ავტორი:

"რატომ არის ბიძინა ივანიშვილი ხეებით გატაცებული: ზოგიერთი ქართველი ფიქრობს, რომ იგი დრუიდია და ხეებს ეთაყვანება" - რას წერს The New York Times-ი?

"რატომ არის ბიძინა ივანიშვილი ხეებით გატაცებული: ზოგიერთი ქართველი ფიქრობს, რომ იგი დრუიდია და ხეებს ეთაყვანება" - რას წერს The New York Times-ი?

"ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) დაბეჭდილია სტატია, სათაურით: "ხეებისადმი გამოხატული სიყვარული თუ ძალის დემონსტრაცია? ოლიგარქის უცნაური პარკი: მილიარდერი ექსპრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქართული პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ მისი კრიტიკოსების თქმით, იგი მაინც მნიშვნელოვან ძალაუფლებას ინარჩუნებს“ (ავტორი - ივან ნეჩეპურენკო).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"საქართველოს მცხოვრებლები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სიურეალისტური სანახაობის მოწმენი გახდნენ: გიგანტური, მრავალსაუკუნოვანი ხეები შავ ზღვაში, ვერტიკალურად მდგომნი, მიცურავდნენ. დიდებული მაგნოლიები, ლირიოდენდრონები და სხვა უნიკალური ჯიშის ხეები, ხშირი ტოტებით, წყლის ზედაპირზე ერთგვარი პროცესიის სახით მოძრაობდნენ, რაც ერთდროულად პოეტურიც იყო და - გიჟურიც.

ხეები ბარჟებზე იყვნენ დამაგრებულნი და ბუქსირჩაბმულები იმ ახალ პარკში გადაჰქონდათ, რომელიც ექსცენტრიკულმა მილიარდერმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააშენა - ადამიანმა, რომელიც, ბევრი ქართველის აზრით, ჯერ კიდევ ინარჩუნებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალაუფლებას იმის მიუხედავად, რომ იგი პოლიტიკიდან წავიდა, საქველმოქმედო საქმიანობისათვის მეტი ყურადღების დათმობის მიზნით.

პარკში, დაახლოებით, 200-მდე ხე იქნა გადატანილი, რომლებიც კავკასიაში მდებარე ქვეყნის - საქართველოს ღარიბი სოფლებიდან ფესვებიან-მიწიანად ამოთხარეს. ბიძინა ივანიშვილმა ზოგიერთი ხე პირადად შეარჩია.

ხეების ნაწილი პარკში ბარჟით მიიტანეს, ხოლო დანარჩენი - სატვირთო მანქანებით. ამისათვის მდინარეების კალაპოტები გააფართოვეს, რკინიგზაზე კი მატარებლებს გაჩერება მოუწიათ. 2020 წლის ზაფხულში ბიძინა ივანიშვილის პარკი საზოგადოებისთვისაც გაიხსნა. იგი მთავრობაში ოფიციალურ როლს არ ასრულებს, მაგრამ კრიტიკოსების თქმით, 65 წლის ბიძინა ივანიშვილს კულისებიდან ჯერ კიდევ დიდი გავლენა აქვს. "მთელი ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელშია და, რა თქმა უნდა, ეს ბიძინა ივანიშვილია“, - ამბობს მისი ყოფილი მოკავშირე გიორგი გახარია, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გასული წლის თებერვალში გადადგა და განაცხადა, რომ მილიარდერის მხრიდან კონტროლი უკვე სულის მოთქმის შესაძლებლობას აღარ იძლეოდა.

შავი ზღვის პირას, შეკვეთილში მდებარე დენდროლოგიური პარკი ბიძინა ივანიშვილის ექსტრავაგანტურ გემოვნებას ასახავს: პარკში დაკლაკნილი, მიხვეულ-მოხვეული ბილიკებია, ტბაში ვარდისფერი ფლამინგოებია, ვარხვები და სხვა ეგზოტიკური ფრინველები... პროექტის მენეჯერის, პაატა სულაბერიძის თქმით, პარკი პირადად მილიარდერმა დააპროექტა. იქ შესვლა და დათვალიერება უფასოა. პარკის გაშენება მილიარდერს ათობით მილიონი დოლარი დაუჯდა - მან ეს ერთ-ერთ იშვიათ ინტერვიუში განაცხადა. გააგრძელეთ კითხვა