საახალწლო დღეების შემდეგ, მსოფლიოს საზოგადოების ინტერესში დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა მოექცა. ე.წ. სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის არსებობა იმან გამოიწვია, რომ რუსეთის სურვილია, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა (ნატო) აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარი დეკლარირებულად თქვას. მათ ეს უპრეცედენტოდ თავხედური მოთხოვნები 2021 წლის ბოლოს წამოაყენეს.
ამ ყველაფერს ფონად უკრაინის საზღვართან დაძაბული ვითარება და რუსული ძალების მობილიზება დაერთო. კრემლის მოთხოვნებს შორის ბალტიის ქვეყნებიდან დასავლეთის ჯარების გაყვანა და რუსეთის საზღვართან სარაკეტო სისტემების განთავსებაზე უარის თქმაცაა.
აშშ-რუსეთისა და ნატო-რუსეთის შეხვედრები მნიშვნელოვანი შედეგებით არ დასრულებულა. რუსეთი ულტიმატუმით ლაპარაკს არ წყვეტს, თეთრი სახლის პრესმდივან ჯენ საკის თქმით კი, ვაშინგტონს მოეპოვება მტკიცებულება ქალაქის პირობებში საბრძოლო მოქმედებისათვის სპეციალურად გაწვრთნილი რუსი მებრძოლების შესახებ, რომლებიც ამზადებენ პროვოკაციებს დონბასში პრორუსული ძალების წინააღმდეგ. პროვოკაციები შეიძლება დაიწყოს სამხედრო მოქმედების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე. თავად რუსეთის სამხედრო შეჭრა კი, სავარაუდოდ, უახლოეს თვეშია მოსალოდნელი. მანამდე ამის თაობაზე განცხადება უკრაინის ოფიციალურმა უწყებებმაც გააკეთეს, კრემლი კი ამ ინფორმაციას უარყოფს. რუსული მხარის მტკიცებით, ისინი საერთაშორისო პრობლემების დიპლომატიურ გადაწყვეტას ამჯობინებენ.
როგორც აშშ-ის, ისე ნატოს მაღალჩინოსნები ხმამაღლა აცხადებენ, რომ რუსეთი ვერ დაუწესებს ნატოს შეზღუდვებს როგორ და რა მიმართულებით გაფართოვდეს. საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრებიო - ბრძანა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერმა ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთ იტალიურ გამოცემასთან.
შეგახსენებთ, ჩანაწერი, რომ საქართველოს და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ გაჩნდა. მას შემდეგ 14 წელი გავიდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამ ხნის განმავლობაში ისეთი ცვლილება მოხდა, რამაც ამ ორგანიზაციასთან მეტად დაგვაახლოვა. შესაბამისად, საინტერესოა, რამ გამოიწვია ვლადიმირ პუტინის ასეთი გააქტიურება? თუმცა, საკითხავია ისიც, რუსეთის ქმედებებში ლოგიკის ძებნა რამდენად შეიძლება.
გიორგი გობრონიძე, ექსპერტი:
"დიდი სახელმწიფოები ბრაზის ნიადაგზე არ მოქმედებენ. გაწერილი გეგმა აქვთ და მას მიჰყვებიან. რუსეთის ფედერაციასაც ეს ნაბიჯი დაგეგმილი ჰქონდა და ამისთვის შესაბამისი დრო შეარჩია. ხოლო რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, ზუსტად არავინ იცის... დასავლეთში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პარტნიორის წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ყველაფერს აკეთებენ, რათა მისი შესრულება მოახერხონ. რუსეთის ფედერაციის მიზანი ნათელია - დაათმობინოს, რათა შემდეგ კიდევ უფრო მეტი მოითხოვოს. ზოგადად, დიპლომატია ულტიმატუმებს არ გულისხმობს, თუმცა მათ უხეში ვაჭრობა სჩვევიათ..."
როცა საქართველოს ევროინტეგრაციის შეფერხებულ პროცესზე ვლაპარაკობთ, შეგვიძლია გავიხსენოთ ქვეყნის შიდა პოლიტიკური პრობლემები და შეუსრულებელი ვალდებულებები, მაგრამ ასევე ჩნდება შეკითხვა, - რამდენად არის დასავლეთი მზად, უფრო აქტიურად იმოქმედოს და ნატოში მიგვიღოს?
გიორგი გობრონიძე ამბობს, რომ ყველაფრის დასავლელ პარტნიორებზე გადაბრალება არასწორია და პირველ რიგში, თავად უნდა გავიაზროთ, თუ რას და რატომ გვავალდებულებენ:
"ქვეყანაში ინტიტუციური დემოკრატია მოიკოჭლებს, ძალიან ბევრი მიმართულებით, უბრალოდ, გაჩერებული ვიყავით. გარდა ამისა, თუნდაც 2008 წლისთვის დაშვებული იქნა მთავარი შეცდომა - არ მიექცა საკმარისი ყურადღება ევროპასთან ურთიერთობას, მაგალითად, იგივე გერმანიასთან არ ვიმუშავეთ საკმარისად და მთელი ჩვენი ყურადღება აშშ-თან კომუნიკაციაზე იყო ორიენტირებული. ახლა გარკვეულწილად, საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ და მის გამოსწორებას ვცდილობთ“.
"დიდი სამუშაოა საჭირო, რათა ნატო-ს მაღალი სტანდარტები დაკმაყოფილდეს. ეს შეეხება საქართველოსაც“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა.
საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება რუსთთან პოლიტიკის აგებას თითქოს უფრო სიმშვიდესა და დიპლომატიაზე ცდილობს. გიორგი გობრონიძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ ეს საკმარისი ვერ იქნება:
"შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთი უკრაინიდან "მეტის ამოღებას“ შეეცდება, საქართველოსთან მიმართებით კი სხვა გეგმა ექნება. ეს არ გამორიცხავს, რომ საფრთხის ქვეშ ვართ. არ დაგვავიწყდეს, რომ 2 ოკუპირებული ტერიტორია გვაქვს. უკეთესად უნდა ვიმუშაოთ... ის, რომ საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებების გზით მიდის, ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა, ამით დადებითი შედეგი როდის მიგვიღია? გავიხსენოთ დაგომისის 1992 წლის ხელშეკრულება, რომელიც ადრინდელი არაერთი შეთანხმების მსგავსად დაარღვია რუსეთმა, გავიხსენოთ ასევე, როგორ აღმოვჩნდით თავის დროზე დსთ-ში და ა.შ.? მოსკოვის საბოლოო მიზანი, რაზეც დღის წესრიგს აგებს, ნათელია - დასავლეთი მთლიანად განდევნოს სამხრეთ კავკასიიდან. მადა ჭამაში მოდისო - რუსეთის ქმედებებს საზღვრები არ აქვს. ყაზახეთის მაგალითზეც ვნახეთ, რა სწრაფად შეუძლიათ იმოქმედონ და ძალები გადაისროლონ იქ, სადაც ინტერესი აქვთ...“
ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" აცხადებს, რომ ბოლო ბასტიონი ჩვენს წინ უკრაინაა და თუ იქ კრემლმა შეასრულა თავისი ჩანაფიქრი, შემდეგ ჩვენ ვიქნებით რიგში.
"დღეს თითქოს არა ვართ მაინცდამაინც ეპიცენტრში, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენც ვართ ფრონტის წინა ხაზზე. მას შემდეგ, რაც ვნახეთ მთელი ეს პროცესები, რაშიც კარგად ჩანს რუსეთის საბჭოთა კავშირის დიდი ნოსტალგია და გარკვეულწილად, მისი აღდგენის ცდაც, ბოლო ბასტიონი ჩვენ წინ არის უკრაინა. თუ იქ რუსეთმა შეძლო თავისი გეგმის შესრულება, ჩათვალეთ, რომ შემდეგ რიგში ჩვენ ვიქნებით. დღეს უკრაინაში წყდება როგორც გლობალური უსაფრთხოების, ისე საქართველოს მომავალი განვითარების საკითხი", - აცხდებს ხუხაშვილი. იხილეთ სრულად
ამ პროცესების პარალელურად, რუსეთი გამუდმებით მოუწოდებს საქართველოს შეუერთდეს "3+3"-ის პლატფორმას, რაც რეალურად "3+2"-ია, რადგან საქართველო მასში გაწევრებას არ აპირებს. "თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ვთხოვეთ საქართველოს "3+3"-ის ფორმატის სარგებელი აუხსნას - საქართველოს ინტერესშია, რომ "3+3"-ის ფორმატს წინა პირობების გარეშე შეუერთდეს", - განაცხადა ამ ორიოდე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
გია ხუხაშვილი:
"რუსეთს კარგად ესმის, რომ მისი გავლენის სფეროში საქართველოს პირდაპირი ინტეგრაცია დღეს მისთვის შეუძლებელია, ამიტომ ცდილობს იმავე შედეგს ბუფერული სისტემის მეშვეობით მიაღწიოს. ამისთვის სჭირდება "3+3"-ის ფორმატი, რომლის სახელწოდებიდანაც კარგად ჩანს, რომ მასში სამი მგელია და სამი ცხვარი...
თუ რუსეთისა და თურქეთის ინტერესები რეგიონში ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ აშკარა და ცხადია, აბსოლუტურად გაუგებარია ამ სივრცეში ირანის მონაწილეობა. ეს ქვეყანა საერთოდ რა შუაშია? აქ არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. მით უფრო, რომ რუსეთთან, ოკუპანტ ქვეყანასთან, რაღაც ინტეგრაციული პროცესის დაწყება, თუნდაც ამას მხოლოდ ეკონომიკური განზომილება ჰქონდეს, ყოვლად მიუღებელია. ლავროვის განცხადებიდანაც ჩანს, რომ რუსეთი ცდილობს არა პირდაპირ დაარწმუნოს საქართველო, არამედ ისეთი ქვეყნების საშუალებით, რომელთაც მეტ-ნაკლებად კარგი ურთიერთობა აქვთ ჩვენთან. საქმე საკმაოდ რთულად არის რეგიონში, რომლის ნაწილიც ხარ, როდესაც ასეთი სისტემები იქმნება, მასში მონაწილეობაზე უარის თქმა არ არის იოლი. ეს, ფაქტობრივად, მაფიოზური წინადადებაა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს, რომ საქართველო აიძულონ ამ სისტემაში მონაწილეობაზე, თუ ჩვენ მანამდე ვერ შევძლებთ დასავლეთიდან ფარისა და დაცვის მიღებას. ამიტომ არის საჭირო ფორსირებულად დასავლეთის საქართველოში ყოფნის ფიქსაცია, რათა თავდასაცავად მეტ-ნაკლებად სერიოზული ქოლგა გვქონდეს. ჩემი აზრით, შესაძლო კატასტროფული სცენარებიდან საქართველოს დაცვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დასავლეთი ჩვენს ქვეყანაში ყოფნას ფიზიკურად დააფიქსირებს. არ ვამბობ, რომ ნატოში ხვალ უნდა მიგვიღონ, ეს, ალბათ, შეუძლებელია, რადგან იქ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი ძალიან რთულია, თუმცა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია, თუნდაც სიმბოლური ნაბიჯის გადადგმა მცირე სამხედრო ბაზის ან რაიმე სხვა სახით. საქართველოში თუნდაც აშშ-ის ყოფნის ფიზიკური დაფიქსირება შესაძლოა მძლავრი ბერკეტი გახდეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაკავებლად. თუ დასავლეთმა ასე გააგრძელა, აი, კარი ხომ ღიააო, მაგრამ ვერ შევდივართ, მაშინ რისკები ძალიან მაღალი იქნება.
სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაც ვერ გამოიყურება ამ ვითარებაში დიდად წელში გამოყვანილად. ისე ჩანს, რომ ჩვენი სახელისუფლებო ელიტა ასეთ პოლიტიკას ატარებს - დიდი ქვეყნები ერთმანეთში რაღაცას იყოფენ, ჩვენ მივყვეთ დინებას და სადაც გაგვრიყავს, იქ ვიქნებითო. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ხელისუფლებას არა აქვს ფასეულობათა მწყობრი სისტემა, ეს სახიფათო ვითარებას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ვერბალურად მუდმივად გამოხატავენ, რომ ჩვენი არჩევანი ევროატლანტიკური სივრცეა, ჩვენში მმართველობითი სისტემა ისეა ფორმირებული, რომ მათ განცხადებებში შეიძლება ეჭვი შეიტანო, რადგან დღეს ქვეყანაში ეს სისტემა რუსულ მოდელზე უფროა აწყობილი, ვიდრე დასავლურზე. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც იბრძოლებს ამ არჩევნისთვის. აგერ უკრაინაში ასეთი მძიმე ვითარების დროს, როდესაც კარგად გვესმის, რომ ჩვენი ბედიც დამოკიდებულია დიდწილად იმაზე, რაც იქ მოხდება, ჩვენი ხელისუფლების ამ მიმართულებით პასიურობა ძალიან მძიმე დასკვნების საფუძველს იძლევა და ადასტურებს იმ შიშს, რომელზეც ვილაპარაკე", - აცხადებს ექსპერტი.
ავტორი: ღვთისავარ ანათაძე