ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გადავიდე ყველა ეტაპზე, ყველა დავარწმუნო იმაში, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე ჩემი კანდიდატურა ნამდვილად იმსახურებს და ღირსია, რომ კვლავაც მომეცეს შესაძლებლობა ვუხელმძღვანელო საარჩევნო ადმინისტრაციას, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონკურსის დაწყებამდე განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების წინასწარ შეფასებებსა თუ დასკვნებში ხაზგასმითაა აღნიშნული ის პოზიტიური რეპლიკა, რომელიც არჩევნების ადმინისტრირების კუთხით დადებით შეფასებას ეხება.
მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაზრდილია გამჭვირვალობა, არაერთი სიახლე და სერვისი შესთავაზეს ამომრჩევლებს, რამაც უზრუნველყო სტანდარტის შესაბამისად არჩევნების ჩატარება.
“ჩემი არჩევიდან თითქმის 5 თვე გავიდა და ჩვენ, ძალიან მოკლე პერიოდში მოგვიწია ამ მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელება. თუმცა, რა თქმა უნდა, არც თავის დროზე და არც ახლა ჩემი ხედვები მოკლე ვადებს არ უკავშირდებოდა. მე მაქვს საკმაოდ გრძელვადიანი ხედვები და ჩემი ხელახალი არჩევის შემთხვევაში, თუ მომეცემა შესაძლებლობა, გვაქვს გრძელვადიანი გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა გადავიდეს საარჩევნო ადმინისტრაცია და ინსტიტუცია განვითარების ახალ ეტაპზე და როგორ უნდა განხორციელდეს შემდგომი ტრანსფორმაცია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავარწმუნო კომისიის წევრები, რომ ჩემი კანდიდატურა არის მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატურა, რომელიც შეძლებს, 5 თვის წინ დაწყებული ინერცია გაგრძელდეს იგივე შემართებითა და ენერგიით”, - აცხადებს კალანდარიშვილი.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ საკონკურსო კომისიაში არ მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, ბუნებრივია, ყოველთვის არსებობდა და იარსებებს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროცესის მიმართ ლეგიტიმაციის ხარისხი დაბალია ან ამ მხრივ რაიმე გავლენა შეიძლება მოხდეს. კალანდარიშვილის თქმით, მესამე სექტორის შეფასებები ჯანსაღი პროცესის ნაწილია და ცესკო-ს თავმჯდომარეობის პოზიციაზე მისი ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, ეს შეფასებები არანაირ გავლენას არ იქონიებს მათთან შემდგომი თანამშრომლობის გაგრელების მხრივ.