ავტორი:

"ისე არ არის, რომ თითქოს სააკაშვილი ციხიდან ყველა დეტალს გვკარნახობს" - რას ამბობს პეტრე ცისკარიშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" განხორციელებულ ცვლილებებზე

"ისე არ არის, რომ თითქოს სააკაშვილი ციხიდან ყველა დეტალს გვკარნახობს" - რას ამბობს პეტრე ცისკარიშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" განხორციელებულ ცვლილებებზე

"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარტიის ახალი სამდივნო წარადგინა. პარტიას 12 სხვადასხვა მიმართულების მდივანი ეყოლება, გენერალური მდივანის პოსტს კი პეტრე ცისკარიშვილი იკავებს.

პარტიული თანამდებობები ასე განაწილდა:

გენერალური მდივნის მოადგილე - ადმინისტრაციული საკითხების მდივანი - ზურა მელიქიშვილი; საგარეო საკითხთა მდივანი - თინათინ ბოკუჩავა; ანალიტიკური საქმიანობის მდივანი - გიორგი თარგამაძე; საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მდივანი - დიმიტრი ჩიქოვანი; რეგიონალური მდივანი - გიორგი ბოტკოველი; საორგანიზაციო მდივანი - ბაჩო დოლიძე; იურიდიულ და საარჩევნო საკითხების მდივანი - ლევან ბეჟაშვილი; სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანი - ნიკა ობოლაძე; სტრატეგიული განვითარების და რეფორმების მდივანი - ანა გოგოლაძე; ანტიკორუფციული საკითხების მდივანი - ლევან ხაბეიშვილი; პოლიტიკური მდივანი - აკაკი მინაშვილი; მედიასთან ურთიერთობის მდივანი - გიორგი პატარაია.

Ambebi.ge ახლადარჩეული გენერალურ მდივანს ესაუბრა.

- ბატონო პეტრე, რამ განაპირობა პარტიული ცვლილებები?

- მოგეხსენებათ, პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის თავმჯდომარედაც კობა ნაყოფია აირჩიეს, მე კი აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელობა დამევალა. მთავარი მიზანი პარტიული მენეჯმენტის დახვეწაა. ბევრია სამუშაო მართლმსაჯულების და საარჩევნო რეფორმების მიმართულებით. საჭიროა ახალი ხედვები ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით, რათა როცა მთავრობა შეიცვლება, ყველაფერი ეფექტიანად განხორციელდეს.

- ბევრი მიიჩნევს, რომ ბოლოდროინდელი ცვლილებებით იზღუდება პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას უფლებამოსილება. რას ფიქრობს ის ამ პროცესზე?

- მისი უფლებები არანაირად არ იზღუდება. ნიკა ამ ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორია. ახლა მელიას, როგორც პარტიის თავმჯდომარის როლი, უფრო გამოიკვეთა. ამავდროულად, ის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იქნება და ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს. ჩვენი ამომრჩეველი ამ პროცესს საღი გონებით უყურებს და იციან, რომ ეს ცვლილებები ხელს პროცესის გაუმჯობესებას შეუწყობს.

- სამდივნოში საკმაოდ ბევრი ძველი სახეა, არადა, "ნაციონალური მოძრაობა" ბოლო დროს ერთგვარ თაობათა ცვლაზე ლაპარაკობდა...

- რა თქმა უნდა, ძირითად ნაწილს პარტიის აქტიური წევრები, მაღალი პასუხიმგებლობის მქონე ადამიანები შეადგენენ. არის რამდენიმე ახალგაზრდა წევრი, რომელიც ჩვენ პარტიაში უკვე წელიწადზე მეტია, რაც არიან.

- რამდენად არის ჩართული ამ პროცესში მიხეილ სააკაშვილი?

- სააკაშვილთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს და ფუნდამენტურ საკითხებს ერთად გავდივართ, თუმცა ისე არ არის, რომ თითქოს ის ციხიდან ყველა დეტალს გვკარნახობს.

- გარკვეულ გეგმებზე ლაპარაკობთ, თუმცა თქვენი მთავარი მიზანი მაინც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უკავშირდება. ეს საკითხი სხვა მიმართულებით ხომ არ გზღუდავთ?

- რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გამოხსნა ფუნდამენტური საკითხია, მესამე პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის, სხვა საკითხებზე ვიფიქროთ. მიუღებელია არჩევნების ისე ჩატარება, რაც ვნახეთ და ვადამდელ არჩევნებს აუცილებლად უნდა მივაღწიოთ.

ავტორი: ღვთისავარ ანთაძე