ყველა უნდა შეეცადოს დაიჭიროს წინასწარ თადარიგი - დადექით ოჯახის ექიმებთან აღრიცხვაზე, მოიპოვეთ მათი საკონტაქტო ტელეფონები, დაუკავშირდით ონლაინ -კლინიკას,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ექსპერტების და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში უფრო მარტივი იქნება მომავალში ექიმთან კომუნიკაციის აწყობა.
"პირველადი რგოლისთვის დიდი რაოდენობით მიმართვიანობის პირობებში, ყველა უნდა შეეცადოს, რომ დაიჭიროს თადარიგი. დადექით თქვენს ოჯახის ექიმებთან აღრიცხვაზე, გააკეთეთ პირველადი კომუნიკაცია და მოიპოვეთ მათი საკონტაქტო ტელეფონები. თუნდაც, ონლაინ კლინიკას დაუკავშირდით თავიდანვე, რათა მერე უფრო მარტივი იყოს თქვენთვის მათთან კომუნიკაციის აწყობა", - განაცხადა კულუმბეგოვმა.
მისივე თქმით, გადატანილი ინფექციის მქონე აუცრელ ადამიანებს 5-ჯერ აქვთ გაზრდილი რისკი, რომ ისევ დაავადდნენ, რისკის ქვეშ არიან ორჯერადად აცრილებიც, ყველაზე დაცულები კი ბუსტერ დოზით აცრილები იქნებიან.
"არის გარკვეული მოსაზრება, რომ ვერცერთი ადამიანი ვერ გადაურჩება ამ ტალღას. გადატანილი ინფექციის მქონე ადამიანებს 5-ჯერ აქვთ გაზრდილი რისკი, რომ კვლავ გახდნენ ავად, ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანებიც სამწუხაროდ, მაღალი რისკის წინაშე არიან, ყველაზე მეტად ბუსტერული დოზით აცრილი ადამიანები არიან დაცული. საქართველოში მათი რიცხვი სამწუხაროდ 100 000 -ს არ აღემატება. ძალიან ვთხოვთ კიდევ ერთხელ ჩვენს მოსახლეობას, ვისთანაც გავიდა სამი თვე და მეტი პერიოდი ბოლო ვაქცინიდან, დაიმატეთ მესამე დოზა, ვაქცინა არის ვადიანი, სრულფასოვანი და ამით გექნებათ 80%-ანი გარანტია იმის, რომ მძიმე დაავადება არ განგივითარდებათ“,- განაცხადა კულუმბეგოვმა.
მისი თქმით, "თუ ადამიანს კორონავირუსის ინფექცია გადატანილი აქვს "ალფა", "ბეტა" თუ "დელტა“ ვარიანტით, შეიძლება დაავადების დასრულებიდან მეორე დღეს 50% ჰქონდეს რისკი იმისა, რომ შეხვდეს "ომიკრონი" - დაცვის შესაძლებლობა არის 50/50-ზე.
როგორც მან აღნიშნა, საჭიროა ჰოსპიტალური სექტორის მზაობა და საწოლფონდის მობილიზება.
"დღევანდელი შეხვედრა ეძღვნებოდა იმ რისკებს, რომელიც "ომიკრონის" ტალღასთან დაკავშირებით არსებობს მთელს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც. ეს არის გარდაუვალი მეექვსე ტალღა. რასაკვირველია ერთ რამეზე ვთანხმდებით, რომ ჰოსპიტალიზაციის, სიკვდილობის რისკები "ომიკრონთან" მიმართებით მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ შემცირებულია, შეიძლება მარტივად ითქვას, განახევრებული, მაგრამ თუ ჩვენ შევადარებთ დღევანდელ სიტუაციას, როცა 42 000 ადამიანი გვყავს აქტიური შემთხვევა, 4000- მდე ადამიანს სჭირდება ჰოსპიტალში მოთავსება ანუ 10%, "ომიკრონთან" მიმართებით ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება მინიმუმ 5% და არა მეტი, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მაგრამ თუ დროის მცირე მონაკვეთში დაგროვდება 100 000 და მეტი პაციენტი, ეს 5% ძალიან დიდი რაოდენობით ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე ადამიანში გადაითარგმნება. ამიტომ ძალიან სერიოზული მზაობა და ლოგისტიკური უზრუნველყოფა სჭირდება ქვეყანას ერთი მხრივ, საწოლფონდის მობილიზების და მეორე მხრივ, ჰოსპიტალური სექტორის გაძლიერების კუთხით და პირველადი რგოლი, რომელზეც ძალიან დიდი ყურადღება გამახვილდა“,- განაცხადა კულუმბეგოვმა.