ნანცო ცხვირაშვილი პოპულარული სერიალის აქტიური სახე გახდა - ბაქარ ორჯონიკიძის ცოლია და მისი პერსონაჟის მიმართ მაყურებელს აქამდე არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს... მეტიც - შეიყვარა. მსახიობს მიაჩნია, რომ შარშანდელი, პანდემიურად რთული წელი, მისთვის წარმატებული აღმოჩნდა.
ჩცდ-ში მიიწვიეს, რითაც მის შემოქმედებაში რაღაც ახალი ფანჯარა გაიხსნა - ახალი როლი დაიბადა და ახალი საინტერესო ურთიერთობები გაჩნდა. ნანცოს პროფესია უზომოდ უყვარს, უყვარს ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრიც, სადაც მოღვაწეობს კიდეც.
როგორია ახალი წლის დღეები ქუთაისში, ამ დღესასწაულის შეხვედრის და აღნიშვნის რა ტრადიციები აქვს მსახიობს, რას ფიქრობს სერიალში მის გმირზე, ამაზე და სხვა საკითხებზე AMBEBI.GE-ს თავად ესაუბრა:
- როგორი დღესასწაულია შენთვის ახალი წელი - რა ტრადიციები გაქვს მისი აღნიშვნის და როგორია ქუთაისში ახალი წლის დღეები?
- საახალწლო სამზადისს ერთი თვით ადრე ვიწყებ, რადგან ეს ჩემი უსაყვარლესი რიტუალია. ვყიდულობ ლამაზ ნივთებს, საჩუქრებს ახლობლებისთვის და 10 დეკემბრიდან უკვე ნაძვის ხე მორთული მაქვს. ქუთაისში ისეთი ახალი წელია როგორც თბილ, ლამაზ და პატარა ევროპულ ქალაქებში. წელს, სხვათა შორის, ბევრი ახალი განათება იყო, რომელიც ქუთაისის ქუჩებს ძალიან მოუხდა.
- საახალწლო სამზადისი გიყვარს და მასში აქტიურად ერთვები (სადღესასწაულო კერძებს ვგულისხმობ)?
- ყველა ჩემმა მეგობარმა იცის, სამზარეულოში ფუსფუსი ჩემი განსაკუთრებული გატაცება რომ არის და გამომდის კიდეც, მით უმეტეს, სადღესასწაულოდ. მაგრამ წელს დატვირთული დღეების გამო, ტრადიციის პატივისცემა მხოლოდ გოზინაყის მომზადებით გამოვხატე. გოზინაყი ზუსტად ისეთი გამომდის და ისეთს ვაკეთებ, როგორც "ნუნუკას რეცეპტში" იყო. ამიტომ, სერიალშიც ბუნებრივად გამომივიდა.
- როგორ გააცილე 2021 წელი და რა სურვილებით შეხვდი 2022 წელს?
- მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომელიც დღეს ყველას ერთნაირად გვაწუხებს, გვაშინებს და ცხოვრების წესს გვიცვლის, 2021 წელი ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. გასულმა წელმა შემძინა ბევრი ახალი ურთიერთობა, საინტერესო ადამიანები და შემოქმედებითი პერსპექტივები. ყველაზე მთავარი - ჩემი ახალი პერსონაჟი ყველაზე რეიტინგულ სერიალში. "ბაქარის ცოლი" და "ნუნუკას რძალი" მომავალ სურვილებზე ხმამაღლა, ალბათ, არ ილაპარაკებდა (იცინის)...
- შენი გმირი სერიალში მართლაც კარგად შევიდა, გააქტიურდა კიდეც, თუმცა მას მეუღლე განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს - თავისებური ''წესრიგის'' დამყარება უნდა... მაგრამ ისიც ჩანს, რომ ეს გოგონა არც ისეთი ბუნჩულა და უთქმელია... რას იტყვი?
- ყველა გამოწვევისთვის მზად ვარ. მეტიც, ეს მომწონს კიდეც, როცა არ ვიცი, როგორ განავითარებს ჩემი გმირის ხასიათს სცენარის ავტორი.
- უთანაგრძნობ თუ არა შენს პერსონაჟს?
- წინა სეზონებიდან გამომდინარე, როცა მეც ამ სერიალის ერთ-ერთი მაყურებელი ვიყავი, ბაქარის გმირის ასე განვითარება, ლოგიკურად მიმაჩნდა. რაც შეეხება ჩემი პერსონაჟის მიმართ ჩემივე თანაგრძნობას, ეს უკვე მაყურებლის რეაქციაზეა დამოკიდებული.
- რა შეიცვალა სერიალში შენი გამოჩენით, ადამიანების განწყობას, დამოკიდებულებას ვგულისხმობ... ალბათ, კომპლიმენტებს იღებ... ქუჩაში გცნობენ... რაიმე ამბავიც ხომ არ გაქვს ამ მიმართულებით?
- შეიცვალა მთავარი - ცნობადობა, ის, რაც მსახიობს და ხელოვანს ყველაზე მეტად ახარებს. ქუჩაში, მარკეტში, ტრანსპორტში, ყველგან, სადაც უცხო საზოგადოებას ვხვდები, როგორც ჩემს, ისე სერიალის სხვა პერსონაჟებსაც, როგორც რეალური ცხოვრების ნაწილს, ისე განიხილავენ... თითქოს იკარგება ზღვარი მაყურებელსა და სერიალს შორის. განიცდიან, განსჯიან, აკრიტიკებენ და ეფერებიან. ეს ხანდახან სასიამოვნოა და ხანდახან - მოულოდნელი. ჩემი პერსონაჟის შემთხვევაში ჯერ აგრესია არ ყოფილა.
- ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში მგონი, ახალი როლი გაქვს. მოგვიყევი მასზე, სადაც სიმღერაც გიწევს, ხომ?
- ეს არის ყველასთვის ნაცნობი ზღაპარი "ბრემენელი მუსიკოსები", რომელშიც პრინცესას ვთამაშობ. ახალს ვერ დავარქმევ, უბრალოდ, მისი ჩვენება პანდემიის გამო შეჩერებული გვქონდა. "ბრემენელ მუსიკოსებში" მუსიკა წამყვანია და მეც მომიწია სიმღერა ჩვენს სცენაზე და ეს ჩემი მუსიკალური დებიუტი იყო.
- ქუთაისის ცნობილი თეატრის გარდა ზესტაფონის თეატრის სცენაზეც მოსინჯე ძალები, სადაც მიწვეული მსახიობი იყავი. რა დაგიტოვა ამ თეატრმა პროფესიული კუთხით?
- ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 2013 წლიდან მიწვეულ მსახიობად ვიყავი და იქ 7 წლის მანძილზე, "მესხიშვილის თეატრის" პარალელურად, ბევრი კარგი ადამიანის და გარემოცვის გავლენით, პროფესიული სიმწიფის პერიოდი გავიარე. წლის მანძილზე მინიმუმ 4 სპექტაკლი იდგმებოდა, მოწვეული რეჟისორების კარგი პრაქტიკა არსებობდა და ჩემთვის ეს ყველაფერი სამსახიობო გამოცდილების უნიკალური შანსი იყო.
- რაკი ის თეატრები ვახსენეთ, რომლებიც დედაქალაქის მიღმაა და ისინი იმერეთის რეგიონს ეკუთვნის, როგორია მათი ცხოვრება... ცხადია, პანდემიაში იქაც ჭირს ბევრი რამ, ხომ?
- რეგიონის თეატრებშიც ზუსტად იგივე პრობლემებია, რაც ყველა სხვა თეატრში. ვფიქრობ, თეატრი ის ადგილია, სადაც ცენტრს და პერიფერიას, დედაქალაქს და სხვა ქალაქს, მნიშვნელობა არ აქვს. რადგან თეატრი მაინც ნიჭის ზეიმია და ნიჭს გეოგრაფია არ განსაზღვრავს. „მესხიშვილის თეატრი“ მისი ისტორიით, დიდი თეატრია. ქუთაისის მაყურებელი, ყველა მსახიობისთვის ნამდვილი შემოქმედების განმსაზღვრელი იყო და არის დღესაც. გემოვნებიანია და მომთხოვნი. ვფიქრობ, რომ რაც გვაკლია, ეს მეტი ექსპერიმენტი და თავისუფლებაა. დანარჩენი - ჩვენზეა დამოკიდებული.
- მაყურებელი ალბათ რეგულაციების დაცვით დადის თეატრში, ხომ?
- გაცილებით პასიური და ნაკლები იყო პანდემიამდე მაყურებელი. ამ სეზონზე, კი ყველა ვგრძნობთ, როგორ მონატრებია ხალხს თეატრი. რეგულაციები დაცულია და თვითონ მაყურებელიც ცდილობს, არ დაარღვიოს წესები და მიიღოს შემოქმედებითი სიამოვნება. მთავარია, ჩვენ ვპასუხობდეთ მათ მოთხოვნებს.
- რას უსურვებ შენს მაყურებელს, ჩვენს მკითხველს 2022 წელს?
- პირველი და უმთავრესი, ჩემს ქალაქს, ჩემს ქვეყანას, ვუსურვებ პანდემიის დასრულებას, ეკონომიკურ წინსვლას, დეოკუპაციას და შემოქმედებით გამარჯვებებს საერთაშორისო ასპარეზზე.