ავტორი:

"მჯერა, რომ დედა სულ ჩემთანაა. ქველმოქმედებაც მისი სიყვარულის გამო დავიწყე. სამწუხაროდ, ყველა ადამიანის განკურნება არ შემიძლია..." - გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე და მის მიღმა

"მჯერა, რომ დედა სულ ჩემთანაა. ქველმოქმედებაც მისი სიყვარულის გამო დავიწყე. სამწუხაროდ, ყველა ადამიანის განკურნება არ შემიძლია..." - გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე და მის მიღმა

იყო დრო, როდესაც UFC-ში ქართველი მებრძოლის მოხვედრა სანატრელი და თითქმის წარმოუდგენელიც კი იყო. MMA ჩვენთან გავრცელებული სპორტული სახეობებისგან განსხვავებით, სრულად კომერციულია და მასზე სახელმწიფო ფედერაციებს თითქმის არანაირი ზეგავლენა არ აქვთ, შესაბამისად, მებრძოლებს საკუთარი ხარჯებით უწევთ ვარჯიში, ახალი დისციპლინების დახვეწა, მოგზაურობა და ასე შემდეგ. UFC კი საბრძოლო ხელოვნებების უმაღლესი მწვერვალია, მარტივად რომ ვთქვათ, ამ სპორტის ჩემპიონთა ლიგაა. იქ მოხვედრა კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო მასშტაბის დონეს უნდა აკმაყოფილებდე.

ვის ვის და მებრძოლებს ნამდვილად საკუთარი ხარჯებით, თავდაუზოგავი შრომითა და ნიჭით უწევთ UFC-მდე გზის გაკვლევა. უკანასკნელ წლებში ქართველები ერთმანეთის მიყოლებით "შევარდნენ" UFC-ში და უმოკლეს პერიოდში გაითქვეს სახელი. მერაბ დვალიშვილი, ილია თოფურია, გურამ ქუთათელაძე, რომან დოლიძე და რაღა თქმა უნდა, დღევანდელი სტატიის გმირი, გიგა ჭიკაძე.

მერაბი ტრადიციულ ჭიდაობას იყენებს წარმატებით და თავის წონაში მოწინააღმდეგის წაქცევის რეკორდული რაოდენობა აქვს. ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, რომელიც ჯიუ-ჯითსუს შავ ქამარს ფლობს, დაუმარცხებლად მიიწევს წინ და 1 კვირაში მორიგ ბრძოლას გამართავს. გიგა ჭიკაძის ფეხი კი მთელ ორგანიზაციაში ცნობილია და ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე გამანადგურებლად მიიჩნევა.

16 იანვარს გიგა კელვინ კატართან დამარცხდა, თუმცა ნამდვილი ქართველი მებრძოლის უტეხი სულისკვეთება და ჩემპიონის ხასიათი გამოავლინა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და წინ აღდგენა და დასვენება ელოდება.

ჭიკაძე ძიუდოში საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ოჯახში დაიბადა. ზაზა ჭიკაძე რამდენჯერმე გახდა კავშირის ჩემპიონი და 23 წლის ასაკში ოლიმპიადაზე წასვლის შანსიც მიეცა, თუმცა მუხლის ტრავმა მიიღო და კარიერის დასრულება მოუწია. როცა ვაჟი შეეძინა, მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მას ჩემპიონად გაზრდიდა.

როცა მამას შვილი სამშობიაროდან გამოჰყავდა, ვიდეო ჩაწერა: "ამ საავადმყოფოში დაიბადა გიგა ჭიკაძე - ჩემი პირველი შვილი და მომავალი ჩემპიონი ძიუდოში“. წლების შემდეგ ეს ვიდეო კიდევ უფრო ემოციურად აღიქმება.

მიუხედავად იმისა, რომ უფროსი ჭიკაძე ძიუდოისტი იყო, 4 წლის ასაკში უმცროსი კიოკუში კარატის სექციაზე შეიყვანა. პატარას პირველი ვარჯიშები უჭირდა და ტიროდა, როცა შპაგატზე ჩადიოდა. თუმცა არ ნებდებოდა და მუშაობას განაგრძობდა. მალევე ბიჭს სპორტის ეს სახეობა თავდავიწყებით შეუყვარდა და ბრიუს ლის ფანიც გახდა.

როცა გიგას 9 წელი შეუსრულდა ის გოძიუ-რიუს სექციაში გადავიდა. კარატეს ეს სახეობა ჰგავს MMA-ს - დაშვებულია იდაყვებითა და მუხლებით დარტყმა, გდება და პარტერში ბრძოლაც. სწორედ იქ გაიცნო სენსეი პაატა ჭელიძე, რომელთანაც 18 წლამდე დარჩა და სწორედ მისი დამსახურებით ახლა გიგა UFC-ის იპყრობს.

მამასთან ერთად

ჭიკაძე პერიოდულად სენსეის დრამატულ ისტორიას იხსენებს ხოლმე. პაატა ჭელიძე წარმოშობით აფხაზეთიდან არის, მაგრამ მოგვიანებით, იაპონიაში წავიდა, რათა მასუტაცუ იომასთან ევარჯიშა. როცა აფხაზეთის ომი დაიწყო, სენსეი სამშობლოში დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ მისი სახლი განადგურდა, ოჯახის წევრები კი დაეხოცა. კარატისტი თბილისში გადაბარგდა და ბავშვების გაწვრთნა დაიწყო, ერთ-ერთი კი გიგა იყო. სენსეი ღრმად მორწმუნე ქრისტიანი გახლდათ, კვირაობით ბავშვები ეკლესიაში დაჰყავდა, წირვის შემდეგ კი ავარჯიშებდა.

პაატა ჭელიძესთან ერთად

გიგა კარატეში უკვე წარმატებებს აღწევდა: მოიგო რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი, დაიმსახურა შავი ქამარი.

18 წლის ასაკში მებრძოლმა ცოლი მოიყვანა. მომავალი მეუღლე სკოლის ასაკიდან უყვარდა. მას არ სურდა მშობლებზე დამოკიდებული ყოფილიყო, თუმცა აცნობიერებდა, რომ თუ კარატეში დარჩებოდა, ფინანსურად მყარად ვერ იქნებოდა. იმ პერიოდში ჭიკაძე კიკბოქსინგის ყველაზე დიდი ორგანიზაციის, K-1-ის ფანი იყო და სწორედ ამ სპორტში გადაწყვიტა ბედი ეცადა. მალევე ჰოლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად, რომელიც კიკბოქსის ერთ-ერთი "ზესახელმწიფოა“.

კარატეს მსგავსად, ახალ სპორტშიც გიგამ თავი გამოიჩინა და 36 გამარჯვებასა და 8 მარცხს მოუყარა თავი. 2010-იანების დასაწყისში ორგანიზაცია გაკოტრდა (მოგვიანებით ისევ აღდგა, თუმცა უწინდელი დიდება ვეღარ დაიბრუნა) და გიგაც თავის მომავალზე დაფიქრდა. მას ორი არჩევანი ჰქონდა: კრივი ან შერეული ორთაბრძოლები. გადაწყვეტილების უკეთ მისაღებად აშშ-ში გაემგზავრა.

ოკეანის გაღმა გადასვლისთანავე, ქართველმა მებრძოლმა თავის რეზიუმე რამდენიმე დარბაზს გაუგზავა, მანამ კი შტატიდან შტატში ცდილობდა კარგი სავარჯიშო დარბაზის მოძებნას. საბოლოოდ 2014 წელს მისთვის Kings MMA-ს დარბაზის კარი აღმოჩნდა ღია, რომლის მფლობელი და მთავარი მწვრთნელი რაფაელ კარდეიროა. რაფა ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული და წარმატებული მწვრთნელია. სხვადასხვა დროს მასთან ვარჯიშობდნენ: ანდერსონ სილვა, ფაბრისიო ვერდუმი, ვანდერლეი სილვა. 2020 წელს კი კარდეირო მაიკ ტაისონს დაბრუნებაში დაეხმარა. მაიკმა როი ჯონსთან საგამოფენო ბრძოლა მოაწყო.

რაფას გიგა მოეწონა და მისი სტილის სრულყოფილებას შეუდგა. 2014 წლიდან გიგა ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. მსოფლიოში საუკეთესო ორგანიზაციაში მას 7 მოგება და 1 მარცხი აქვს. ამ პერიოდში სახელოვანი მოწინააღმდეგეების დამარცხებაც მოასწრო - მან კაბ სუანსონი და ედსონ ბარბოსა დაანოკაუტა.

მიუხედავად იმისა, რომ ჭიკაძე დგომის მებრძოლია, ის იშვიათად "ჩეხაობს“. ქართველი ძირითადად ცივსისხლიანად მოქმედებს და ყველა მოძრაობა გათვლილი აქვს. გარდა ამისა, მდიდარი არსენალი აქვს და ყველა პოზიციიდან სახიფათოა.

თავდაჯერებული ჩვენებური კატართან მარცხამდე მის დივიზიონში ტოპ მებრძოლებს ხშირად იწვევდა. ის ამბობდა, რომ საუკეთესო დამრტყმელია და მაქს ჰოლოვეის ექიშპებოდა: "გარანტიას გაძლევთ, მე ორგანიზაციის საუკეთესო დამრტყმელი ვარ, დგომში მაქს ჰოლოვეიზე უკეთესი ვარ. მაქსს ორ რაუნდში დავანოკაუტებ“. თუმცა კელვინთან მარცხი სიტუაციას ცოტა ცვლის და გიგას მაქსამდე მისასვლელად სულ მცირე 2 ეფექტური მოგება დასჭირდება.

  • ოქტაგონს მიღმა...

ოქტაგონს მიღმა გიგა ინტელიგენტი და მოკრძალებული ადამიანია. ის სამაგალითო მეოჯახეა. ასევე მებრძოლს საკუთარი საქველმოქმედო ფონდი აქვს და ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანებს ეხმარება.

ჭიკაძემ ამ ფონდის დაარსება დედის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა, რომელიც მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. დედის დაავადების შესახებ ოჯახმა მაშინ შეიტყო, როცა გიგა 17 წლის იყო. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ექიმებმა სიმსივნის ამოჭრა შეძლეს. მაშინ მებრძოლი საზღვარგარეთ უკვე ხშირად იბრძოდა და მშობლისთვის საჩუქრები ჩამოჰქონდა. გასამხნევებლად ლოზუნგიც მოიფიქრა - "დაანოკაუტე კიბო“. მაგრამ 2012 წელს დაავადება დაბრუნდა და მარტში დედა გარდაეცვალა.

მებრძოლს რთული პერიოდი დაუდგა, დეპრესიაში ჩავარდა. გიგა აღიარებს, რომ დედა მისი უახლოესი მეგობარი იყო და მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია მისთვის. თუმცა ეტაპობრივად ტკივილი მოტივაციად გარდაქმნა და სხვა ადამიანების დახმარება დაიწყო. მან დააარსა ფონდი - "დაანოკაუტე კიბო“. პირველივე წელს 20-მდე ადამიანს დაეხმარა, რომელთა უმეტესობა ქალი იყო.

მეუღლესთან ერთად

"ქველმოქმედებაზე ლაპარაკი არ მიყვარს. ეს ტკივილს მაყენებს. რაც არ უნდა გავაკეთო, მჯერა, რომ დედა სულ ჩემთანაა. ქველმოქმედებაც მისი სიყვარულის გამო დავიწყე. სამწუხაროდ, ყველა ადამიანის განკურნება არ შემიძლია, თუმცა ამის სურვილი მაქვს. სხვისი დახმარება ბედნიერებას და დამატებით ძალას მაძლევს“, - ამბობს გიგა.

გიგამ და მისმა დამ მოვალეობები გაინაწილეს. კესო ეძებს ადამიანებს, ვისაც დახმარება სჭირდებათ, მისი ძმა კი ფინანსურ მხარეს აგვარებს. ჭიკაძეების ოჯახი ამ მომენტისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თითქმის 200 ადამიანს დაეხმარა.

ჭიკაძეს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მისია აქვს - ის ეხმარება ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს. 2014 წელს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრებმა მებრძოლს UNWomen-ის პროექტში ჩართვა შესთავაზეს. ის დიდი სიხარულით დათანხმდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობდა და მოზარდებს ლექციებს უკითხავდა თუ რატომ არ უნდა ასწიონ ხელი ქალზე...

გუშინ, 16 იანვარს, გიგა კელვინ კატარს დაუპირისპირდა. კატარმა გასულ წელს მაქს ჰოლოუესთან სასტიკი მარცხი იწვნია და ხანგრძლივი კრიზისი დაეწყო. სპორტის ფანებმა ის ჩამოწერეს და თითქმის არავის სჯეროდა, რომ ის გიგას დაამარცხებდა, თუმცა ამერიკელს სხვა გეგმები ჰქონდა. 5 -რაუნდიან ბრძოლაში მან ჭიკაძე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. თუმცა ჭიკაძე კიდევ უფრო ძლიერი რომ დაბრუნდება, ამაში ეჭვი არავის ეპარება.

ავტორი: ანრი კურტანიძე