიამინის დეფიციტის შედეგად გამოწვეული პოლინეიროპათიის შედეგი უნდა იყოს. ასევე ვფიქრობთ, რომ ფსიქოთერაპია და ფიზიკური რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მისი ადეკვატური კვების რეჟიმის აღდგენას და დამატებითი კვლევის თვალსაზრისით მაგნიტურ რეზონანსური ტომოგრამა უნდა იქნას ჩატარებული“, - განაცხადა წულაძემ.

მისივე თქმით, კონსილიუმის მიერ შემოთავაზებული მკურნალობა და რეაბილიტაცია შესაძლებელია, რომ საქართველოშიც ჩატარდეს.

"მედიკამენტოზური მკურნალობა მნიშვნელოვანია, თუმცა ფსიქოთერაპია და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაც პირველი ხარისხის მკურნალობაა. თუ არ ჩაერთვება ეს მკურნალობაც, შეიძლება დეპრესია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობაც გაღრმავდეს. ასევე ზრდის სუიციდალურ ფიქრებსაც და კიდევ ბევრი რამეა, რაც დეპრესიასთან არის დაკავშირებული. შეიძლება ის გაღრმავდეს, მაგრამ შეიძლება იგივე დონეზე დარჩეს, რომელზეც დღეს არის“, - აღნიშნა წულაძემ.

მისი აზრით, სასჯელაღსრულების დაწესებულებამ გამოიწვია ის მდგომარეობა, რომელიც დღეს არის.

"რეაბილიტაციის კურსი არც გორის ჰოსპიტალში ჩატარებულა, მაგრამ რაც შეეხება ჩვენს მიზანს რომ ყოფილიყო ადამიანის სიცოცხლე გადარჩენილი, ეს გორის ჰოსპიტალმა გააკეთა - მან თავისი მოვალეობა ამ თვალსაზრისით შეასრულა“, - განმარტა წულაძემ.